“თავიდანვე ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ლოგისტიკა ისე გამართულად გვემართა, მომხმარებლებს ამაზე ფიქრი არც დასჭირვებოდათ. საუკეთესო ლოგისტიკური ოპერაციები სწორედ ის არის, რომლის არსებობასაც მომხმარებელი ვერ ამჩნევს. თუ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, ესე იგი, Onway სწორად მუშაობს. პირველივე დღიდან გვინდოდა ლოგისტიკის ახალი სტანდარტის დანერგვა, სადაც მიწოდება შეუმჩნევლად და უკომპრომისოდ წარიმართებოდა. მაგრამ ამ ხედვის სისრულეში მოყვანა მხოლოდ კარგი მომსახურების დაპირებით შეუძლებელი იყო. აუცილებელი იყო მყარი სტრატეგიული ფუნდამენტი, რომელიც განსაზღვრავდა ბრენდის თითოეულ ნაბიჯს.” - თამარ გოგოლიშვილი, Onway-ის დამფუძნებელი.
მომხმარებლები გადამზიდი კომპანიისგან ელიან სისწრაფეს, პროგნოზირებადობასა და სიმარტივეს, მაგრამ რეალურად ლოგისტიკის მთავარი გამოწვევა მხოლოდ დროულად მიტანა არაა. პროცესები ბევრად უფრო კომპლექსურია - ცვალებადი მოთხოვნა, მარშრუტების მოულოდნელი ცვლილებები, სხვადასხვა დაბრკოლება, რომლებსაც ყოველდღიურად ვუმკლავდებით. ჩვენი მიზანია, ეს სირთულეები ისე ვმართოთ, რომ მომხმარებელმა ვერაფერი იგრძნოს. ეს ხედვა ჩვენი ბრენდის საფუძველი იყო მისი შექმნის დღიდან, ხოლო განახლებული ბრენდინგით ჩვენ ამ პრინციპს მეტად ვამყარებთ.ცვლილება ჰაერიდან არ მოსულა. ბრენდინგზე მუშაობა Onway-ის გუნდთან გასაუბრებით დავიწყეთ, ბრენდის არსზე მუშაობა კი ფილოსოფოს და მარკეტინგის სტრატეგ უჩა ურუშაძესთან ერთად განვაგრძეთ. ამ პროცესმა გამოაჩინა Onway-ის ნამდვილი ხასიათი, ღირებულებები, ყოველდღიური საქმეები, რამაც საშუალება მოგვცა Onway პერსონაჟად “გამოგვეძერწა”. აღმოვაჩინეთ ჩვენი კომპანიის ძალა - ყველაზე რთულ პროცესებსაც კი შეუმჩნევლად ვმართავთ, თითქოს ქაოსის შუაგულში მშვიდი ნიავი ვიყოთ, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. ეს ფილოსოფია განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომსახურებას, არამედ მთლიანად ბრენდს. ლოგისტიკა არ უნდა იყოს ხმაურიანი - ის უნდა იყოს საიმედო, პროგნოზირებადი და შეუმჩნეველი. ჩვენი გუნდი მუდმივ ქაოსში მუშაობს, მაგრამ ის ისეა მართული, რომ მომხმარებლებს ამაზე ფიქრი არ უწევთ.
ბევრისთვის ბრენდინგი მხოლოდ ლოგოს, ფერებისა და ვიზუალური ელემენტების შერჩევაა. სინამდვილეში ბრენდინგი არ არის დეკორაცია, არამედ არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ აღიქვამს მომხმარებელი კომპანიას, როგორ კომუნიკაციას ამყარებს ბრენდი და, რაც მთავარია, როგორ მუშაობს ის.
Onway-ის ბრენდინგი ემყარება მთავარ პრინციპს, ქაოსის შეუმჩნევლად მართვას. ამანათის გაგზავნის წამიდან, მის ჩაბარებამდე ყველა პროცესის გამართულობა, სიზუსტე და სიმშვიდე არის ის, რაც Onway-ის მომხმარებელმა უნდა იგრძნოს. როდესაც ადრესატი ამანათს უხარვეზოდ იბარებს, ეს მასში უდარდელობასა და ნდობას იწვევს. სწორედ ეს არის ბრენდის მთავარი დაპირება. მაგრამ ეს მიდგომა მხოლოდ იდეა არ არის, მის უკან სტრატეგიული გადაწყვეტილებები დგას. თითოეული ელემენტი, იქნება ეს ლოგო, ვიზუალური იდენტობა თუ კომუნიკაციის ტონი, შეირჩა ისე, რომ ბრენდის არსი სწორად გადმოცემულიყო.
როდესაც ბრენდის არსი მკაფიო გახდა, საქმეში კრეატიული სააგენტო „ბურთულა“ ჩაერთო. მათ ამ იდეების ვიზუალურად გადმოცემა დაისახეს მიზნად და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილეს ყურადღება.

“ლოგოზე მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ასო “ვ” და ლათინური ასო “W” მშვენიერ თანხვერაში მოდიან ერთმანეთთან. გზისა და მოძრაობის გამოსახატად იდეალური ფორმებია, ბრენდინგში კი ეს ფორმები საშუალებას მოგვცემდა, გამოგვეხატა ნიავიც. WAY-ც ხომ გზას ნიშნავს. საბოლოოდ, შინაარსი ამ სიმბოლოს გარშემო ძალიან კარგად ინტეგრირდა და მგონია, რომ ვიზუალურადაც შევძელით მისი სათანადოდ გადმოტანა და ბრენდინგში გაშლა.” - “ბურთულას” დამფუძნებელი და არტ დირექტორი, ანიტა ეჯიბია.
ახლა Onway-ის ახალი “სახე” აქვს – არა უბრალოდ ლამაზი ლოგო და ფერადი დიზაინი, არამედ ვიზუალური ენა, რომელიც ჩვენს პრინციპებსა და ფილოსოფიას აცოცხლებს.
ჩვენი მიზანი ყოველთვის მოძრაობაა. ვმართავთ პროცესებს შეუმჩნევლად ისე, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაფერი მარტივი და კომფორტული იყოს. ეს არის Onway – სტაბილური, მაგრამ დინამიკური, მტკიცე, მაგრამ მსუბუქი, მოწესრიგებული, მაგრამ ყოველთვის მოძრაობაში.