როგორ გავყიდოთ პროდუქტი მარკეტფლეისზე?
08 მაისი, 2025
თუ ონლაინ გაყიდვებით ხართ დაკავებული ან აპირებთ, ალბათ, მარკეტფლეისებზე აქტიურად ფიქრობთ. ამ პლატფორმებზე პროდუქციის განთავსება დღეს უკვე ჩვეულებრივი და ხშირად აუცილებელი ნაბიჯია. თუმცა, მარკეტფლეისზე გაყიდვა მხოლოდ “ატვირთე და დაელოდე” პრინციპით არ მუშაობს. წარმატებული გაყიდვებისთვის ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, დაწყებული სწორი პლატფორმის არჩევით, დამთავრებული გასაყიდი ფასის გამოთვლით.
ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ დამეგობრდეთ მარკეტფლეისებთან და როგორ უზრუნველყოთ მოგება ისე, რომ მომხმარებელიც არ დააფრთხოთ.
მარკეტფლეისი – მარტივი ონლაინ მაღაზია
მარკეტფლეისები, მარტივად რომ ვთქვათ, ის სივრცეა, სადაც უკვე შეკრებილნი არიან პოტენციური მყიდველები. თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი საიტის ან აპლიკაციის გაკეთება. უბრალოდ, რეგისტრირდებით პლატფორმაზე, ატვირთავთ პროდუქტს და იწყებთ გაყიდვებს.
საქართველოში და გლობალურად ყველაზე საინტერესო მარკეტფლეისებია:
Veli.store – ახალი თაობის ქართული პლატფორმა, რომელიც გამყიდველებს სთავაზობს მარტივ ინტერფეისს, ავტომატიზებულ სისტემებს და ბევრ ხელსაყრელ მახასიათებელს, რაც პროცესს ამარტივებს. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სწრაფად დაიწყოს გაყიდვები თანამედროვე დიზაინის სივრცეში.
MyMarket – ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული ქართული პლატფორმა, რომელიც მრავალფეროვანი კატეგორიების მქონე პროდუქტებს აერთიანებს.
Extra.ge – პლატფორმა, რომელიც აერთიანებს როგორც ბრენდულ, ისე მეორად ნივთებს. გამოირჩევა მარტივი რეგისტრაციით და დიდი აუდიტორიით, რაც ხელსაყრელია როგორც მცირე ბიზნესებისთვის, ასევე ინდივიდუალური გამყიდველებისთვის.
Etsy – საერთაშორისო ბაზარი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ხელნაკეთი, უნიკალური ან ავთენტური ნივთების გაყიდვისთვის. ქართულმა პროდუქტებმა არაერთხელ მიიპყრო უცხოელების ყურადღება სწორედ Etsy-ზე.
Amazon – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარკეტფლეისი. აქ შესვლა უფრო რთულია და კონკურენცია მაღალია, თუმცა სწორი სტრატეგიით წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
eBay – პლატფორმა, სადაც იყიდება თითქმის ყველაფერი – ახალი და მეორადი ნივთები, უნიკალური კოლექციები და ა.შ. გამოდგება როგორც მასშტაბური, ისე მცირე რაოდენობის პროდუქციის გასაყიდად.
როგორ შევარჩიოთ სწორი პლატფორმა?
სწორი მარკეტფლეისის შერჩევა თქვენი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ყველა პლატფორმა ერთი და იგივე არ არის – თითოეულს თავისი აუდიტორია, წესები და სპეციალიზაცია აქვს. იმისთვის, რომ თქვენი პროდუქტი მაქსიმალურად გამოირჩეოდეს, გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:
თუ თქვენ ხართ დამწყები და გსურთ მარტივად და სწრაფად დაიწყოთ გაყიდვები ქართულ სივრცეში, Veli.store კარგი არჩევანია. ის მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით და ინოვაციური მიდგომებით გამყიდველებს სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც არც რთულია და არც დამაბნეველი. განსაკუთრებით კარგი არჩევანია იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც ტრენდულია, ვიზუალურად მიმზიდველი და აქტიური სოციალური ქსელებიდანაც მოსალოდნელია ინტერესი.
თუ გსურთ გაფართოვდეთ ადგილობრივ ბაზარზე და თქვენი პროდუქცია დიდმა მასებმა იხილონ, MyMarket ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი პლატფორმაა. აქ ყიდულობენ თითქმის ყველაფერს, ტექნიკიდან დაწყებული, საბავშვო ნივთებითა და ავეჯით დასრულებული. თუ პროდუქტი ფართო მოხმარებისთვისაა, ეს პლატფორმა ნამდვილად გამოგადგებათ.
თუ გსურთ გაყიდოთ როგორც ახალი, ისე მეორადი ნივთები და მიაღწიოთ ფართო აუდიტორიას, Extra.ge კარგი არჩევანია. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ გაყიდოთ მრავალფეროვანი პროდუქტები, დაწყებული ტექნიკით, დასრულებული ტანსაცმლით. მარტივი რეგისტრაცია და მყიდველების აქტიური ბაზა დაგეხმარებათ სწრაფად მიაღწიოთ შედეგებს.
თუ გაქვთ ხელნაკეთი ან უნიკალური პროდუქტი, რომელსაც უცხოელი მყიდველების ყურადღების მიქცევაც შეუძლია, Etsy არის იდეალური პლატფორმა. აქ მომხმარებელი სპეციალურად ეძებს ორიგინალურ, ხელით დამზადებულ ან ავთენტურ ნივთებს. ქართული სამკაული, ტექსტილი, დეკორაცია – ყველაფერი, რაც ტრადიციასა და ინოვაციებს აერთიანებს, იდეალურად იყიდება Etsy-ზე.
