როგორ იქმნება სტარტაპი საქართველოში -,,ანარეკლის” ისტორია

25 დეკემბერი, 2025
როგორ იქმნება სტარტაპი საქართველოში -,,ანარეკლის” ისტორია

ზოგჯერ დიდი იდეა ერთი პატარა სურვილიდან იბადება. სწორედ ასე დაიწყო „ანარეკლის“ ისტორია. იმ მომენტიდან, როცა ნათიას საქართველოში ქართულენოვანი ორსულობის დღიური არ შეხვდა და გადაწყვიტა, თავად შეექმნა ის, რაც აკლდა. ერთი ჩანაწერით დაწყებული გზა მალე გადაიქცა ბრენდად, რომელიც ქართულ ენაზე შექმნილი დიზაინერული დღიურებით უამრავ ადამიანს აძლევს საშუალებას, თავიანთი ისტორია მოინიშნონ, დაფიქრდნენ და გააზიარონ.

„ანარეკლი“ 2022 წელს შეიქმნა და დღეს მისი პროდუქცია მოიცავს ორსულობის, მადლიერების, ბავშვობისა და ცხოვრების სხვა ეტაპების ჩანაწერების წიგნებს, ნაზი დიზაინით, დეტალებზე ზრუნვითა და სიყვარულით შექმნილს. თითოეულ გვერდში იგრძნობა სითბო, რომელიც ხელით წერას დღესაც განსაკუთრებულს ხდის. ბრენდის ისტორიაზე მისი დამფუძნებელი, ნათია ჩალაძე გვიყვება.


როგორ დაიბადა „ანარეკლის“ იდეა? რა მომენტში გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ჩანაწერების წიგნები უფრო ფართო აუდიტორიამდე უნდა მიგეტანათ?

,,დღიურების წერა ბავშვობიდან მიყვარდა. ფაქტობრივად, როგორც კი წერაც ვისწავლე, მაშინვე დავიწყე საკუთარი პატარა სამყაროს ჩანაწერებში გადატანა. ბავშვობის დროინდელი დღიურები დღემდე მაქვს შენახული. სხვათა შორის, ჩემ გარდა რომ არავის წაეკითხა, საკუთარ დამწერლობასაც კი ვიგონებდი და წლების განმავლობაში მხოლოდ ჩემთვის გასაგებ ენაზე ვწერდი.
რაც შეეხება „ანარეკლს“, ეს ბრენდი ძალიან ორგანულად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს, ის გზა გავაგრძელე, რაც ბავშვობაში დავიწყე. დაახლოებით სამი წლის წინ, ორსულობის პერიოდში, მინდოდა მეპოვა დღიური, სადაც 9 თვის ემოციებსა და გამოცდილებებს შევინახავდი. ასეთი პროდუქტი ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, თავად შემექმნა. იდეა გავუზიარე ჩემს პარტნიორსა და დიზაინერს - ქეთის (Kate Alukard) - და დავიწყეთ მუშაობა. ერთი წელი დაგვჭირდა იდეიდან მზა პროდუქტამდე მისასვლელად.
ამ პროცესში ძალიან დამეხმარა ის, რომ 15 წელი მარკეტინგში ვმუშაობდი. მომხმარებლის ფსიქოლოგიის, კომუნიკაციისა და ბრენდის შექმნის გამოცდილებამ გზა მნიშვნელოვნად გამიადვილა.”

გარდა ორსულობისა, თქვენი პროდუქციის ხაზში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მადლიერებისა და ბავშვობის ჩანაწერების წიგნები. როგორ ირჩევთ თემებს და როგორია თითოეული წიგნის იდეა?

,,ბავშვის დღიურის შექმნა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემი შვილი იზრდებოდა და მისი პირველი მნიშვნელოვანი მომენტები უფრო ხელშესახებად მინდოდა შემენახა - არა გაჯეტებში და ეკრანებზე, არამედ ისეთ წიგნში, რომელსაც მომავალში თავად გადაშლის დიდი სიყვარულით და მშობლების მიერ ჩაწერილი მისი ბავშვობის მოგონებები თვალწინ გაუცოცხლდება.

