“ონვეის” საფეხბურთო გუნდი პირველ ლიგაშია

“ონვეის” საფეხბურთო გუნდი პირველ ლიგაშია

საფეხბურთო სეზონი დასრულდა და”ონვეის” გუნდი ამ ფინალს დიდი წარმატებით შეხვდა. სეზონი სავსე იყო ბრძოლით, აზარტით, გუნდურობითა და ემოციებით, რომლებიც ბოლო წუთამდე გულს უჩქარებდა როგორც მოთამაშეებს, ისე მაყურებლებს. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეორე ლიგიდან პირველში გადასვლა მხოლოდ გამარჯვებებით კი არა, ენერგიით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და საქმის სიყვარულით შეძლეს.

ჩვენ გავესაუბრეთ გუნდის სამ მთავარ ფიგურას: კაპიტან დავით ქარსელაძეს, ბომბარდირ გიორგი ვაზაგაშვილსა და გუნდის იდეის ავტორ ბექა გოგოლაშვილს. გაგაცნობთ მათი თვალით დანახულ გასულ სეზონს.


ბექა გოგოლაშვილი (გუნდის იდეის ავტორი)

საიდან გაჩნდა გუნდის შექმნის იდეა?

“ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე ვერ გავყევი ამ სპორტს, არადა მქონდა დიდი სურვილი, მეთამაშა პუბლიკის წინაშე. როდესაც შევიტყვე  მასტერ ლიგის შესახებ, მაშინვე გადავწყვიტე გუნდის დაარსება და დავისახე მიზნად 1-ელ ლიგაში გადასვლა. ეს იყო 3 წლის წინ. მიზანი მიღწეულია და შედეგიც დადებულია. ახლა მთავარია, გუნდის განვითარება, რათა ღირსეულად ვიასპარეზოთ უმაღლეს ლიგაში.”

რა იყო ყველაზე რთული ნაბიჯი იდეიდან რეალურ გუნდამდე ჩამოყალიბებაში?

“სიმართლე გითხრათ, რთული ნაბიჯი არ გვქონია. მთავარი თანხის მოძიება იყო, რაშიც “ონვეი" 100%-ით დაგვეხმარა, კომპანიამ სრულად დააფინანსა საჭირო ხარჯები, ხოლო მე და დავით ქარსელაძემ რამდენიმე ჩვენი მეგობარი, ფეხბურთელი თანამშრომელი შემოვიკრიბეთ და დავიწყეთ ასპარეზობა.”

გუნდის ფორმირებისას უფრო რა იყო მნიშვნელოვანი - უნარები თუ ხასიათი?

“ხასიათი იყო მთავარი, რომლის შენარჩუნებასაც დღემდე ვცდილობთ და წარმატებითაც გამოგვდის.” 

რა ღირებულებები უნდა გადმოეცა ამ გუნდს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა?

“⁠ჩვენი საფეხბურთო კლუბისთვის მთავარი ღირებუელება როგორც ერთმანეთის, ისე მაყურებლისა და მოწინააღმდეგის დაფასებაა. ჩვენთვის ასევე მთვარია გუნდურობა და ურთიერთგაგება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.”

როგორ დაახასიათებდით გუნდს ერთი წინადადებით?

“ონვეი” არის დისციპლინირებული, მებრძოლი გუნდი, რომელიც კიდევ ბევრ რამეს დაამტკიცებს.”

მოგვიყევით სამომავლო გეგმებზეც.

“ჩვენი სამომავლო გეგმებია ვარჯიშის დროულად განახლება, გუნდში ახალი მოთამაშეების დამატება და, რაც მთავარია, უმაღლეს ლიგაში მოწინავე პოზიციებზე ასპარეზობა.”


დავით ქარსელაძე (კაპიტანი)

ერთი წინადადებით რომ შეაჯამოთ, როგორი სეზონი იყო?

“რთული, მაგრამ მიზანი მიღწეულია.”

სეზონის რომელი მომენტი იყო გარდამტეხი, რომელმაც გაფიქრებინათ, რომ პირველ ლიგაში გადასვლა რეალურად შეიძლებოდა?

“სეზონის დასკვნითი ეტაპი - ერთ თამაშში უნდა გადაწყვეტილიყო ჩვენი ერთი წლის შრომა.”

კაპიტნის რანგში რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის?

“გუნდის გაერთიანება საერთო ღირებულებების გარშემო და ერთი მიზნისკენ სწრაფვა.”

რომელი თამაში იყო ყველაზე ემოციური ან გადამწყვეტი?

“არქისთან” მოპოვებული 3:1 და ასევე, უდავოდ, ბოლო პლეიოფის თამაში “მფრინავ ჰოლანდეილთან” 6:2 გამარჯვებით.” 

როცა ანგარიში თქვენ სასარგებლოდ არ იყო, რას ეყრდნობოდა გუნდი და რა გაძლევდათ მოტივაციას?

“ერთმანეთის გამხნევება ბოლო წუთამდე და მიზნის ერთგულება. გეგმის შესრულება მარტივი არაა, გზად შეიძლება ისე არ გამოვიდეს, როგორც დაგეგმე, მაგრამ, საბოლოოდ, მთავარი ის იყო, რომ ბიჭებს თავიდანვე დასახული გეგმის ერთგულება ჰქონდათ.”

როგორ დაახასიათებდით გუნდის ქიმიას მოედანზეც და მის მიღმაც?

“გუნდი ერთიან მუშტად არის შეკრული, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ფეხბურთელები მიზანზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები და სხვა საფიქრალი არ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობდით მათთვის, გამოწვევებს კი ჯგუფის ლიდერები საკუთარ თავზე ვიღებდით.”

პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ამ გუნდის კაპიტნობა?

“პირველ რიგში, თამაშის დანაკლისის შევსებას. ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ კიდევ ვაგრძელებ თამაშს; შემდგომ, როდესაც დიდი კომპანია მის კაპიტნობას განდობს, პასუხისმგებლობასა და მოფრთხილებას ფორმისას, რომელიც გვაცვია; სიამაყის გრძნობას, როდესაც კომპანია და კლუბიც ტანდემში ვითარდება წლიდან წლამდე.” 

რომელმა თანაგუნდელმა გაგაოცათ ამ სეზონში ყველაზე მეტად და რატომ?

“ჩვენი დაცვის ფეხბურთელმა, თემურ გოგრიჭიანმა. თავიდან გახსნა გაუჭირდა, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის გარეშე დაცვაში პრობლემები გვექმნება.”

ერთი მოკლე გზავნილი გულშემატკივრებს, ვინც მთელი სეზონი გიჭერდათ მხარს.

“ჩვენ თქვენ გვაძლიერებთ. თუ შენ არ იქნები, ერთი გულშემატკივრით ნაკლები ვართ მოედანზე.”


გიორგი ვაზაგაშვილი (ბომბარდირი)

პროფესიონალური ფეხბურთიდან, რომელი გაკვეთილი გამოგყვათ ყველაზე მეტად, რომელიც დღემდე გეხმარებათ თამაშში ან ცხოვრებაში?

“პროფესიონალურ ფეხბურთში ვისწავლე დისციპლინა და პასუხისმგებლობა; ისიც, რომ შედეგი მხოლოდ ნიჭზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ყოველდღიურ შრომაზე. ეს მიდგომა დღემდე მეხმარება არა მხოლოდ თამაშში, არამედ სამსახურშიც. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, როგორც მოედანზე, ისე საქმეში.”

პროფესიონალურ ფეხბურთში ფსიქოლოგიური წნეხი რამდენად დიდია და როგორ მართავდით მას? ახლა უფრო მსუბუქად თამაშობთ თუ სხვა სახის პასუხისმგებლობა გაქვთ?

“ფსიქოლოგიური წნეხი პროფესიონალურ ფეხბურთში ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ მჯეროდა ჩემი ძალების და ეს მეხმარებოდა მასთან გამკლავებაში. ახლა ამ გამოცდილების წყალობით უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად ვთამაშობ. თუმცა, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. როცა გამოცდილება გაქვს, სხვებისთვისაც მაგალითი უნდა იყო და კომპანიის ღირსება უნდა დაიცვა მოედანზე.”

გოლის გატანა ისევ იგივე ემოციას იწვევს, რასაც პროფესიონალური თამაშის დროს იწვევდა?

“გოლის გატანა ჩემთვის დღესაც იგივე ემოციას იწვევს, როგორც პროფესიონალურ კარიერაში. მაშინ ეს იყო სპორტული მიზანი, ახლა კი უფრო სუფთა სიამოვნებაა, როცა გუნდს წარმატებაში ვეხმარები და ვხედავ, როგორ გვიხარია ყველას ერთად.”

პირადად თქვენთვის რა იყო ამ სეზონის მთავარი მომენტი?

“ჩემთვის მთავარი მომენტი იყო, როცა მთავარ ლიგაში გადასვლა გავინაღდეთ და ჩვენს სიხარულს ოჯახები და თანამშრომლებიც იზიარებდნენ. იმ დროს ნამდვილად ვიგრძენი, რომ ეს გამარჯვება ყველას ეკუთვნოდა.”

როგორ შეაფასებთ მასტერლიგის კონკურენციას, იმაზე რთული იყო, ვიდრე ელოდით?

“მასტერლიგაში ნამდვილად იგრძნობოდა მაღალი დონე, არცერთი თამაში არ იყო მარტივი. მაგრამ სწორედ ასეთმა კონკურენციამ გარდაგვქმნა უკეთესებად. ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში ყველა ერთად მოვბილიზდით და ასე შევძელით გამარჯვება.”

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური თამაში დაასრულეთ, მაინც მთელი გულით თამაშობთ. რა არის ამისი მოტივაცია?

“მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური კარიერა დავასრულე, მაინც გულით ვთამაშობ. მოტივაცია ყოველთვის არის. დღეს ბევრი ბავშვი გვიყურებს, სოც. ქსელებში ყველა თამაში აქტიურად შუქდება, თანამშრომლები და ოჯახის წევრებიც გვგულშემატკივრობენ. ასეთ დროს, უბრალოდ, არ მაქვს უფლება, გულით არ ვითამაშო. პასუხისმგებლობაც არის და სიამოვნებაც.”

თქვენი აზრით, რა არის ამ გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე?

“ყველაზე ძლიერი მხარეა ის, რომ ჩვენ მართლაც გუნდი ვართ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც. გვაერთიანებს მეგობრობა, პატივისცემა და სურვილი, რომ ერთად გავიმარჯვოთ. გამოცდილებაც გვაქვს და ახალგაზრდული ჟინიც, სწორედ ამიტომ ამ გუნდის თამაში სულ სხვა ენერგიას ატარებს.”




საფეხბურთო სეზონი დასრულდა, თუმცა, ჩვენი გუნდის წარმატებები გრძელდება. პირველ ლიგაში გადასვლა უბრალოდ სტატუსი არ არის, ეს არის ახალი პასუხისმგებლობა, ახალი მიზნები და ახალი ენერგია.


ლინკის დაკოპირება