გიორგი პიტიურიშვილი - კურიერი

გიორგი პიტიურიშვილი - კურიერი

გაიცანით გიორგი პიტიურიშვილი - ,,ონვეის" კურიერი, რომელიც უკვე 6 წელია ზრუნავს, რომ ამანათები ადრესატამდე თავდაპირველი სახით მივიდეს.
გიორგის დილა ოჯახთან ერთად იწყება, ასე ინარჩუნებს ენერგიასა და კარგ განწყობას მთელი დღის განმავლობაში.

სამუშაო დღე ქალაქის რიტმისთვის ფეხის აწყობას მოითხოვს, რაც კარგად გამოსდის.
ყველაზე მეტად  ის მომენტი უყვარს, როცა მიწოდების შემდეგ კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებლისგან ესმის - ,,მადლობა სწრაფი და ყურადღებიანი მომსახურებისთვის".

ერთადერთი, რაც ამ პროცესში ხელს უშლის, ქალაქის საცობებია, თუმცა, როგორც ამბობს, საიდუმლო მხოლოდ სისწრაფეში არაა, მთავარია, ყოველთვის მზად გქონდეს გეგმა ბ ალტერნატიული მარშუტების სახით.
გიორგი სამსახურის მიღმაც ვერ ძლებს მანქანების გარეშე. ავტომობილები მისი ჰობის დიდ ნაწილს იკავებს.
მართვა, შეკეთება, დეტალებში გარკვევა მისთვის დიდი სიამოვნებაა. ჯერ-ჯერობით აუხდენელი ოცნებაც კი ოთხ ბორბალს უკავშირება - ფორდ F150 რაფტორი.

თავის ხასიათს ერთი სიტყვით ასე აღწერს - შრომისმოყვარე, რაც განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა დატვირთული დღეების მიუხედავად ერთნაირი ენერგიით აგრძელებს მუშაობას და თითოეულ ამანათს ისეთივე ყურადღებით უდგება, როგორც პირველს.

კოლეგებში ყველაზე მეტად მეგობრულობა და ერთმანეთის მხარდაჭერა უყვარს. ამბობს, რომ ,,ონვეი" ის ადგილია, სადაც ერთმანეთის გვერდით დგომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ გუნდში დახმარებას ითხოვ, მზად არიან, ნებისმიერ საკითხში ხელი გაგიმართონ.

მათთვის, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობას გეგმავს, ერთი საჭირო რჩევაც დაგვიტოვა - იყავით პასუხისმგებლიანები, მომთმენები და შრომისმოყვარეები, დანარჩენი თავისით მოვა.

გიორგის დარჩენილი ოცნებების ასრულებას, ნაკლებ საცობსა და ბევრ  კმაყოფილ მომხმარებელს ვუსურვებთ


ლინკის დაკოპირება