თუ მზად ხართ საერთაშორისო მასშტაბით მასობრივად გაყიდოთ, მაგალითად, ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების საგნები ან სპეციალიზებული პროდუქტები, Amazon უდიდესი და კონკურენტული სივრცეა. დასაწყებად დაგჭირდებათ მეტი რესურსი და სტრატეგია, თუმცა წარმატების შემთხვევაში მოგებაც მნიშვნელოვნად იზრდება.
თუ გაქვთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს როგორც აუქციონის ფორმატით, ისე ჩვეულებრივი გაყიდვით, ან გსურთ ერთჯერადი, სეზონური, ან შეზღუდული რაოდენობით გაყიდვები უცხოურ ბაზარზე, eBay შესანიშნავი პლატფორმაა. აქ მომხმარებლები ეძებენ იშვიათ ნივთებს, სპეციფიკურ კატეგორიებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმები უბრალო მაგალითია, რა თქმა უნდა, მათ გარდა უამრავი სხვა სივრცე არსებობს, სადაც ნივთების გაყიდვა შეგიძლიათ. მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, ჰკითხეთ თქვენს მეგობარ მეწარმეებს, დაიხმარეთ ხელოვნური ინტელექტი და მხოლოდ ყველა პლატფორმის შესწავლის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
ონლაინ სივრცის შერჩევისას გაითვალისწინეთ:
- სად იყრის თავს თქვენი სამიზნე აუდიტორია?
- რამდენად მარტივია პროდუქტის ატვირთვა და მართვა?
- როგორია საკომისიო სისტემა და დამატებითი ხარჯები?
- გთავაზობთ თუ არა პლატფორმა ანალიტიკასა და მარკეტინგულ მხარდაჭერას?
სწორი პლატფორმის შერჩევა ნიშნავს გაყიდვების პროცესის გამარტივებას – რაც მეტად მორგებული იქნება თქვენი პროდუქტი პლატფორმის აუდიტორიაზე, მით უკეთესი შედეგები გექნებათ.
მარტივი რჩევები
როცა მარკეტფლეისზე გაყიდვას იწყებთ, მთავარი მხოლოდ პროდუქტის ატვირთვა არაა. გაყიდვების წარმატება ხშირად პატარა დეტალებზეა დამოკიდებული. ეს პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების დადებაში:
- დააწესეთ კონკურენტული ფასი, მაგრამ გაითვალისწინეთ ყველა ხარჯი – პლატფორმის საკომისიო, ტრანსპორტირება, შეფუთვა და ა.შ. ეს თემა ამ ბლოგში როგორ დავადოთ პროდუქტს ფასი დეტალურად გვაქვს განხილული.
- გამოიყენეთ ხარისხიანი ფოტოები – კარგი ფოტოების გადაღება მობილური ტელეფონითაც შეიძლება, მთავარია გამოაჩინოთ პროდუქციის ყველა დეტალი, რათა მომხმარებელმა ვიზუალურადაც მიიღოს სრული ინფორმაცია
- დაწერეთ დეტალური და გასაგები აღწერა – უპასუხეთ კითხვებს, რაც მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს - რა მასალისგან არის? რა ზომისაა? როგორ გამოიყენება? და ა.შ.
- უპასუხეთ კითხვებს დროულად და თავაზიანად – მომხმარებლებს მოსწონთ კომუნიკაცია და სწრაფი პასუხები. ეს ქმნის ნდობას და ზრდის შანსს, რომ სწორედ თქვენგან იყიდონ ნივთი.
- დაამატეთ პროდუქტის რეგულარული განახლებები – ახალი ფოტო, ახალი აღწერა ან ფასდაკლება შეიძლება თვალშისაცემი გახდეს და მეტი მყიდველი მოიზიდოთ.
- მოითხოვეთ შეფასებები და გამოხმაურება – პოზიტიური ფიდბექი ზრდის თქვენს რეიტინგს და ამარტივებს მომდევნო გაყიდვებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, გაყიდვაში წარმატება დეტალების გათვალისწინებით მოდის. როცა თქვენი პროდუქტი მიმზიდველად არის წარმოდგენილი, ფასიც სწორად არის დათვლილი და მომხმარებელთან კომუნიკაცია მეგობრულია, შედეგიც არ დააყოვნებს.
მარკეტფლეისებზე გაყიდვა შეიძლება იყოს თქვენი ბიზნესის სწრაფი განვითარების დასაწყისი. არ გჭირდებათ ვებსაიტის შექმნა ან რეკლამისთვის დიდი ბიუჯეტი. მთავარია, სწორად აირჩიოთ პლატფორმა, გააკეთოთ პროდუქტის კარგი პრეზენტაცია და არ დაკარგოთ კომუნიკაცია მომხმარებელთან.
დაიმახსოვრეთ: თითოეული პლატფორმა თავისებურია და რაც ერთ მარკეტფლეისზე მუშაობს, სხვაზე შეიძლება არ იმუშაოს. ამიტომ, სცადეთ, გაბედეთ ექსპერიმენტებიც და ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს მომხმარებელს. ასე უფრო სწრაფად გაიგებთ, რა მუშაობს და როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ გაყიდვები. ხოლო თუ ამანათების გადაზიდვა დაგჭირდათ, Onway, პირველი ციფრული საკურიერო კომპანია, მზადაა დაგეხმაროთ.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!