გიორგი ვაზაგაშვილი - საწყობის ცვლის მენეჯერი
გაიცანით გიორგი ვაზაგაშვილი.
საწყობის ცვლის მენეჯერი, უკვე 2 წელზე მეტია ზრუნავს, რომ ამანათები სწორ რიტმში გადაადგილდეს და საწყობის ყოველდღიური დინამიკა შეუფერხებელი იყოს.
მისი სამუშაო დღე სწრაფია, ენერგიული და ხანდახან გადატვირთულიც, თუმცა, სწორედ ეს ტემპი მოსწონს. ერთადერთი, რაც არ უყვარს, ის შემთხვევებია, როცა ამანათი მასზე ადრე მიდის სახლში.
სამსახურის შემდეგ გიორგის განტვირთვის მეთოდები ასეთია - ფეხბურთი, FIFA, ოჯახთან ერთად სეირნობა და შვილიკოსთან თამაში.
ამბობს, რომ შვილის სიცილი ნებისმიერ დაღლილობას წამებში აქრობს და, ალბათ, სწორედ ეს აძლევს იმ სიმშვიდეს, რომელიც დატვირთულ დღეებს უბალანსებს.
ბევრმა არ იცის, რომ ადრე გიორგი პროფესიონალური ფეხბურთით იყო დაკავებული, ხშირად ხუმრობს ხოლმე, ბურთსა და ამანათებს ერთნაირად ვაკონტროლებო.
ფეხბურთის სიყვარული დღემდე უცვლელია და ამჟამად, ონვეის საფეხბურთო გუნდში იკავებს მოწინავე პოზიციებს.
წელს მასტერ ლიგისა და 7x7 ფეხბურთის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიაზე მასტერლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაშიც მოხვდა და გაიმარჯვა ნომინაციაში Fair Play Respect.
ეს ჯილდო მის სამართლიან თამაშს, პატიოსნებასა და გუნდურ სულისკვეთებას უსვამს ხაზს, იმავე თვისებებს, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაშიც ავლენს.
ცხოვრებაში ერთმა რთულმა ტრავმამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა - ყოველთვის უნდა გქონდეს „გეგმა B“. სწორედ ამ დამოკიდებულებამ ჩამოუყალიბა მოქნილობა და სიმტკიცე, რაც მის სამუშაო პროცესშიც კარგად ჩანს.
სისწრაფე და სანდოობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც თავს ,,ონვეის" ამსგავსებს. გუნდში კი ყველაზე მეტად ერთმანეთის მხარდაჭერა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა უყვარს.
საწყობის საუკეთესო თანამშრომლად თამაშის პერსონაჟის არჩევა, რომ შეეძლოს, გიორგი არჩევანს სონიკზე შეაჩერებდა - იმდენად სწრაფია, რომ რამდენიმე წუთში ყველაფერს მიხედავდაო.
პატარა რჩევაც დაგვიტოვა მათთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობა სურს - ,,შეიარაღდით პასუხისმგებლობითა და პოზიტიური განწყობით! ჩვენთან მუშაობა ენერგიულ ტემპს მოითხოვს, თუმცა გუნდური ერთიანობა და იუმორი ყველაზე დატვირთულ დღეებსაც კი სასიამოვნო თავგადასავლად აქცევს''
ბევრი წარმატება და გამარჯვება ვუსურვოთ გიორგის.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!