,,ონვეი” მასტერ ლიგა 1-ზე და ახალი მწვრთნელი
,,ონვეის” საფეხბურთო გუნდი ახალ სეზონს გამარჯვებებით იწყებს. სეზონის პირველი მატჩი 15 აპრილს გაიმართა, სადაც ,,ონვეი” „ინტერსპორტს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 2:6, რაც გუნდისთვის სეზონის სტარტზე მნიშვნელოვანი განაცხადი იყო.
გოლები ლაშა ნანობაშვილმა, თორნიკე შუბითიძემ, თემო გოგრიჭიანმა, ნიკოლოზ ნაზარიშვილმა (დუბლი) და ვახო ცანავამ გაიტანეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი დასახელდა თემო გოგრიჭიანი, რომელმაც გუნდს განსაკუთრებული ენერგია შესძინა.
ეს გამარჯვება გუნდისთვის მხოლოდ სპორტული შედეგი არ ყოფილა. მატჩი სიმბოლურად მიეძღვნა გუნდის თანადამფუძნებელს, ბექა გოგოლაშვილს, რომელმაც ახლახან მუხლის მენისკის ოპერაცია ჩაიტარა. გუნდი უსურვებს მას სწრაფ გამოჯანმრთელებას და მოედანზე მალე დაბრუნებას, იქ, სადაც მისი ადგილი ყოველთვის არის.
22 აპრილს „ბრიტანიასთან“ გამართულ მატჩში კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ - 5:2. გოლები გაიტანეს გელა აბულაძემ, ვახო ცანავამ (დუბლი), გიორგი ხარებაშვილმა და ლაშა ნანობაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ვახო ცანავა დასახელდა, რომელმაც ორი გოლით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნაკრების გამარჯვებაში. ზედიზედ მეორე გამარჯვება ნათლად აჩვენებს, რომ გუნდი სეზონს ძლიერ ფორმაში და მკაფიო მიზნებით შეხვდა.
ამ გამარჯვებებს წინ მნიშვნელოვანი სიახლე უძღოდა - გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. ამ პოზიციას იკავებს ნაკრების ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ქარსელაძე, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თავადაც მოედანზე იდგა და კაპიტნის სტატუსით ლიდერობდა გუნდს.
დავითისთვის ეს როლი ახალია, თუმცა გუნდი - არა. მისი გამოცდილება, თამაშის ხედვა და ლიდერობის უნარი უკვე არაერთხელ გახდა წარმატების საფუძველი. ახლა კი ეს ყველაფერი ახალ ეტაპზე გადადის, მწვრთნელის ამპლუაში, სადაც მისი მთავარი მიზანი ნაკრების პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევაა.
ახალ სეზონზე ონვეი მასტერ ლიგა 1-ში ასპარეზობს, ლიგაში, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია. თუმცა, გუნდის მიზანი უცვლელია - ჩემპიონობა.
მანამდე ნაკრების კაპიტანი იყავით, ახლა კი მწვრთნელის როლში ხართ. როგორ შეცვალა ამან თქვენი ხედვა თამაშის მიმართ და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?
,,როდესაც მოედანზე ხარ, იმდენად ვერ აკონტროლებ გუნდის პრობლემებს, როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ. ახლა, როდესაც 100 პროცენტით გარედან მიწევს გუნდის ხილვა, უკეთ დავინახე ის ნაკლოვანები, რომლებიც გვაქვს და ვცდილობთ ყოველ შეკრებაზე გამოვასწოროთ.”
როგორც ადამიანი, რომელიც გუნდის შიდა სამსზარეულოს იცნობს, როგორ დაახასიათებდით დღეს ,,ონვეის” თამაშის სტილსა და იდენტობას?
,,ახლა გუნდი უფრო მეტად ტაქტიკურ, ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთის სტილზე წავიყვანეთ, რადგან ეს სპორტი გულშემატკივრებისთვისაა და მათ კარგი თამაშის ხილვა სურთ. შედეგთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ თამაში მეტად სანახაობრივი იყოს. ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს. მომზადებაშია პრობლემა, რადგან ცოტა დრო გვქონდა.”
რა მთავარი ცვლილებების ან გაუმჯობესებების დანერგვას გეგმავთ გუნდში ახალი პოზიციიდან?
,,ძირითადად, ტექნიკურ-ტაქტიკურ თამაშს ვხვეწთ, რესურსების სწორად გამოყენება და ყველა მოთამაშის ინდივიდუალური შეფასება გუნდის წარმატებისათვის.”
სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შედეგი გუნდის განწყობისა და თავდაჯერებულობისთვის?
,,სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოლოგიური წნეხის გადატანაში გეხმარება. რადგან მასტერ ლიგა 1-ის პირველი სეზონია უმაღლეს ლიგაში, სხვა ფსიქოლოგიური წნეხია, რაც ბიჭებმა გადალახეს.”
მასტერ ლიგა 1-ში ასპარეზობთ და მიზანი ჩემპიონობაა. თქვენი აზრით, რა იქნება ის გადამწყვეტი ფაქტორები, რაც გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება?
,,უმაღლესი 1 ლიგა გუნდისთვის ახალი ხილია. როგორც იცით, ჩვენ უკვე ყველა დაბალი ლიგა მოვიგეთ, ამიტომ გუნდი ისეთი მოთამაშეებისგან შევკარით, რომლებსაც გაათმაგებულად სურთ ამ ლიგის ჩემპიონობის ზეიმის სიხარული. სწორედ ეს ფსიქოლოგიური მომენტი, მონდომება, მიზანსწრაფულობა იქნება ის ფაქტორები, რომელიც ვფიქრობთ, რომ წარმატებას მოგვიტანს.”
,,ონვეის” ნაკრები ახალ სეზონს ერთიანობით, გამოცდილებითა და მკაფიო მიზნებით იწყებს. ახალი მწვრთნელი, წარმატებული სტარტი და ძლიერი გუნდი - ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ეს სეზონი განსაკუთრებული იყოს.
წინ კიდევ ბევრი მატჩია. მიზანი კი ერთი - ჩემპიონობა.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!