ლევან ქანთარია - ბუღალტერი

ლევან ქანთარია - ბუღალტერი

ონვეიში ყოველთვის ვცდილობთ წავახალისოთ თანამშრომლის პროფესიული ზრდა და განვითარება. დღეს ლევანს გაგაცნობთ, ის 6 წლის წინ კურიერის პოზიციაზე შემოგვიერთდა. თავიდანვე გამოირჩეოდა პუნქტუალურობით, შრომისმოყვარეობით, საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებითა და ინიციატიურობით.

მალევე გამოავლინა ინტერესი ბუღალტერიის მიმართულებით, მისი დაინტერესება, თვითგანვითარებისკენ სწრაფვა კი შეუმჩნეველი არ დარჩა და დღეს იგი ფინანსური განყოფილების წარმატებული თანამშრომელია.

ლევანი გვიყვება, რომ კურიერად მუშაობისას, ხალხთან კომუნიკაცია და სამუშაო დროის სწორად განაწილება უყვარდა, ეს გამოცდილება კი ამჟამინდელ პოზიციაზეც ძალიან ეხმარება.

იმ თვისებებთან ერთად, როგორიცაა ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პროცესების ეფექტურად მართვის უნარი, ლევანი საოცარი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა, ოფისში ყველას გვახალისებს მის მიერ წარმოთქმული ხუმრობები, თუმცა, როცა საკითხი ფინანსურ დოკუმენტაციას ეხება, მისი სახე მაშინვე სერიოზული ხდება და ნამდვილი ბუღალტრის პრინციპულობით უდგება საქმეს. 

აღსანიშნავია, რომ ლევანის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური განყოფილებით, აქტიურად მონაწილეობს ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვასა და მათ ფინანსურ ოპტიმიზაციაში.

სამსახურს მიღმა ლევანს რამდენიმე საინტერესო ჰობი აქვს: საყვარელი აქტივობა ცურვაა, რომელსაც განტვირთვისა და ენერგიის აღდგენისთვის იყენებს.

კიდევ ერთი გატაცება კი კულინარია, ხშირად ამზადებს გემრიელ კერძებს.

ლევანს ვთხოვეთ ონვეი ადამიანად წარმოედგინა, ცოტახნით ჩაფიქრდა და ასე გვიპასუხა: "ონვეი, რომ ადამიანი იყოს ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ქალბატონი იქნებოდა, რომელსაც ახალი იდეები და მიზნები არასდროს ელევა.

დასასრულს, ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანიც გაგვიმხილა, რაც ყველაზე მეტად უყვარს კოლეგებში: ,,ჩვენს გუნდში განსაკუთრებულია ის, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე და როგორ ვახერხებთ ნებისმიერი საკითხის ერთად გადაწყვეტას.

შეიძლება უმნიშვნელო და ცოტათი სახალისო ჩანდეს, მაგრამ ჩვენი გუნდურობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ისიც, თუ როგორ ვახერხებთ შესვენებისას საჭმლის შეკვეთაზე ერთსულოვნად შეთანხმებას. 

ფინანსები, ადამიანები და გუნდური მუშაობა - ეს არის ის, რაც ჩემს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის''.

ლინკის დაკოპირება