Onway - ბათუმის ფილიალი

Onway - ბათუმის ფილიალი

ხშირად მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ ,,ონვეი” მხოლოდ თბილისში ოპერირებს, თუმცა, რეალურად, ჩვენი ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია.
სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სერიას, სადაც ეტაპობრივად გაგაცნობთ ჩვენს რეგიონულ ფილიალებს - იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს, რომ თქვენი ამანათები დროულად და უსაფრთხოდ მოვიდეს დანიშნულების ადგილზე.

ბლოგებში მოგიყვებით პატარა ისტორიებს ადამიანებზე, ქალაქებზე, განსხვავებულ რიტმსა და იმ რეალობაზე, რაც კურიერულ ცხოვრებას თითოეულ რეგიონში უნიკალურს ხდის.

პირველი გაჩერება - ბათუმი.

ბათუმში ,,ონვეის” ფილიალი უკვე შვიდ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში საკუთარი რიტმი, გამოწვევები და ხასიათიც ჩამოაყალიბა.



ფილიალს დავით ხარაბაძე ხელმძღვანელობს - ადამიანი, რომელიც ბათუმის საკურიერო რეალობას მარტივად, მაგრამ ზუსტად აღწერს:
 ,,თბილისთან შედარებით, აქ ყველაფერი განსხვავებულია - დაწყებული მოსახლეობის რაოდენობით, დამთავრებული იმით, რომ საკურიერო კომპანიების ძირითადი ცენტრები დედაქალაქშია თავმოყრილი.”
ბათუმის ფილიალს კი, მისი სიტყვებით, ერთი ძალიან დამახასიათებელი თვისება აქვს - დინამიკა.ამანათების რაოდენობაც და გუნდიც ხშირად იცვლება, მაგრამ ერთი რამ უცვლელია - ამბიცია, რომ ყოველთვის მეტი გააკეთონ.

ყველაზე ხშირად აქ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აქსესუარები გადააქვთ, თუმცა ყოველდღიურობა მაინც სიურპრიზებით არის სავსე. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა სხვა რეგიონის ამანათები შეცდომით ბათუმში განაწილდა. ქუჩების დასახელებების დამთხვევის გამო კი არავის გასჩენია ეჭვი, სანამ ამანათები გაოცებულ ,,ადრესატებამდე” არ მივიდა.

კურიერების ყოველდღიურობა

ბათუმში კურიერის დღე მარტივი ნამდვილად არ არის - ან რომელ დიდ ქალაქშია მარტივი?! - ეს არის მოძრაობა, ადაპტაცია და მუდმივი ორიენტაცია, რომელიც ყოველდღე იცვლება.



ნუკრი ბურჯანაძე უკვე წელიწადზე მეტია ამ რიტმში ცხოვრობს. იგი დღეში საშუალოდ 60-80 კილომეტრს გადის, რომ ამანათები ადრესატებამდე მიიტანოს. მისთვის ყველაზე გამორჩეული ადგილი ე.წ. „ბენზეს დასახლებაა“ - მრავალფეროვანი გარემოთი და სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობით, რაც თითოეულ მარშრუტს განსხვავებულს ხდის.



ილია ბაგრატიონი შედარებით ახალია გუნდში, მაგრამ უკვე კარგად იცნობს ქალაქის ტემპს. მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ლოკაცია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაა - სივრცე, სადაც ქალაქის სილამაზე და მოძრაობა ერთად იგრძნობა.
როცა ვთხოვეთ, თუ მისი სამუშაო დღე მუსიკის ჟანრთან გაეიგივებინა, როკი აირჩია - ენერგიული, სწრაფი და ცოტათი არაპროგნოზირებადი.

ორივე კურიერი ერთ რამეზე თანხმდება - ყველაზე რთული მაინც ახალი უბნებია, რომლებიც ქალაქს მუდმივად ემატება და ჯერ ბოლომდე არ არის “დალაგებული” რუკაზეც კი.

საწყობსა და ოფისშიც შევიხედოთ

რობერტ მახარაძისთვის, რომელიც საწყობის მენეჯერია, დღის ყველაზე დატვირთული დრო დილაა - როდესაც მანქანები მოდის, ამანათები ნაწილდება და კურიერები დღის მარშრუტისთვის ემზადებიან. მისი თქმით, ამ სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია ორი რამ - სივრცეში ორიენტაცია და დეტალების დამახსოვრება.

მომხმარებლის მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვებინ არ გაგიკვირდებათ -  „დღეს მომიტანთ?“  „რატომ არ მოდის?“



გელოდი აბულაძე, ლოჯისტიკის მენეჯერი, ამ პროცესს უფრო ფართო სურათში ხედავს - ბათუმი იზრდება, ჩნდება ახალი დასახლებები, იცვლება ლოკაციები, და შესაბამისად, ყოველდღე საჭიროა ადაპტაცია. მისთვის ამ სფეროში მთავარი პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტია იმიტომ რომ თითოეული ამანათი კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის და მათ განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირედება.



ბათუმის ფილიალს სლოგანი რომ ჰქონდეს, ასეთი იქნებოდა - „დროულად და სწრაფად“. სლოგანად მარტივია, თუმცა, თუ დავფიქრდებით, მის სისრულეში მოყვანას დიდი შრომა სჭირდება, რასაც აჭარის გუნდი საუცხოოდ უმკლავდება.

ბათუმის ფილიალი პირველი გაჩერებაა ამ სერიაში. წინ კიდევ ბევრი ქალაქი და საინტერესო თანამშრომლები გელოდებათ.


ლინკის დაკოპირება