როგორ გავყიდოთ პროდუქტები Etsy-ზე საქართველოდან
23 ივნისი, 2025
Etsy არის გლობალური ონლაინ ბაზარი, რომელიც სპეციალიზდება ხელნაკეთი ნივთების, ვინტაჟური პროდუქტებისა და კრეატიული მასალების გაყიდვაში. ეს პლატფორმა აერთიანებს დამოუკიდებელ ხელოვანებსა და მცირე ბიზნესებს მთელი მსოფლიოდან და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ და პერსონალიზებულ პროდუქციას.
Etsy განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც ეძებს ინდივიდუალურ საჩუქრებს, ხელნაკეთ აქსესუარებს, სახლის დეკორს და სხვაგვარად უნიკალურ ნივთებს. დღეს Etsy არა მხოლოდ პლატფორმა, არამედ მთელი კულტურაა — ადგილი, სადაც პატარა იდეები დიდ ბაზარზე გადის.
დღევანდელ ინტერვიუში მოგიყვებით, როგორ გავყიდოთ პროდუქტები საქართველოდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე, Etsy-ზე. ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დავიწყოთ, როგორ დავრეგისტრირდეთ, როგორ გამოვიყენოთ SEO სწორად, როგორ მოვახერხოთ საერთაშორისო გადაზიდვები და რა სტრატეგიებით ვიქცეთ Etsy-ის წარმატებულ გამყიდველად.
თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კატო რამიშვილი, QISABAGS-ის დამფუძნებელი, ელ.კომერციის ექსპერტი, Etsy & Shopify სპეციალისტი გვპასუხობს.
კატო, როგორ მოხვდი Etsy-ზე და რა იყო შენი პირველი ნაბიჯები?
მცირე ბიზნესი როცა დავიწყე, ვეძებდი პროდუქციის რეალიზაციის ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას. მაღაზიის ქირაობის ფინანსები არ მქონდა და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ვიკვლევდი ონლაინ გასაყიდ პლატფორმებს ჩვენი ტყავის ჩანთებისთვის, გადავაწყდი ეტსისაც.
2018-ში დავრეგისტრირდი პირველად ეტსის პლატფორმაზე. მაგ დროს საქართველოში ფაქტიურად არავინ არ იცოდა ეტსის შესახებ, ან ვინც იცოდა საკმაოდ მწირი ინფორმაცია ჰქონდა და ყველაფრის ჩემით სწავლა მომიწია სხვადასხვა უცხოური პლატფორმებიდან და საკუთარ შეცდომებზე. შესაბამისად, პირველი ნაბიჯები ამ პლატფორმაზე სწორედ ალგორითმის და მისი მუშაობის პრინციპების შესწავლა იყო.
დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ურჩევდი დამწყებ მცირე ბიზნესებს Etsy-ზე რეგისტრაციას – რა არის მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინონ?
როგორც ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ ხოლმე, როცა პირველ ნაბიჯებს დგამენ - თუ მართლა უნდათ ეტსიზე გაყიდვა, სერიოზულად მიუდგნენ ამ პლატფორმას და ჰქონდეთ მოთმინება. ეტსიზე მაღაზიის ამუშავებას სჭირდება ცოდნა, მაგრამ ასევე - დრო. სისტემატურად დაამატეთ ახალი პროდუქტები, გააკეთეთ SEO, დააკვირდით შედეგებს და ისწავლით, რა მუშაობს თქვენთვის ყველაზე კარგად.
რეგისტრაციისას და მაღაზიის გახსნისას რა დეტალებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?
საქართველოში ახალი (ჩვენთვის ახალი) გადახდის სისტმა შემოვიდა, Etsy Payment, რომელმაც ჩაანაცვლა Paypal-ი. Etsy Payment-ის გამოყენება Payoneer-ის საშუალებით შეგიძლიათ, შესაბამისად, ჯერ Payoneer-ზე უნდა დარეგისტრიდეთ და შემდეგ Etsy-ზე. ასევე ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის ზუსტად შეყვანას და ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რასაც სისტემა მოგთხოვთ.
რამდენად მნიშვნელოვანია Etsy-ის SEO და როგორ ვიპოვოთ სწორი საკვანძო სიტყვები?
SEO საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ეტსიზე გაყიდვისთვის და ონლაინ მაღაზიის ხილვადობაზე ახდენს უდიდეს გავლენას. რეკლამაც ეტსიზე დამოკიდებულია ორგანულ SEO-ზე და საკვანძო სიტყვებზე. მე ვიყენებ erank.com-ის ხელსაწყოს, რომელიც საკვანძო სიტყვების კვლევის გარდა სხვა ფუნქციონალითაც გვეხმარება შევქმნათ მაქსიმალურად ოპტიმიზირებული ლისთინგები.
რა არის კარგი პროდუქტის აღწერა Etsy-სთვის?
დაწერეთ პროდუქტზე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია: პროდუქტის ზომა, მასალა, მოხმარების ინსტრუქცია და ა.შ. ასევე აღწერაში ორგანულად დაურთეთ რამდენიმე საკვანძო სიტყვა. აღწერეთ პროდუქტი ისე, რომ მომხმარებელს მოუნდეს მისი შეძენა.
ფოტოებს Etsy-ზე რამდენად დიდი გავლენა აქვს გაყიდვებზე და რა რეკომენდაციები გაქვს?
რადგანაც ეტსიზე პროდუქციას ყიდულობენ ონლაინ, ფოტოები და ვიდეოები განსაზღვრავს კონვერსიის უდიდეს ნაწილს. გამართული SEO-ს მიუხედავად, თუ თქვენს პროდუქტს არ აქვს კარგი ხარისხის მიმზიდველი ფოტოები, მომხმარებელი მას არ იყიდის. ასევე ეტსიზე გვაქვს 10 ფოტოს ატვირთვის საშუალება და გირჩევდით, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ. გადაუღეთ თქვენს პროდუქტს ფოტოები ყველა რაკურსით.
