როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მობილურით ?
04 ივნისი, 2025
9 პრაქტიკული რჩევა პროდუქტის ფოტოს გადასაღებად
ბევრ ჩვენგანს არც პროფესიონალი კამერა აქვს, არც სტუდია და არც ფოტოგრაფი ჰყავს. სიმართლე რომ ვთქვათ, ყოველთვის არც არის საჭირო. თუ მცირე ბიზნესს მართავ, დიდი ალბათობით, შენი ყველაზე ერთგული თანამგზავრი მობილურია კლიენტებთან ურთიერთობისთვის, შეკვეთების სამართავად და ხანდახან პროდუქტების გადასაღებადაც კი. მაგრამ რამდენად ასახავს შენ მიერ გადაღებული ფოტო პროდუქტის სრულ ღირსებას?
კარგი პროდუქტის ფოტო მხოლოდ ვიზუალს კი არ აჩვენებს, არამედ ჰყვება ისტორიას, აჩენს ნდობასა და ყიდვის სურვილს და, რაც მთავარია, ასეთი ფოტოს გადაღება მხოლოდ მობილურით შეგიძლია.
ამ ბლოგში ფოტოგრაფი ლუკა ოლირი გვიზიარებს 9 პრაქტიკულ რჩევას, როგორ გადავიღოთ პროდუქტის ფოტო პროფესიონალივით.
რა უნდა ვიცოდეთ ბუნებრივი განათების გამოყენებაზე?
ბუნებრივი განათება იცვლება დღის პერიოდის მიხედვით. იცვლება მზის შუქის დაცემის კუთხე და უფრო რბილი და თბილი ხდება. შუადღის მოახლოებასთან ერთად ბუნებრივი შუქიც იცვლება - მატულობს შუქის სიძლიერე და ბევრად უფრო გამოკვეთილ ჩრდილებს ვიღებთ, მაგრამ შუადღის პერიოდში გადაღება გარეთ არ არის რეკომენდებული, ზენიტში მყოფი მზისგან მომავალი შუქი თითქმის პერპენდიკულარულად (70-90 გრადუსით) ეცემა ობიექტებს და თუ მხატვრული ჩანაფიქრი არ მოითხოვს მკვეთრ ჩრდილებსა და გადანათებულ გამოსახულებას, ყოველთვის სჯობია ეცადოთ, არ გადაიღოთ დღის ამ პერიოდში. თუ მაინც მოგიწიათ გადაღება, ეცადეთ პროდუქტები ჩრდილში გადაიღოთ, რათა თავიდან აირიდოთ ძლიერი კონტრასტი და გადანათებული გამოსახულება.
მზიან ამინდში გადაღებისას სასურველია გამოიყენოთ გამფანტავები და ამრეკლები უფრო ლამაზი და დაბალანსებული გამოსახულების მისაღებად.
როგორ მოვახერხოთ კარგი განათება სახლის პირობებში?
გამოიყენეთ ფანჯრიდან შემომავალი მზის შუქი, სხვადასხვა სანათი საშუალება, ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბიუჯეტური ე.წ. ლედ პანელები, ან ასევე ბიუჯეტური ე.წ. სოფთ ბოქსები. დღეს ხელმისაწვდომი ფასის და ამავდროულად კარგი განათებების ძალიან დიდი არჩევანია, ხშირად საერთოდ არ არის საჭირო გქონდეთ პროფესიონალური, ძვირადღირებული განათებები და უამრავი მოწყობილობა ლამაზი ფოტოებისა თუ ვიდეოების გადასაღებად სახლის პირობებში. შუქის ნებისმიერი წყარო შეიძლება გამოიყენოთ. უფრო რთულია შუქის გამოყენების სწავლა, ანუ შუქთან მუშაობის სწავლა.
რამდენად მნიშვნელოვანია ფონის შერჩევა?
ფონის შერჩევისთვის გამოვყოფდი ორ კრიტერიუმს:
1. რა პროდუქტს იღებთ
2. რომელი სოციალური პლატფორმისთვის იღებთ.
ფონი უნდა ავსებდეს პროდუქტის ხასიათს, მისი ნაწილი უნდა იყოს, იდენტობის ერთ-ერთი მახასიათებელია ფონის ფერი.
სხვადასხვა საკურიეროს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვთ თავიანთ პლატფორმებზე განსათავსებელ ფოტომასალასთან მიმართებაში. ძირითადად ესაა კვადრატული ზომის, თეთრ ფონზე გადაღებული ფოტოები, ზედმეტი, დამატებითი რეკვიზიტებისა და მრავალფეროვანი ფონების გარეშე.
როგორ შეიძლება პროდუქტი გავაცოცხლოთ ფოტოზე — რას გვირჩევ, რომ უფრო "მიმზიდველად" გამოიყურებოდეს ნივთი?
იყავით მრავალფეროვნები, გამოიყენეთ სხვადასხვა რეკვიზიტი, რომელიც პროდუქტის შედარებითობის, ზომის, მასის ან სხვა მნიშვნელოვანი დეტალებისათვის ხაზის გასმასა და გამოკვეთაში, უკეთესად აღქმაში დაეხმარება მომხმარებელს.
