თაკო ნიკოლეიშვილი - ადმინისტრაციული მენეჯერი
ვაგრძელებთ თქვენთვის ონვეის გუნდის წევრების გაცნობას და დღეს ჩვენს ადმინისტრაციულ მენეჯერს, თაკოს გაგაცნობთ.
თაკო უკვე 7 წელია ჩვენი გუნდის წევრია. ოფისშიც ყველაზე ხშირად ნახავთ თავის კუთხეში, რომელსაც „მეორე სახლს“ ეძახის.
სწორედ თაკოა მიზეზი იმისა, რომ ჩვენი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და შიდა წესრიგი არასოდეს იკარგება ქაოსში.
მხოლოდ ერთი რამ ვერ ექვემდებარება მის წესრიგს - ოფისის კიბეები,რომლებმაც უკვე ორჯერ იმსხვერპლეს მისი კიდურები, მაგრამ მტკიცე და მხიარულ ხასიათს ვერაფერი დააკლეს.
თავისუფალ დროს ბუნებაში ატარებს, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ჩიტების ჟღურტულის მოსმენა მისთვის იდეალური განტვირთვაა.ალბათ, ამიტომაცაა, რომ ოფისშიც ასეთივე სიმშვიდე შემოაქვს.
თუ სახლშია, მას სამზარეულოში მოფუსფუსეს იპოვით. რა არის, რომ მისი ხელიდან გემრიელი არ გამოვიდეს. კულინარია ჰობიდან ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი, განსაკუთრებული პოპულარობით მისი ბურგერები სარგებლობს
როცა ვკითხეთ, როგორ სწავლობს შეცდომებზე, ასე გვიპასუხა: „არ არსებობს გამოუსწორებელი შეცდომა, მთავარი არის მისი აღიარება, შემდეგ კი მუშაობა გამოსწორებაზე“. ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ამას თავის საქმეშიც ამტკიცებს.
მისი თქმით, ის ღირებულება, რომელიც ონვეისთან ყველაზე მეტად აკავშირებს გულღიაობა და კომუნიკაბელურობაა.
„მეგობრული დამოკიდებულებით ვუდგებით საქმესაც და ერთმანეთსაც“, - გვითხრა თაკომ.
ბოლოს კი რჩევაც მოგვცა მათთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობა სურს.
„იყავით ღია სიახლეებისთვის, რადგან "ონვეი" მზარდი კომპანიაა და სიახლეები სამუშაოს ნაწილია. ასევე მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა, რადგან დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა და უნდა შეგეძლოთ ამისგან სიამოვნების მიღება.“
ვუსურვოთ თაკოს წარმატებები, ნაკლები კიბეები და მეტი თავგადასავალი ბუნებაში.
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!