Onway - ქუთაისის ფილიალი
ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონული ფილიალების გაცნობას. ამ სერიაში გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ თითოეული ამანათი სწორ დროს სწორ მისამართზე აღმოჩნდეს.
ამჯერად ქუთაისში გეპატიჟებით. ქალაქში, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება, ერთმანეთის მიმართ ნდობა და გუნდური ურთიერთობა ყოველდღიური მუშაობის საფუძველია.
გამოცდილება, რომელიც სტაბილურ სერვისს ქმნის
ქუთაისის ფილიალს თორნიკე თევზაძე ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე 7 წელია ,,ონვეის” გუნდის ნაწილია.
მისი თქმით, თბილისსა და ქუთაისს შორის მთავარი განსხვავება სამუშაოს მასშტაბია. დედაქალაქში გაცილებით მეტი ამანათი და მომხმარებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონში პასუხისმგებლობა ნაკლებია.

ქუთაისის ფილიალი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპერატიული ცენტრის როლს ასრულებს. სწორედ აქ ხდება ასობით გზავნილის ყოველდღიური მიღება, დახარისხება და კოორდინაცია, რათა მომხმარებელმა მომსახურება იმავე ხარისხით მიიღოს, რასაც ,,ონვეისგან” ელოდება.
თორნიკე ამბობს, რომ მათი გუნდის მთავარი ხასიათი მეგობრული ურთიერთობებია. ასეთი გარემო მხოლოდ სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს შექმნას არ ემსახურება, ძლიერი გუნდური კომუნიკაცია ყოველდღიურ პროცესებსაც უფრო სწრაფსა და გამართულს ხდის, რაც საბოლოოდ მომხმარებლის გამოცდილებაზე აისახება.
თორნიკესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის სანდოობაა. სანდოობა სწორედ ის ღირებულებაა, რომელიც ლოგისტიკაშიც ყველაზე ძვირფასია. როდესაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია ერთმანეთისა და საკუთარი პასუხისმგებლობის იმედი ჰქონდეს, მთელი პროცესიც გაცილებით ეფექტურია.
რა თქმა უნდა, ყოველდღიურობას იუმორიც ახლავს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მომხმარებელმა საკუთარ ამანათს სასწრაფო დახმარების მანქანით მოაკითხა.
კურიერები - ,,ონვეის” სახე მომხმარებელთან ურთიერთობისას
მომხმარებლისთვის ,,ონვეი” ყველაზე ხშირად სწორედ კურიერთან შეხვედრით იწყება და სრულდება. ამიტომ თითოეული მიწოდება კომპანიის რეპუტაციის ნაწილიცაა.
ბექა ახვლედიანი უკვე ოთხი წელია ქუთაისის ქუჩებში ყოველდღიურად გადაადგილდება. მისი სამუშაო დღე საშუალოდ 100 კილომეტრს მოიცავს.
კურიერის სამუშაო მხოლოდ მისამართის პოვნა არ არის. ის ყოველდღიურად მართავს საკუთარ მარშრუტს, ურთიერთობს ათობით ადამიანთან და წარმოადგენს იმ სახეს, რომელსაც მომხმარებელი ,,ონვეისთან” აკავშირებს.
ბექასთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი ანტონ კათალიკოსის ქუჩაა. არა განსაკუთრებული არქიტექტურის, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების გამო.
„იქ ყოველთვის განსაკუთრებულად თავაზიანი მომხმარებლები მხვდებიან.“ - ამბობს ის.
განსაკუთრებული სიხარულით კი სოფელ გეგუთში ერთ-ერთ მომხმარებელთან მიდის, რომელიც ყოველი ვიზიტისას ტკბილეულით უმასპინძლდება.
დავით ასათიანი უკვე სამი წელია იმავე საქმეს აკეთებს - ყოველდღიურად ზრუნავს, რომ ამანათები დროულად ჩავიდეს ადრესატამდე.
მისი სამუშაო დღე საშუალოდ 80-100 კილომეტრს მოიცავს. დავითის საყვარელი მარშრუტი აღმაშენებლის გამზირია - ორმხრივი მოძრაობა მუშაობას ამარტივებს და მომხმარებლებთან მისვლასაც უფრო სწრაფად ახერხებს. ასეთი პრაქტიკული ცოდნა, რომელიც კურიერებს ქალაქზე წლების განმავლობაში უგროვდებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს მიწოდების დროს და პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის.
განსაკუთრებული ხალისით კი ყოველთვის ერთ-ერთ მუდმივ მომხმარებელთან, ქალბატონ ლიასთან, მიდის, რომელიც მას მუდამ ხალისიადან ხვდება.
ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ისტორიაც სწორედ მიწოდებას უკავშირდება. ერთხელ მომხმარებელი ბუდე-საქანელას ელოდებოდა, მაგრამ შეცდომით ცემენტის საზელი აპარატი მიუვიდა. ასეთ შემთხვევებში მთავარი სწრაფი რეაგირება და პრობლემის დროული გამოსწორებაა - ის, რაც ყოველდღიური ოპერაციების განუყოფელი ნაწილია.
ყველაფერი იწყება მომხმარებელთან კომუნიკაციით
სანამ ამანათი კურიერის მანქანაში მოხვდება, მის სწორ გადაადგილებაზე ოფისის გუნდი ზრუნავს. ბაია ქობულაძე უკვე ორი წელია ქუთაისის ფილიალში ოპერატორად მუშაობს. მისი თქმით, ყველაზე დატვირთული მომენტები მაშინ დგება, როდესაც მომხმარებელთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ერთი შეხედვით ეს პატარა დეტალია, თუმცა სწორედ დროული კომუნიკაცია განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მოხდება მიწოდება და რამდენად შეუფერხებლად იმუშავებს მთელი ოპერაციული პროცესი.

ყველაზე ხშირად ერთი კითხვა ესმის - „როდის ჩაბარდება ჩემი ამანათი?“ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა მომხმარებლის ნდობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ოპერატორის როლი ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია. ის კოორდინაციას უწევს პროცესებს, რომლებიც საბოლოოდ წარმატებულ მიწოდებად გარდაიქმნება.
ბაიას თქმით, ქუთაისის გუნდს საკუთარი სლოგანი რომ ჰქონდეს ასეთი იქნებოდა - „ყოველი გზავნილი ჩვენი პასუხისმგებლობაა.“ ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს იმ დამოკიდებულებას, რომლითაც გუნდი ყოველდღიურად მუშაობს.
ქუთაისის ფილიალის გუნდი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ხარისხიანი საკურიერო მომსახურება მხოლოდ სწრაფი გადაადგილება არ არის. ის იწყება პასუხისმგებლობით, გრძელდება ერთმანეთის ნდობით და სრულდება იმ გამოცდილებით, რომელსაც მომხმარებელი თითოეული წარმატებული მიწოდებისას იღებს. სწორედ ასეთი გუნდების წყალობით ემსახურება ,,ონვეი” მომხმარებლებს მშვიდად, პროფესიონალურად და იმ პასუხისმგებლობით, რომელიც თითოეულ გზავნილს ახლავს თან.