ამ  დღიურებს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ხაზიც ბუნებრივად გაფართოვდა და მოგვიანებით ზრდასრულებისთვისაც დავამატეთ არჩევანი:

• რეცეპტების დღიური

მადლიერებისა და პროდუქტიულობის დღიური

მეგობრობის დღიური ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის

• და სხვა თემატური ჩანაწერების წიგნები

ყოველი ახალი დღიურის შექმნა ყოველთვის მომხმარებლის უკუკავშირისა და ჩვენი პირადი საჭიროებიდან იწყება. ხშირად ხდება ისე, რომ რაღაც კონკრეტული ფორმატის ნაკლებობას თავად ვგრძნობ როგორც დედა, როგორც მეწარმე ან როგორც ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება წერით გამოხატავს ემოციებს. მომხმარებლებიც თავად გვიზიარებენ რას ეძებენ, რა აკლიათ არსებულ პროდუქტებში, რა პრობლემას ვერ ხსნის ბაზარზე არსებული არჩევანი.”






ვინ არიან თქვენი ყველაზე აქტიური მომხმარებლები და რა უკუკავშირი გახსოვთ ყველაზე მეტად?

,,ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანები არიან, ამის საშუალებას კი ჩვენი მრავალფეროვანი ასორტიმენტი იძლევა. უკუკავშირიდან ყველაზე მეტად ის ფაქტი გვახარებს, რომ ჩვენს დღიურებს ხშირად საჩუქრად ყიდულობენ ორსული მეუღლისთვის, ახალშობილისთვის, გურმანი მეგობრისთვის, ან მათთვის, ვინც თვითშემეცნებითა და პირადი განვითარების თემებით ინტერესდება.”

თქვენი ონლაინ-მაღაზია და სოციალური ქსელები ძალიან ესთეტიკურადაა გაფორმებული. რომელ არხზე გაქვთ ყველაზე მეტი ჩართულობა და როგორ გეხმარებათ ეს მომხმარებლებთან ურთიერთობაში?

,,სოციალური ქსელები ჩვენთვის გაყიდვების მთავარი არხია, რადგან ფიზიკური სივრცე ჯერ არ გვაქვს და სრულად ონლაინ ვოპერირებთ. ყველაზე მაღალი ჩართულობა Facebook-სა და Instagram-ზე გვაქვს, არსებული მომხმარებლები ინფორმაციას იღებენ ახალ პროდუქტებზე, ახალი მომხმარებლები კი ეცნობიან ჩვენს შეფასებებს, რაც მნიშვნელოვანია საიმედოობისთვის.

ცოტა ხნის წინ დავამატეთ ვებ-გვერდიც, ასევე, ,,ნაწილ-ნაწილი” და განვადება, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა. ახლა მომხმარებელს შეუძლია ყველა დღიური დეტალურად ნახოს, დაათვალიეროს სრულად შიდა გვერდები, სტრუქტურა, აირჩიოს დიზაინები და გადახდის გრაფიკი და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, რამაც ყიდვის პროცესი მაქსიმალურად გაამარტივა, ვინაიდან ჩვენი დღიურები არ მზადდება შეკვეთით და ერთდროულად ათასობით იბეჭდება, ადამიანები კომფორტულად, მათთვის სასურველ დროს იძენენ პროდუქტს და უმოკლეს დროში, სახლიდან გაუსვლელად იღებენ სასაჩუქრე შეფუთვით.”

მიწოდება ხშირად ხდება ის ბოლო დეტალი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის შთაბეჭდილებას. რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ და რამდენად მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორი?

,,რადგან ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია თავიდანვე მხოლოდ ონლაინ ხდება, საკურიერო პარტნიორის შერჩევა ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. არჩევანი სწრაფადვე ,,ონვეიზე” შევაჩერეთ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ძალიან გამართული თრექინგ სისტემის გამო, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ამანათის მდებარეობა. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციაა გადახდა კურიერთან, რომელიც ბევრ ჩვენს მომხმარებელს უადვილებს შეძენის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გვპასუხობენ Messenger-ის მეშვეობით, დარეკვის საჭიროების გარეშე და, რაც მთავარია, მიწოდების ფართო არეალი აქვთ. ჩვენი დღიურების მიმართ დაინტერესება მთელი საქართველოს მასშტაბითაა, მომხმარებლებისთვის კი მოსახერხებელია, ამანათის პირდაპირ სახლის კართან მიღება. ამ ყველაფერმა მიწოდების პროცესი ძალიან გაამარტივა და საიმედო გახადა, რაც ჩვენნაირი ონლაინ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.”

