საფეხბურთო კლუბი ,,ონვეი”

საფეხბურთო კლუბი ,,ონვეი”


ონვეის საფეხბურთო გუნდის ისტორია და სამომავლო გეგმები

ონვეიში ყოველთვის ვცდილობთ ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერას და გუნდურობის კულტურის განვითარებას. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი საფეხბურთო გუნდი, რომელიც 2023 წელს შეიქმნა და უკვე რამდენიმე სეზონია, რაც მასტერ ლიგის ყველაზე საინტერესო და კონკურენტუნარიან გუნდებს შორის იმყოფება. ეს შეჯიბრი მოყვარულ თუ ვეტერან ფეხბურთელებს აერთიანებს და მასში ყოველწლიურად სხვადასხვა კომპანის ასობით გუნდი იღებს მონაწილეობას.

ჩვენმა საფეხბურთო გუნდმა ბოლო სეზონი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა – 16 მატჩიდან 14 გამარჯვება, 76 გატანილი გოლი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი. თუმცა, ეს მიღწევები მხოლოდ დასაწყისია. ინტერვიუში გუნდის ახალი მწვრთნელი, გიორგი ჩაფიძეს და კაპიტანი, დავით ქარსელაძე, გვიყვებიან გაგვაცნობენ თავიანთ ხედვებს, გეგმებსა და გუნდის ისტორიას.


მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჩაფიძე

როგორ გახდით ონვეის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი?

- განვლილ სეზონში თვალყურს ვადევნებდი ონვეის გუნდს, რადგან მათი სწრაფი და ლაღი თამაში ჩემს ყურადღებას იპყრობდა. სეზონის დასრულების შემდეგ დავით ქარსელაძე დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, რადგან მივხვდი, რომ სპორტული თვალსაზრისით ერთი სივრციდან ვიყავით. ამიტომ, სწრაფად დავთანხმდი გუნდში ჩართვას.

რა გრძნობაა ახალ გუნდთან მუშაობა, რომელსაც უკვე აქვს წარმატების ისტორია?

- ნამდვილად წარმატებულ გუნდს შევუერთდი, რაც ერთდროულად მოტივაციაცაა და გამოწვევაც. ჩვენი მიზანია, მინიმუმ შევინარჩუნოთ უკვე მიღწეული და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შედეგები. მცირე ცვლილებები შევიტანეთ გუნდის სტრუქტურაში, თუმცა საერთო ხედვას არ ვცვლით.

რა როლი უკავია კომპანიის კულტურას გუნდის იდენტობისა და მოედანზე შედეგების ჩამოყალიბებაში?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან ონვეიზე ბევრი არაფერი ვიცოდი და მხოლოდ საფეხბურთო კუთხით ვუყურებდი, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ კომპანიისა და გუნდის ფილოსოფია სინთეზურად არის დაკავშირებული. ბექამ და დავითმა ამიხსნეს, როგორ უძღვებიან კომპანიას და გუნდს ერთად. ეს ძალიან მომეწონა, რადგან მათი ღირებულებები და მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

ახლა, როცა შემოდგომის სეზონი დგას წინ, რა არის გუნდის მთავარი მიზნები? რაიმე განსაკუთრებული სტრატეგიები ან ახალი სავარჯიშო რეჟიმი გაქვთ?

- 1 წლიანი გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც სეზონის ბოლომდე მიგვიყვანს. როგორც კომპანიები გეგმავენ ბიუჯეტს, ისე ავაწყვეთ ჩვენი გუნდის გეგმაც ონვეის მენეჯმენტთან ერთად. რა თქმა უნდა, საჭიროებისამებრ შევიტანთ ცვლილებებსა და განახლებებს შედეგებიდან გამომდინარე.

რა არის თქვენი მოლოდინი და იმედები სუპერთასის თამაშზე?

- ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც სპორტს განსაკუთრებულ ადგილი უჭირავს. ისინი მოედანზე თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში. ეს გვეხმარება საუკეთესო შედეგების მიღწევაში, ამიტომ ამჯერადაც მოლოდინი მხოლოდ ერთი მაქვს – მაქსიმალურად მაღალი მიზნებისთვის ვთამაშობთ, სხვა არ განიხილება.



კაპიტანი, დავით ქარსელაძე

როგორია იყო გუნდის ლიდერი და რა პასუხისმგებლობებს განიჭებთ ეს როლი?

- გუნდის კაპიტნობა დიდი ტვირთია. ეს არის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთლიანი გუნდისა და მწვრთნელის წინაშე. ფაქტობრივად, ეს დიდი მისიაა, რომელიც მოითხოვს მუდმივ მზადყოფნასა და მოტივაციას.

გუნდის პირველი ნაბიჯებიდან დღემდე რა შეიცვალა ყველაზე მეტად?

-თავიდან ბევრს არ სჯეროდა ჩვენი წარმატების. პირველ წელს ფინალში დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ წელს ჩემპიონები გავხდით. მესამე სეზონზე კი უკვე ლიდერებში ვართ ახალი, მოტივირებული ფეხბურთელებით, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავდადებით და მიზნისკენ სწრაფვით.

რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გუნდისთვის ამ დრომდე?

- რა თქმა უნდა, შარშანდელი სეზონის ჩემპიონატი. ეს იყო პირველი ტიტული, რომელსაც დიდი შრომის ფასად მივაღწიეთ. ეს მომენტი ყველასთვის განსაკუთრებული იყო.



2025 წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი გუნდისთვის. გაზაფხულის სეზონი წარმატებით დავიწყეთ – პირველი 4 მატჩიდან ოთხივე გამარჯვებით დავასრულეთ, რაც 12 ქულით მასტერ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გვამყოფებს. ჯერ არცერთი მარცხი არ გვაქვს, რაც კიდევ მეტად გვაძლიერებს და ახალ მიზნებს გვისახავს.



ჩვენი საფეხბურთო გუნდი არა მხოლოდ წარმატებული შედეგებით, არამედ გუნდურობისა და ერთიანობის სულისკვეთებით გამოირჩევა. ჩვენი ბიჭების მიზანია, კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა და უფრო ძლიერი გუნდის შექმნა. სუპერთასის თამაშში გამარჯვებისკენ გზა მხოლოდ დასაწყისია – წინ მრავალი საინტერესო გამოწვევა გველის, რომელიც, უდავოდ, მხოლოდ უფრო მეტად გაგვაძლიერებს.


ლინკის დაკოპირება