ამანათის გაგზავნისას დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

16 დეკემბერი, 2025
ამანათის გაგზავნისას დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

როცა ამანათს ვაგზავნით, გვგონია, რომ ყველაფერი მარტივია - ჩავდებთ ნივთს ყუთში, შემოვახვევთ ლენტს და გავაგზავნით. სინამდვილეში კი უმნიშვნელო დეტალებიც კი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მივა ამანათი დანიშნულების ადგილას. ,,ონვეის” ლოგისტიკის გუნდში ხშირად გვხვდება ამანათებთან დაკავშირებული ერთი და იგივე შეცდომები, რომლებიც პროცესს წელავს და კურიერებს საქმეს ურთულებს.

ამ სტატიაში განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, აგიხსნით რატომ ხდება ისინი და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, რათა თქვენი ამანათი ყოველთვის სწორად, სწრაფად და უსაფრთხოდ ჩაბარდეს.

1. არასწორი მისამართი ან არასრული ინფორმაცია

ყველაზე ხშირი შეცდომა მისამართის არასრულად მითითებაა. ხანდახან აკლია ბინის ნომერი, ან შესასვლელის კოდი, ხანდახან კი გამგზავნებს უბრალოდ უბანი ეშლებათ, შედეგად

  • კურიერს უწევს დამატებით დარეკვა და დაზუსტება;
  • მიწოდება ფერხდება;
  • ამანათი ზოგჯერ ვერც აღწევს შესაბამის ადრესატთან.

ყოველთვის გადაამოწმეთ მისამართი გაგზავნამდე და დარწმუნდით, რომ ყველა წვრილმანი მითითებული გაქვთ. ,,ონვეიში” მისამართის ველი სპეციალურად გვაქვს დეტალურად გაყოფილი. გამოიყენეთ ყველა ველი მაქსიმალურად.

2. არასათანადო შეფუთვა

"ჩანთაში ჩავდე, არაფერი მოუვა" - ეს ის ფრაზაა, რომელსაც გამგზავნები ყველაზე ხშირად ამბობენ. პრობლემა ისაა, რომ ტრანსპორტირებისას ამანათი გადის რამდენიმე საფეხურს

  • მანქანაში ჩატვირთვა;
  • ტვირთის ერთმანეთზე დალაგება;
  • გადაადგილება ქალაქებს შორის.

თუ ნივთი კარგად არ არის შეფუთული ან არ არის მითითებული მისი სპეციფიკა, მსხვრევა, დეფორმაცია ან დაზიანება მარტივად შეიძლება მოხდეს.

  • გამოიყენეთ შესაბამისი ზომის მუყაოს ყუთი;
  • ცარიელი სივრცეები აუცილებლად შეავსეთ;
  • გამოიყენეთ ბუშტოვანი პარკი, ქაღალდი ან ტექსტილი;
  • მინა/კერამიკა უნდა იყოს ორმაგად შეფუთული.

3. მსხვრევადი ნივთების დაუცველი ტრანსპორტირება



ბევრი მომხმარებელი მხოლოდ ზედაპირულად ფუთავს მინის ჭურჭელს ან დეკორს. რეალურად, მსხვრევადი ნივთებისთვის აუცილებელია

  • ორმაგი ან სამმაგი ბუშტოვანი შეფუთვა;
  • თითოეული საგნის ცალ-ცალკე გამოყოფა;
  • ყუთის შიგნით ცარიელი სივრცის არარსებობა.
  • თუ ნივთები ერთმანეთს ეხება, ნებისმიერ მცირე ზეწოლაზე მტვრევის რისკი იზრდება.

4. არასრული ან არასწორი დოკუმენტაცია

განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხმარებელი გზავნის

  • იურიდიული პირის სახელზე;
  • მაღაზიიდან შეძენილ ნივთს;
  • შესაბამისი ინვოისის გარეშე.

ამანათს რეგისტრაციისას პრობლემა ექმნება, ხოლო მიწოდება ფერხდება. ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ სწორად იყოს მითითებული

  • სახელი და გვარი;
  • საკონტაქტო ნომერი;
  • იურიდიული პირის სხვა მონაცემები.

5. დაუზუსტებელი კონტაქტი

ხშირად ხდება, რომ ნომერი გათიშულია ან ადრესატი არ პასუხობს ან სულაც ნომერი საერთოდ არასწორადაა შეყვანილი. ამანათის ჩაბარება ასეთ დროს შეუძლებელი ხდება და კურიერი იძულებულია უკან დაბრუნდეს. ნომრის მითითებისას რამდენჯერმე გადაამოწმეთ მისი სისწორე და არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ ალტერნატიული ნომერიც.


როგორ შევფუთოთ ამანათი სწორად? ჩვენი ლოგისტიკის გუნდის რეკომენდაციები

საბაზისო მასალები, რომლებიც ყველა ამანათს სჭირდება

მუყაოს ყუთი;

  • ბუშტოვანი პარკი;
  • ქაღალდი ან მაკულატურა;
  • ფიქსაციის ლენტი;
  • მარკერი (ნაზი/მყიფე ნივთი აუცილებლად მონიშნეთ).


როგორ შევფუთოთ სწორად მსხვრევადი ნივთი?


  • ნივთი ბუშტოვან პარკში ორჯერ გადაახვიეთ;
  • გამოიყენეთ "სენდვიჩის" პრინციპი - ქვედა ფენა, შუა ფენა, ზედა ფენა;
  • თითოეული ნივთი ცალკე შეფუთეთ;
  • ყუთში არ დატოვოთ ცარიელი სივრცე;
  • ზედა მხრიდან დაამატეთ რბილი მასალა;
  • მიაწერეთ "Fragile / მსხვრევადი".