როგორ ფიქრობთ, როგორ შეგვიძლია უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ონლაინ ვაჭრობა და მომხმარებლებს მეტი მოტივაცია მივცეთ, რომ ქართული პროდუქცია იყიდონ? 

,,ამ საკითხს ყოველთვის მომხმარებლის პოზიციიდან ვუყურებ. მომხრე ვარ იმის, რომ ქართულ კომპანიებს დავუჭიროთ მხარი და ონლაინ ხშირად ვიძენ ადგილობრივ პროდუქციას. როგორც მომხმარებელი, მნიშვნელობას ვანიჭებ პროდუქციის რეალურ ფოტოებს, დეტალურ აღწერილობას, გამჭვირვალე და სასიამოვნო კომუნიკაციას. ძალიან მნიშვნელოვანია სერვისი - სწრაფი მიწოდება, მოქნილი გადახდის საშუალებები. როცა ონლაინ ყიდვა მარტივი და კომფორტულია, მომხმარებელსაც უფრო ხშირად უჩნდება სურვილი, არჩევანი ქართულ ბრენდზე შეაჩეროს.”

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს, ვისაც იდეა აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ აქციოს ის რეალობად?

,,თუ იდეის მართლა გჯერა, აუცილებლად უნდა დაიწყო, თუნდაც თავიდან ბოლომდე არ იცოდე, როგორ და რა გამოვა. დღიურების წარმოების შესახებ არაფერი ვიცოდი, მქონდა მხოლოდ ხედვა, რა მინდოდა მიმეღო საბოლოო შედეგად, 

ენერგია არ დახარჯო იდეის ბევრი ადამიანისთვის გაზიარებაში, მიმართე მის განხორციელებაზე. ქვეცნობიერად იმდენად მეშინოდა სრულიად უცნობ სფეროში საქმიანობის დაწყების, რომ თვეების განმავლობაში უბრალოდ ვსაუბრობდი და რეალურ ნაბიჯებს არ ვდგამდი. არ დაელოდო სრულ მზადყოფნას და პროცესში ისწავლი ბევრ რამეს. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ პარტნიორსაც - ადამიანს, ვისთანაც ხედვები, ღირებულებები და მიდგომები ემთხვევა.”


რა გეგმები გაქვთ მომავალში? ელოდება თუ არა მომხმარებელს ახალი პროდუქტები ან მიმართულებები?

,,რა თქმა უნდა, წინ ბევრი სიახლე გველოდება და ჩვენი დღიურების ასორტიმენტიც ეტაპობრივად გაიზრდება. ყოველწლიურად 2-3 ახალ პროდუქტს ვამატებთ. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ახალი დღიურის შექმნისთვის 3-დან 6 თვემდე გვჭირდება დრო, დიზაინისა და შინაარსის დატვირთულობის მიხედვით, ამიტომ  თავად შექმნის პროცესს დიდი დრო ეთმობა, თემატური დღიურების რაოდენობა, მართალია, სწრაფად არა, მაგრამ იზრდება. არსებობს დაინტერესება და გეგმაში გვაქვს დღიურების თარგმნა და უცხოურ ბაზარზე გატანაც.”

,,ანარეკლის“ ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული ბიზნესები მაშინ იზრდება, როცა მათ მხარს ვუჭერთ. ყოველი ნაყიდი ქართული პროდუქტი პატარა ნაბიჯია უფრო ძლიერი ადგილობრივი ბიზნესისკენ. თუ გინდა მხარი დაუჭირო ქართველ მეწარმეებს, უბრალოდ, აირჩიე ქართული. ,,ონვეისთვის” სწორედ ასეთი სტარტაპებია მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ონლაინ ვაჭრობა დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში შექმნილი ხარისხიანი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ ,,ონვეი” მხარში უდგას ადგილობრივ ბრენდებს, რომ მათი ნივთები მომხმარებლამდე სწრაფად და უსაფრთხოდ მივიდეს.

ინტერვიუ მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.


მსგავსი ბლოგი