Onway - ფოთის ფილიალი
როცა ერთი სამუშაო დღე რამდენიმე ქალაქსა და სოფელს აერთიანებს
ვაგრძელებთ ონვეის რეგიონული ფილიალების გაცნობას. ამ სერიაში გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ამანათები საქართველოს სხვადასხვა წერტილში დროულად და უსაფრთხოდ მივიდეს.
ამჯერად ფოთის ფილიალს ვსტუმრობთ, რომლის გუნდის სამუშაო დღე ქალაქის საზღვრებს ხშირად სცდება - მარშრუტები გურიის ქალაქებსა და სოფლებშიც გრძელდება, სადაც ერთი ამანათის ჩაბარებაც კი ზოგჯერ რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლას ნიშნავს.
გუნდი, რომელიც სირთულეებს არ უშინდება
ფოთის ფილიალს ლევან წიქარიშვილი ხელმძღვანელობს. ის ონვეის გუნდს წელიწად-ნახევრის წინ შეუერთდა და დღეს ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებასა და გუნდის კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.

თბილისთან შედარებით ფოთში შიდა გზავნილების მოცულობა ნაკლებია, თუმცა რეგიონში მუშაობას თავისი გამოწვევები ახლავს. სწორედ ამიტომ, როცა ლევანს ვკითხეთ, რა ხასიათი აქვს მის გუნდს, დიდხანს არ უფიქრია და გვიპასუხა: „შეუპოვარი. სირთულეებს არ ვუშინდებით.“
ფილიალში ყველაზე ხშირად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამანათები ხვდება, რაც სხვადასხვა ზომისა და მოცულობის გზავნილებთან მუშაობას ნიშნავს.
ასეთ ყოველდღიურობაში გუნდის ერთიანობა და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფილიალის გამართული მუშაობა განსაზღვრავს, რამდენად სწორად და დროულად გადანაწილდება გზავნილები სხვადასხვა მიმართულებაზე და რამდენად შეუფერხებლად გაგრძელდება მათი გზა მომხმარებლამდე.
ლევანი თავის გუნდს სერიალ „სპეცრაზმს“ ადარებს არა ჟანრის გამო, არამედ პრინციპით - თითოეულ ადამიანს თავისი კონკრეტული როლი აქვს და საერთო შედეგისთვის ყველა მათგანის საქმე მნიშვნელოვანია.
ამ „მისიების“ დროს კურიოზებიც ხდება. ერთხელ მომხმარებელი დიდი პიანინოს მოლოდინში იყო. ამანათი ჩამოვიდა, თუმცა დიდი ინსტრუმენტის ნაცვლად ყუთში პატარა სათამაშო პიანინო აღმოჩნდა. მოლოდინსა და რეალობას შორის სხვაობამ უხერხული, მაგრამ საბოლოოდ სახალისო სიტუაცია შექმნა.
300 კილომეტრი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში
ირაკლი ბიძინაშვილი უკვე ოთხი წელია ონვეიში კურიერად მუშაობს და ოზურგეთი-ჩოხატაურის მიმართულებას ემსახურება. მისთვის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე საშუალოდ 250-300 კილომეტრია. ეს ციფრი კარგად აჩვენებს, რას ნიშნავს საკურიერო მომსახურება რეგიონში - ერთი მარშრუტი ერთმანეთისგან დაშორებულ ქალაქებსა და სოფლებს აერთიანებს, ზოგიერთ მისამართამდე მისასვლელად კი კურიერს რთული გზების გავლაც უწევს.

ირაკლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ლიხაური და აჭი, ბუნებით გამორჩეული ადგილები. რთულ მიმართულებებს შორის კი კონჭკათს გამოყოფს. არის სოფლებიც, მაგალითად სილაური და ბაილეთი, სადაც კონკრეტული ადრესატის პოვნა დამატებით დროსა და ადგილობრივ ცოდნას მოითხოვს.
სწორედ კურიერების გამოცდილება და რეგიონის ცოდნა აძლევს ონვეის შესაძლებლობას, ჩვენი მომსახურება მხოლოდ ცენტრალური და მარტივად მისადგომი ადგილებით არ შემოიფარგლოს. მათ მიერ ყოველდღიურად გავლილი ასობით კილომეტრი ნიშნავს, რომ ამანათები პატარა სოფლებამდეც აღწევს.
ხანგრძლივ მარშრუტებზე განსაკუთრებით ფასობს მომხმარებლების დამოკიდებულებაც. ირაკლი ამბობს, რომ ჰყავს ადრესატები, რომლებთან მისვლაც ყოველთვის უხარია.
კურიოზული შემთხვევა მასაც ჰქონია. მომხმარებელი მაცივარს ელოდებოდა, თუმცა მიღებული ამანათი სათამაშო მაცივარი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ადრესატმა სიტუაციას იუმორით შეხედა.
როცა „მიუგნებელი მისამართი“ არ არსებობს
გურიის რეგიონში მუშაობს ირაკლი ხინთიბიძეც, რომელიც ონვეის გუნდს ექვსი თვის წინ შეუერთდა. ისიც დღეში საშუალოდ 250-300 კილომეტრს გადის, თუმცა მისთვის გურიის გზები უცხო ნამდვილად არ არის, თავადაც ამ რეგიონიდანაა. ამიტომ კითხვაზე, სად არის ყველაზე რთულად მოსაძებნი მისამართი, პასუხიც თავდაჯერებულია: „მიუგნებელი მისამართი არ არსებობს.“

რეგიონის კარგად ცოდნა კურიერისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. რაც უფრო კარგად იცნობს ის გზებს, სოფლებსა და დასახლებებს, მით ნაკლები დრო იკარგება მისამართების ძებნაში და უფრო ეფექტურად იგეგმება მთელი დღის მარშრუტი.
ირაკლიც განსაკუთრებით გამოყოფს მომხმარებლებს, რომლებიც დატვირთულ სამუშაო დღეს კარგი განწყობით უმსუბუქებენ. მისთვის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორია ისაა, როცა ერთი და იგივე მისამართზე ერთი და იგივე ნივთის სამჯერ მიტანა მოუწია. სამივე შემთხვევაში გამომგზავნი კომპანიისგან ნივთი დეფექტით ჩამოვიდა. კურიერისთვის ეს სამი დამოუკიდებელი ვიზიტი იყო, მომხმარებლისთვის კი ერთი პრობლემის მოგვარების პროცესი. სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური მომსახურება. როცა ერთი მიწოდებით ყველაფერი არ სრულდება, სამუშაო იქამდე გრძელდება, სანამ გზავნილი კვლავ მომხმარებლამდე არ მივა.

ფოთის ფილიალის ყოველდღიურობა კარგად აჩვენებს, რომ რეგიონული საკურიერო მომსახურება მხოლოდ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება არ არის. ზოგჯერ ეს 300 კილომეტრიანი სამუშაო დღე, რთულად მისაგნები სოფელი ან გზაა, რომელიც ერთი ამანათისთვის ბევრად უფრო შორს მიდის. ამ გზების უკან კი ადამიანები დგანან - მენეჯერი, რომელიც პროცესს აერთიანებს და კურიერები, რომლებმაც საკუთარი რეგიონი თითქმის ზეპირად იციან.
სწორედ მათი გამოცდილება, პასუხისმგებლობა და შეუპოვრობა ეხმარება ონვეის, რომ მანძილი მომხმარებლისთვის დაბრკოლებად არ იქცეს.