როდესაც სხვადასხვა პროდუქტს ვიღებთ — პატარა, დიდი, ბარელიეფური, ბრტყელი — ვცვლით გადაღების კუთხეს თუ ყოველთვის ერთნაირად ვიღებთ?
გააჩნია, რისი ჩვენება გვჭირდება და პროდუქტის რომელი უპირატესობისთვის გვინდა ხაზის გასმა. თავიდან აუცილებელია ტესტები, სხვადასხვა რაკურსით, შუქით, დღის სხვადასხვა პერიოდსა და სიტუაციაში გადაღება. პრაქტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უფრო მეტ სიახლეს სცდით და რაც უფრო მეტს გადაიღებთ, მით სწრაფად შეძლებთ კარგი რაკურსებისა და გადასაღები კუთხეების პოვნას და მით უკეთესი ფოტოები გამოგივათ.
როგორ ფიქრობ, პორტრეტის რეჟიმი ან სხვა მობილურის ფუნქციები ნამდვილად გვეხმარება გადაღებისას?
გააჩნია, რას ვიღებთ. პროდუქტების გადაღებისას, განსაკუთრებით მცირე ზომის, პორტრეტული რეჟიმი არ გამოგვადგება. ასეთ შემთხვევაში გვჭირდება მაკრო რეჟიმი, ან ცვლადი ლინზები ტელეფონებისთვის, რომელთა შეძენაც შეიძლება ინდივიდუალურად სხვადასხვა ტელეფონებისთვის, სხვადასხვა ფოკუსური მანძილითა და მონაცემებით.
გაქვს რეკომენდაცია მარტივ და უფასო ფოტო რედაქტირების აპებზე, რომლებსაც არაპროფესიონალები ადვილად გამოიყენებენ?
Lightroom ერთ-ერთი საუკეთესოა, ყველაზე სწრაფი და ფუნქციონალური. პრო ვერსიები ფასიანია, მაგრამ ძირითადი შესაძლებლობები რაც აქვს, 95 % შემთხვევაში სავსებით საკმარისია ნებისმიერი ფოტოს დასამუშავებლად. ასევე კარგად ვიყენებ Snapseed-ს.
როგორ გადავიღოთ მბზინავი ან არეკვლადი ზედაპირის მქონე პროდუქტი ისე, რომ შუქი ან ჩვენი ანარეკლი არ ჩანდეს?
გამოიყენეთ რამდენიმე შუქის წყარო სხვადასხვა კუთხიდან. ნუ გამოიყენებთ ფლეშს. ნუ გადაიღებთ პირდაპირ წინ მიმართულებით, დაიჭირეთ ტელეფონი ოდნავ გვერდიდან. შუქი არ უნდა ეცემოდეს პირდაპირ ნივთზე, უნდა იყოს რბილი და გაფანტული.
რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მეწარმეები უშვებენ პროდუქტის ფოტოების გადაღებისას და როგორ შეიძლება ამ შეცდომის გამოსწორება?
სათანადოდ არ აფასებენ ფოტოების ხარისხის მნიშვნელობას. ფიქრობენ, რომ საკმარისია, უბრალოდ, რამე ფოტო გადაუღონ პროდუქტს და განათავსონ სოც. ქსელებში. ცუდი ხარისხის ფოტოს ნახვისას მომხმარებელი უმრავლეს შემთხვევაში გრძნობს, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ და ვერ წარუდგენენ პროდუქტს, რომ დაიზარა მეწარმემ, ან რომ პროდუქტის ხარისხი დაბალია და არ ღირს ყურადღების მიქცევა.
გადაიღეთ ბევრი, გადაიღეთ ყველგან, ტესტეთ, აუცილებლად გამოიყენეთ კამერის შესაძლებლობების მაქსიმუმი. არ გადაიღოთ ავტო რეჟიმში, გამოიყენეთ პრო ან მანუალ რეჟიმები გადაღებისას, შეისწავლეთ მოწყობილობის შესაძლებლობები და გადაიღეთ კიდევ და კიდევ, ნახეთ ტუტორიალები გადაღების თემებზე, სულ ათვალიერეთ მსგავსი კონტენტი, აუცილებლად დააგროვეთ რეფერენსები პინტერესტზე ან სხვა მსგავს პლატფორმებზე, ეძებეთ რეფერენსები შთაგონებისთვის და ისევ და ისევ გადაიღეთ, ეცადეთ კოლეგებისგან, ახლობლებისგან მიიღოთ ფიდბექი.
ცოტა მეტი ყურადღება განათებას, ცოტა მოთმინება კადრის არჩევისას, სწორი კუთხე, უბრალო ფონი და მსუბუქი რედაქტირება და პროდუქტის იდეალური ფოტო მზადაა სოც. ქსელში განსათავსებლად. სწორედ ასეთი კონტენტი უქმნის მომხმარებელს ნდობას და უბიძგებს ყიდვისკენ.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!