ზაფხულის სტარტაპი - 5 ბიზნეს იდეა მინიმალური ინვესტიციით
22 ივლისი, 2025.png)
ზაფხული მხოლოდ დასვენების სეზონი არ არის — ეს არის იდეალური დრო მცირე ბიზნესის დასაწყებად საქართველოში. მზარდი ტურიზმი, ფესტივალები და აქტიური ქუჩები ქმნიან შესაძლებლობებს, რომ მცირე ინვესტიციით წამოიწყო სეზონური საქმე და გამოცადო შენი მეწარმეობრივი უნარები.
ჩვენ მოგაწვდით 5 იდეას, რომელთა წამოწყებაც მინიმალური დანახარჯით შეგიძლია და საჭიროების შემთხვევაში სწრაფადაც გააფართოებ.
ცივი სასმელებისა და ნაყინის კუთხე
ცხელი დღეები მოდის, და რაც უფრო იწევს ტემპერატურა, მით მეტად იზრდება მოთხოვნა გამაგრილებელ სასმელებზე. წარმოიდგინე პატარა მოძრავი კუთხე პარკის ან სკვერის სიახლოვეს, სადაც გამვლელები შეიძენენ ნატურალურ ლიმონათს, ცივ ყავას ან ტრადიციულ ნაყინს.
რჩევა: კარგი ლოკაცია და სიმყუდროვე მთავარია. დაიარე მეზობლად პარკები, სკოლების ან ოფისების მიმდებარე ადგილები და მოძებნე ის ადგილი, სადაც ხალხი მუდმივად მოძრაობს. ლამაზი გაფორმება და საინტერესო სახელი კი დაგეხმარება, რომ გამვლელების ყურადღება წამებში მიიქციო.
პიკნიკის ნაკრების გაქირავება
საქართველოში პიკნიკი ყველას უყვარს, მაგრამ მზადება ბევრისთვის დიდი თავის ტკივილია, პლედების, კალათების, ჭურჭლისა და სხვა ნივთების შეგროვება დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა შეგიძლია აქციო ბიზნესად. წარმოიდგინე, რომ მომხმარებლებს სთავაზობ სრულ კომპლექტს: რბილ პლედებს, ლამაზ კალათებს თერმოსითა და სხვა საჭირო წვრილმანებით. მომხმარებლებს ისაღა დარჩენიათ, დრო და ადგილი აირჩიონ, შენ კი ყველაფერი მზად გექნება გასაქირავებლად.
მაგალითი: ერთმა ახალგაზრდამ ბორჯომში ასეთი სერვისი წამოიწყო. თავიდან მხოლოდ სამი ნაკრები ჰქონდა, პირველი მომხმარებლები კი მისი მეგობრები გახდნენ. მათ მიერ ინსტაგრამზე გაზიარებულმა ფოტოებმა სხვა დაინტერესებულებიც მიიზიდა. რამდენიმე კვირაში კალენდარი გაივსო და დამწყები ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრიც დაიწყო.
რჩევა: არ არის საჭირო თავიდანვე ძვირადღირებული ნივთები შეიძინო. პლედები და კალათები შეგიძლია მეორედი ბაზრობებიდან ან ონლაინ ბიუჯეტურად შეაგროვო. მთავარი აქ ლამაზად შეფუთვა და კარგი ფოტოებია – სთორები და პოსტები შენი საუკეთესო რეკლამა გახდება. ასევე კარგი იქნება, თუ პიკნიკისთვის სტანდარტულად საჭირო ნივთებთან ერთად მომხმარებლებს სამაგიდო თამაშებს, ბადმინტონს და მსგავს გასართობებსაც შესთავაზებ.
ზაფხულის აქსესუარების მინი ონლაინ მაღაზია
ჩალის ქუდები, პლაჟის ჩანთები, ზურგჩანთები და მზის სათვალეები ის ნივთებია, რომლებიც ზაფხულში ყველას სჭირდება. სოციალურ ქსელებში გაყიდვები კი საქართველოს ბაზარზე დღითიდღე იზრდება.
რჩევა: ნუ ინერვიულებ საწყობზე, შეგიძლია სამუშაო მოდელად აირჩიო „პროდუქციის შეკვეთა მოთხოვნის მიხედვით“ და თავიდან აიცილო ზედმეტი დანახარჯები. სწრაფი მიწოდება კი მნიშვნელოვანი კომპონენტია კლიენტების კმაყოფილებისთვის, რაშიც ONWAY დაგეხმარება. თუ ონლაინ მაღაზია არ გაქვს, ჩვენს ძველ ბლოგებს გადახედე, იქ ბევრ პრაქტიკულ რჩევას ნახავ.
ეზოს ან აივნის დეკორის სერვისი
ზაფხული ეზოსა და აივნის მოწყობის სეზონიც არის. ბევრი ადამიანი ფიქრობს, როგორ შექმნას პატარა, კომფორტული კუთხე საღამოს დასვენების ან მეგობრების მიღებისთვის. შენ კი შეგიძლია ეს მოთხოვნა ბიზნესად აქციო. დაიწყე უბრალო განათებებით, ბიუჯეტური პლასტმასის ავეჯითა და ყვავილების ქოთნებით. შემდეგ კი ბიზნესის ზრდასთან ერთად შენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხიც გაიზრდება.
რჩევა: შექმენი რამდენიმე სტანდარტული პაკეტი, მაგალითად, „აივანი 200 ლარად“, „ეზო ბავშვებისთვის“ და ა.შ. რათა მომხმარებელმა მარტივად აირჩიოს და ფასი თავიდანვე იცოდეს.
ერთდღიანი ბიუჯეტური ტურების ორგანიზება
გიფიქრია, რამდენი ნაკლებად ცნობილი ლოკაციაა საქართველოში, სადაც ტურისტებსაც და ადგილობრივებსაც სიამოვნებით წავიყვანდი? ჩანჩქერები, ფოლკლორული საღამოები სოფლად, ღვინის დეგუსტაცია ოჯახურ მარანში – ეს ყველაფერი ერთდღიან ტურში შეგიძლია გააერთიანო. დაიწყე მარტივად – თითო კვირაში ერთი ჯგუფი წაიყვანე ლაშქრობაზე და თან შესთავაზე „ბონუს გამოცდილებები“, მაგალითად, მწვადის შეწვის მასტერკლასი, ქართული სიმღერები გიტარაზე და ა.შ. რეკლამა შეგიძლია რომელიმე სოციალურ ქსელში გააკეთო, ხოლო პირველი რამდენიმე წარმატებულად ჩატარებული ტური უკვე შემდეგში ბუნებრივად გაგიჩენს ახალ მომხმარებლებს.
რჩევა: ტურების წარმატების საიდუმლო კარგი ორგანიზებაა. დროულად დაგეგმე ტრანსპორტი, სერვისები და მოიძიე პარტნიორები, მაგალითად, მარნები, სადაც ტურისტებს ღვინოს გაასინჯებ ან საკვები ობიექტები, რომლებსაც გზა და გზა შეუვლით ხოლმე.
ზაფხული საუკეთესო დროა ახალი სტარტაპისთვის. თუნდაც პატარა იდეით დაიწყო, დიდი ნაბიჯისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. გახსოვდეს, წარმატებული ბიზნესი ხშირად იწყება იმით, რომ სხვის დიდ პრობლემას შენ მარტივად აგვარებ.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!