როგორ მუშაობს გადაზიდვები საქართველოდან Etsy-ზე გაყიდვის შემთხვევაში?
გაგზავნა საქართველოდან საკმაოდ ადვილი და უსაფრთხოა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გზავნილებს ასევე აქვთ სპეციალური თრეკინგ კოდი, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი გზავნილის ადგილმდებარეობა მოიძიოთ დროის ნებისმიერ მომენტში.
შენთვის რა აღმოჩნდა Etsy-ზე წარმატების ფორმულა?
ალბათ ის, რომ არასდროს დავნებდი. ვიცოდი, რომ გამოვიდოდა და აქტიურად ვმუშაობდი ჩემს ეტსის მაღაზიაზე. პერიოდულად სულ ვამატებდი ახალ პროდუქციას, ვაკვირდებოდი რა იყიდებოდა, რა მოსწონდათ, როგორი უკუკავშირი ჰქონდათ მიღებულ შეკვეთებზე. ძალიან ბევრი დეტალი შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ ამის მიხედვით წლების განმავლობაში.
დღეს მხოლოდ ეტსიდან 5 000+ პროდუქტის გაყიდვა გვაქს და ჩვენი პროდუქცია საშუალოზე მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
როგორ გავზარდოთ მყიდველების ნდობა და მივაღწიოთ პოზიტიურ შეფასებებს?
აუცილებლად მოიკითხეთ თქვენი შეკვეთა, როდესაც მას მომხმარებელი მიიღებს. დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად კმაყოფილია პროდუქტით. გაატანეთ შეკვეთას საჩუქარი, ლამაზად შეფუთეთ და შესთავაზეთ ფასდაკლებები სამომავლო შეკვეთებზე,
შენი აზრით, Etsy რა შესაძლებლობებს აძლევს ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით რეგიონებში?
ეტსის მეშვეობით შეგვიძლია დავიწყოთ გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისე, რომ ამისთვის არ გვჭირდებოდეს არც ფიზიკური მაღაზია, არც თანამშრომლები და არც რაიმე საწყობი. პროდუქციის შექმნა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. შესაბამისად, მეწარმეებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში, შეუძლიათ პროდუქტი ონლაინ გაყიდონ მსოფლიოს მეორე ბოლოში მინიმალური დანახარჯებით, მათთვის ნებისმიერი კომფორტული ადგილიდან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობაა საქართველოში მყოფი ნებისმიერი მეწარმისთვის.
რამდენად მზად ვართ საქართველოდან Etsy-ზე გასასვლელად და რა მხარდაჭერა გვჭირდება – ტექნიკური თუ საგანმანათლებლო?
ტექნიკურად Etsy სხვა ონლაინ ბაზრებთან და საზღვარგარეთ გასაყიდ პლატფორმებთან შედარებით ყველაზე ადვილია. ვინც ახლა იწყებს ონლაინ გაყიდვებს, ყოველთვის ეტსის ვურჩევ, როგორც დასაწყებად საუკეთესო პლატფორმას.
იმისთვის, რომ ეტსიზე შექმნათ ონლაინ მაღაზია, გჭირდებათ ჩვეულებრივი კომპიუტერი, ინტერნეტი და ინგლისურის საბაზისო ცოდნა.
რაც შეეხება საგანმანათლებლო თვალსაზრისით, მაქსიმალურად ვცდილობთ ავამაღლოთ ცოდნა ეტსის სპეციფიკაციებთან მიმართებაში საქართველოში.
პერიოდულად სულ ვატარებ ეტსის მასტერკლასებსა და კურსებს მეწარმეებსითვის, სადაც ვცდილობ მოკლე დროში მივაწოდო მთელი ის გამოცდილება, რაც 8 წლის განმავლობაში დავაგროვე ამ პლატფორმაზე.
ამის გარდა, Etsy-ის შესახებ არსებობს მილიონი რესურსი და ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ ონლაინ. მთავარია ამისი სურვილი გქონდეთ.
დაბოლოს, რა არის ის ერთი, ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც Etsy-ზე გაყიდვების დაწყებისას უშვებენ?
ალბათ, ყველაზე ხშირად რაც შემხვედრია, პროდუქციის არასწორად ატვირთვაა. ხშირად უბრალოდ შეყრიალ ხოლმე ეტსიზე თავიანთ პროდუქციას ლისთინგების სახით და როდესაც შედეგს ვერ ხედავ, საერთოდ თავს ანებებენ მაღაზიას.
თითოეული ლისტინგი ეტსიზე გამოქვეყნებამდე უნდა დამუშავდეს, გაკეთდეს როგორც საკვანძო სიტყვების ანალიზი, ისე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ, რასაც საკმაო დრო სჭირდება. შესაბამისად, სჯობს ეს ყველაფერი ხარისხიანად და მოთმინებით გააკეთოთ, ჩადოთ დროის რესურსი და უფრო მალე ნახავთ შედეგებსაც.
იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერვიუ ბევრ ქართველ ხელოვანსა და მეწარმეს გააბედინებს, გახსნას საკუთარი მაღაზია და გაიტანოს ქართული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე.
თუ თქვენც ფიქრობთ Etsy-ზე გაყიდვების დაწყებას, დაფიქრდით, რა გამოგდით საუკეთესოდ, ხოლო თუ დამატებით რაიმეს სწავლას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ 11 ივლისს დაესწროთ კატოს მასტერკლასს. ბილეთების შეძენასა და მეტი ინფორმაციის ნახვას ამ ლინკზე შეძლებთ.
ინტერვიუ მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!