თქვენთვის კიდევ უფრო პრაქტიკული რჩევები რომ მოგვეცა, ვესაუბრეთ ,,ონვეის” ქოლ-ცენტრის მენეჯერს, ქეთი კაპანაძესა და მონიტორინგის თანამშრომელს, ილონა გერგედავას.


ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებს მომხმარებელი ამანათის გაგზავნისას?

„მომხმარებლების ჩართულობა არის ძალიან  მნიშვნელოვანი იმ ჯაჭვში, რომელიც ამანათის გამზადებიდან ადრესატთან ჩაბარებამდე პროცესს მოიცავს. თითოეული შეცდომა, რომელსაც მომხმარებელი უშვებს, იწვევს საკურიერო კომპანიის მიერ არასწორად წარმართულ სამუშაო პროცესებს. ასეთი შეცდომები, ხშირშემთხვევაში, მეორდება და ესენია: 

  • არასრული/გაუგებარი მისამართი
  • ნივთების არასწორი რაოდენობა
  • სპეციფიკური/მსხვრევადი ნივთების არასათანადო შეფუთვა. 

ძირითადად, ეს საკითხები აფერხებს სამუშოა პროცესებს, რადგან ყველა მსგავსი პრობლემის მქონე ნივთის გადადება გვიწევს მონიტორინგის მიერ გასარკვევი ამანათების სივრცეში, სადაც ნივთი ყოვნდება ერთი, ორი ან სულაც სამი დღე, სანამ მომხმარებელთან ერთად საბოლოოდ არ დავამუშავებთ საკითხს. ყოველივე ეს კი იწვევს ადრესატების უკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ, მოქმედებს როგორც გამგზავნ, ასევე საკურიერო კომპანიის იმიჯზე.“ - ქეთი

რამდენად დიდ გავლენას ახდენს მისამართის სიზუსტე პროცესის სისწრაფეზე?

„მისამართის ზუსტი დაფიქსირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორად შეყვანილი მონაცემები უზრუნველყოფს, რომ ამანათი სათანადოდ განაწილდეს უბნების მიხედვით, შემდეგ კი კონკრეტულ მისამართზე გაიგზავნოს.
თუ მისამართი არასწორი ან არასრულია, ამანათის მიწოდება ჩერდება, იწყება დამატებითი დაზუსტება და, შესაბამისად, მიწოდებაც ფერხდება. ერთი შეხედვით მცირე შეცდომა, რეალურად, მთელი პროცესის შეფერხებას იწვევს. თუ მისამართი ზუსტია, ამანათი ბარდება გათვალისიწნებულ ვადებში და მომხმარებელიც კმაყოფილია.“
- ილონა

რა არის თქვენი მთავარი რჩევა ადამიანებისთვის, ვინც ხშირად აგზავნის ამანათებს?

„იმ მომხმარებლებს, რომლებიც ხშირად ან თუნდაც ერთჯერადად სარგებლობენ საკურიერო კომპანიის მომსახურებით, ვურჩევდი, გაითვალისწინონ, რომ ამანათის დროულად და ხარისხიანად მიწოდება ადრესატამდე უნდა წარმოადგენდეს, პირველ რიგში, მათ ინტერესს; ნებისმიერი მათი ჩართულობა პროცესში არის კმაყოფილი ადრესატის გარანტი. მომხმარებლები ისეთივე აქტიური მონაწილეები უნდა იყვნენ მიწოდების პროცესის, როგორც გადამზიდი კომპანია - მყარი შეფუთვა, მისამართის დაზუსტება, ნომრის გარკვევა, თანხის დაზუსტება, კომუნიკაციის დამყარებაში ჩართულობა - ყოველივე ეს წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას გადამზიდის გუნდთან ერთად.“ - ქეთი


რა ტიპის ამანათები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და რატომ?

„განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება მოცულობითი და მძიმე ტვირთების გადაზიდვას. ასეთი ამანათები როგორც გადატანის, ისე მანქანაში განლაგებისა და საწყობში განთავსებისას დიდ რისკთან არის დაკავშირებული. საჭიროა სწორად დალაგება, დამატებით დაფიქსირება და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა.“ - ილონა

როგორ იცვლება ლოგისტიკის პროცესი პიკის პერიოდში, მაგალითად, შავი პარასკევის, ახალი წლის ან სეზონური დატვირთვის დროს?

„პიკის პერიოდში ჩვენი მუშაობა მნიშვნელოვნად ინტენსიური ხდება, ამანათების მოცულობა ზოგჯერ ორმაგდება. ასეთ დროს გადავდივართ გაძლიერებულ რეჟიმზე, ვიმატებთ თანამშრომლებს, ამანათებს ვაპრიორიტეტებთ თარიღის მიხედვით, რათა მიწოდების ვადები მაქსიმალურად დავიცვათ. ეს პერიოდი დიდი ორგანიზების უნარს მოითხოვს, თუმცა სწორად დაგეგმილი პროცესებს შედეგად მომხმარებლები ყოველთვის დროულად იღებენ ამანათებს.“ - ქეთი & ილონა.

ამანათის გაგზავნა მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, რომ თქვენი ნივთი სწორად, უსაფრთხოდ და დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილას. ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მთელ თქვენ გამოცდილებაზე.



მსგავსი ბლოგი