მასტერლიგა - OnWay FC სეზონის პირველი წრის შეჯამება
ზაფხულის სეზონის მასტერლიგის პირველი წრე დასრულდა და დროა, შედეგებსაც გადავხედოთ.
OnWay FC-მ სეზონი რთული სტარტის მიუხედავად დამაჯერებლად განაგრძო და 10 ტურის შემდეგ პირველი წრე 7 გამარჯვებით, 1 ფრითა და 2 მარცხით, სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.
ამ პერიოდში გუნდმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და ინდივიდუალურმა წარმატებებმაც არ დააყოვნა - გუნდის კაპიტანი თემო გოგრიჭიანი პირველივე ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა, ხოლო ნახევარმცველი ლაშა ნანობაშვილი, რომელმაც 10 ტურში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, მასტერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
პირველი წრის დასრულების შემდეგ OnWay FC-ის კაპიტანსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ნანობაშვილს სეზონის შესახებ ვესაუბრეთ.
თემო გოგრიჭიანი, კაპიტანი

პირველი წრე დასრულდა. როგორ შეაფასებ გუნდის გამოსვლას? კმაყოფილი ხარ იმ შედეგით, რაც ამ ეტაპზე გაქვთ?
,,ძალიან რთული, დაძაბული პირველი წრე გამოვიდა. კმაყოფილი ვარ გუნდის შედეგით მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მეტი ქულის დაგროვება შეიძლებოდა.”სეზონი მარტივად არ დაწყებულა, თუმცა შემდეგ გუნდმა კარგი სერია ააწყო''
რა შეიცვალა შენი აზრით?
,,ყოველი ვარჯიშისა და თამაშის შემდეგ ვიზრდებით, ვძლიერდებით როგორც ფიზიკურად, ისე მენტალუად. პროგრესიც სახეზეა.”
კაპიტნის როლი თამაშთან ერთად არ მთავრდება. რას ნიშნავს შენთვის იყოთ OnWay FC-ის კაპიტანი?
,,ურთიერთობას, რომელიც არასდროს სრულდება.”
პირველ ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაგასახელეს. რამდენად განსაკუთრებული იყო ეს აღიარება შენთვის?
,,მოტივაციისთვის იდეალური და ძალიან სასიამოვნო.”
რას ელოდები სეზონის მეორე წრისგან? რა მიზანი აქვს გუნდს?
,,ველოდები გულშემატკივრის მატებას სტადიონზე, ხოლო მიზანი ჩემპიონობაა.”

ლაშა ნანობაშვილი, ონვეის საფეხბურთო გუნდის წევრი
10 ტურში 10 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და მასტერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა - როგორ შეაფასებდი პირველ წრეს?
,,პირველ წრეს საკმაოდ დადებითად შევაფასებდი. რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნები, რაც ბუნებრივია სეზონის სტარტზე. კარგად დავიწყეთ, ახლა შიდა ჩემპიონატში ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს. რაც შეეხება ჩემს სტატისტიკასა და ნაკრებში გამოძახებას, ამაში წვლილი თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის და ეს არ არის პერსონალური. მათ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი.”
რომელ თამაშს ან გოლს გამოარჩევდი პირველ წრეში და რატომ?
,,ბევრი სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო მარტყოფთან შეხვედრა, რომელიც 5:4 მოვიგეთ. გუნდმა ყველაფერი ჩადო ამ შეხვედრაში და 3 ქულაც დამსახურებულად მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემთვის გამორჩეულ მომენტს, სფფ-სთან მოგებულ 5:3 შეხვედრაში მეორე ტაიმში გატანილ გოლს გამოვარჩევდი.”
როგორ ინარჩუნებ ფორმას სეზონის განმავლობაში და როგორ ემზადები თითოეული მატჩისთვის?
,,ფორმის შენარჩუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან თამაშები ყოველ კვირას იმართება. თითოეული მატჩი კი განსაკუთრებულ ძალისხმევას ითხოვს. ვემზადები როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად და ვცდილობ, კვირიდან კვირამდე თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდე.”
რას ფიქრობ გუნდის შანსებზე მეორე წრეში? სად ხედავ OnWay FC-ს სეზონის ბოლოს?
,,ონვეის” სამომავლო შანსებს საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებ. გუნდის მიზანს, რაც შვიდეულში მოხვედრაა, ჯერჯერობით კარგად ვასრულებთ და დარწმუნებული ვარ, იგივე შემართებით და იქ დავასრულებთ, სადაც დავგეგმეთ. მიზანს რაც შეეხება, მიზანი ერთადერთია - ჩემპიონობა.”
რას ეტყოდი გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი პირველი წრის განმავლობაში გუნდს გვერდში ედგნენ?
,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ,,ონვეის” მსგავსი გულშემატკივარი არცერთ გუნდს ჰყავს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ და სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ მოტივაციისა, რასაც მოედანზე არაერთხელ ვაჩვენებთ. რაც შეეხება ჩემს პირველ მოტივატორს, ის ჩემი მეორე ნახევარია, რომელიც ყველა თამაშზე გვერდში მიდგას და ძალას მაძლევს, როგორც მე, ასევე მთლიანად გუნდს.”

პირველი წრე უკვე ისტორიაა, თუმცა სეზონის მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.
OnWay FC მეორე წრეს პოზიტიური განწყობით, დაგროვილი გამოცდილებითა და მკაფიო მიზნებით ხვდება. გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ რთული სტარტის შემდეგ დაბრუნება შეუძლია, ახლა კი მთავარი ამოცანა ამ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მაღალი შედეგებისთვის ბრძოლაა.
მადლობას ვუხდით ყველა გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ტრიბუნიდან გვამხნევებს. შევხვდებით მეორე წრეში!