თამუნა ცერცვაძე - მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

თამუნა ცერცვაძე - მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

გაგაცნობთ ონვეის კიდევ ერთ თანამშრომელს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდიდან. თამუნა 1 წელზე მეტია, რაც ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე შემოუერთდა ჩვენს გუნდს. დღის განმავლობაში უამრავ მომხმარებელთან უწევს კომუნიკაცია, სატელეფონო ზარებზე პასუხი თუ მიმოწერა. გულისყურით ისმენს მათ საჭიროებებს და ყოველთვის ცდილობს დახმარებას.

გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც ჩვენთანაც არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა ერთმა ამბავმა, კიდევ უფრო დაგვარწმუნა ამაში.

მოგვიყვა: ,, ჩემს ქორწილში ღამის ცვლიდან პირდაპირ სტუმრების მისაღებად წავედი, სხვა სამსახურში ვმუშაობდი, ღამისთევა მიწევდა და ისე მოხდა, რომ წინა ცვლა ჩემი ქორწილის დღეს დაემთხვაო "

პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სხვა საქმეებშიც ეტყობა განსაკუთრებით კი კულინარიაში, რომელიც მისი საყვარელი ჰობია. როცა სამზარეულოში შედის, მთელი ენთუზიაზმით ეძალება საქმეს და ნაირ-ნაირ გემრიელობებს ამზადებს.

როცა ვკითხეთ, როგორ აღწერდა თავის სამუშაო დღეს, იუმორით ვერის უბნის მელოდიებიდან გადაკეთებული ფრაზა წაგვიღიღინა ,,ვრეკავ და ვრეკავ, მთელი დღე ვრეკავ'', რაც მართლაც ასეა, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში სამუშაო დღეს ზარები თითქმის არასდროს წყდება. ჩვენი გოგონები კი მაქსიმალურად ცდილობენ ყველა მომხმარებლისთვის პასუხის დაბრუნებასა და დახმარებას.

საინტერესო მოსასმენი იყო მისი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ონვეი, ადამიანი რომ ყოფილიყო ,,დახლოებით 40 წლამდე ქალბატონი, რომელიც ჩამოყალიბებულია თავის სურვილებში, აქვს მკაფიო მიზნები და მუდმივად წინ მიიწევს ''.

იმ ღირებულებებზეც გვესაუბრა, რაც ონვეისთან აკავშირებს, რომელთაგან ყველაზე მკაფიოდ პროფესიონალიზმი და გუნდურობა გამოარჩია.

მისთვის ეს უბრალოდ სიტყვები არ არის - ყოველდღიურად ხედავს, როგორ აერთიანებს გუნდს საერთო მიზნისკენ სწრაფვა - მაქსიმალურად პოზიტიური გახადონ მომხმარებლის გამოცდილება.

ბოლოს კი რჩევაც დაგვიტოვა მათთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობა სურს ,,იყავით გულისხმიერები, ეს თვისება ამ საქმეში განსაკუთრებით გამოადგებათ''.

ლინკის დაკოპირება