Onway - სამეგრელო- ზემო სვანეთის ფილიალი

Onway - სამეგრელო- ზემო სვანეთის ფილიალი

,,ონვეი” ბევრისთვის სწრაფ მიწოდებასთან და ყოველდღიურ კომუნიკაციასთან ასოცირდება, თუმცა თითოეული წარმატებით ჩაბარებული ამანათის უკან ადამიანები და პროცესები დგას, რომლებსაც მომხმარებელი ხშირად ვერ ხედავს.

სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონების ფილიალების გაცნობას. ამ სერიაში ეტაპობრივად მოგიყვებით იმ გუნდებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ამანათები დროულად და უსაფრთხოდ მივიდეს დანიშნულების ადგილზე.

ამჯერად ზუგდიდში გეპატიჟებით - ფილიალში, რომელიც მხოლოდ ქალაქს კი არა, მთლიანად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ემსახურება.

როცა ერთი ფილიალი მთელ რეგიონს მართავს

ზუგდიდის ფილიალს ირაკლი მიქავა ხელმძღვანელობს. მისი გუნდი პასუხისმგებელია როგორც ქალაქის შიგნით, ისე რეგიონის მასშტაბით მიმდინარე საკურიერო პროცესებზე.

როგორც ირაკლი ამბობს, თბილისისა და ზუგდიდის საკურიერო ცხოვრება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დედაქალაქში მთავარი გამოწვევა მოძრაობის ინტენსივობა და დიდი მოცულობის ამანათებია, ხოლო სამეგრელოსა და სვანეთში - გეოგრაფია.

კურიერებს ხშირად უწევთ რთულ გზებზე გადაადგილება, განსაკუთრებით მაღალმთიანი მიმართულებით. თუმცა, ამ გამოწვევებს ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული დამოკიდებულება აბალანსებს.

„რეგიონში კურიერები ხშირად მხოლოდ ამანათის მიმტანები არ არიან. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს ისინი ყავაზე, სადილზე ან უბრალოდ სასაუბროდ დაუპატიჟებიათ. ეს ურთიერთობები ჩვენს საქმეს განსაკუთრებულ ადამიანურ ხასიათს სძენს.“ - ამბობს ირაკლი.

ზუგდიდის ფილიალს ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ამანათი ,,სტუმრობს”, პატარა პაკეტებიდან დაწყებული, დიდი ზომის ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. სეზონურად კი მოთხოვნებიც იცვლება - ზამთარში გამათბობლები ლიდერობს, ზაფხულში - აუზები, კონდიციონერები და ბაღის ავეჯი. სწორედ ფილიალის მენეჯერის პასუხისმგებლობაა, რომ სხვადასხვა სირთულისა და მოცულობის გზავნილები შეუფერხებლად გადანაწილდეს როგორც ქალაქში, ისე რეგიონის მასშტაბით. მისი გუნდის კოორდინაცია პირდაპირ აისახება მიწოდების სისწრაფესა და მომსახურების ხარისხზე, რომელსაც ,,ონვეის” მომხმარებლები ყოველდღიურად იღებენ.

ირაკლის თქმით, გუნდის მთავარი ძალა დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ერთიანობაა. ეს პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში, სადაც ერთი ფილიალი რამდენიმე მიმართულებას და ასობით მისამართს ემსახურება. სწორედ ასეთი ორგანიზებულობა ეხმარება ,,ონვეის” შეინარჩუნოს სტაბილური სერვისი როგორც ქალაქში, ისე შედარებით რთულად მისადგომ ლოკაციებში.

 ირაკლის წარმოდგენით, ზუგდიდის ფილიალი ქართული ფილმი რომ ყოფილიყო, ,,თეთრი ბაირაღები” იქნებოდა იუმორით მოთხრობილი ყოველდღიური ისტორიების გამო.

ისტორიები კი აქ ნამდვილად არ აკლიათ. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა მომხმარებელს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებოდა ახალ ტელევიზორს. საბოლოოდ ტელევიზორი ჩამოვიდა, მომხმარებელი გახარებული მოვიდა ფილიალში, დაათვალიერა, თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ თანხის მოსატანად რამდენიმე წუთით გავიდოდა... და მას შემდეგ არც ტელევიზორი წაუღია და არც თავად გამოჩენილა.

კურიერი, რომელიც ქალაქს ყოველდღე თავიდან აღმოაჩენს ხოლმე

თამარ (თაკო) გახოკიძე ონვეის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი თანამშრომელია ზუგდიდის ფილიალში. ის კომპანიაში 2021 წლიდან მუშაობს და ყოველდღიურად ზრუნავს, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა თავიანთი ამანათები დროულად მიიღონ.

მისი სამუშაო დღე საშუალოდ 100 კილომეტრს მოიცავს, თუმცა, ზოგჯერ ეს მაჩვენებელი ორმაგდება. ქალაქის კურიერები ,,ონვეის” ყოველდღიური ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. სწორედ ისინი ქმნიან იმ გამოცდილებას, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე მეტად ამჩნევს - დროულად ჩაბარებულ ამანათსა და სანდო მომსახურებას.

მიუხედავად მუდმივი მოძრაობისა, თაკოს საყვარელი ადგილი მაინც სოფელი რუხია. განსაკუთრებით რუხის ციხე, საიდანაც აფხაზეთის გადაშლილი ხედები იშლება.



„თუ დრო მაქვს, აუცილებლად შევივლი ხოლმე. ეს ადგილი არასდროს მბეზრდება.“

მისთვის კურიერის ცხოვრების აღმწერი ერთი სიტყვა „ბალანსია“ მოძრაობასა და პასუხისმგებლობას შორის, სისწრაფესა და ადამიანებთან ურთიერთობას შორის. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება თაკოს საშუალებას აძლევს სწრაფად იპოვოს ოპტიმალური მარშრუტები და ეფექტურად მართოს სამუშაო დღე, რაც საბოლოოდ ამცირებს მიწოდების დროს და ზრდის მომსახურების ხარისხს.

მომხმარებლებთან ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო მაგალითი მანდარინის ბაღს უკავშირდება. მომხმარებელი ამანათის მიტანისას მანდარინის ჩუქებას დაჰპირდა,  ადგილზე მისულ თაკოს კი საკუთარი „საჩუქარი“ თავადვე დააკრეფინეს.

გზა, რომელიც ზუგდიდიდან უშბამდე მიდის

ზუგდიდის ფილიალის მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი სვანეთის ხაზს უჭირავს. ბორის შელია სწორედ იმ კურიერთა შორისაა, რომლებიც რეგულარულად გადაადგილდებიან ზუგდიდსა და მესტიას შორის.



მისი სამუშაო დღე საშუალოდ 350-400 კილომეტრს მოიცავს - მანძილი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რამდენად განსხვავებულია რეგიონული ლოგისტიკა ქალაქის მიწოდებისგან. სვანეთის მიმართულება ,,ონვეისთვის” სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხაზია, რადგან სწორედ ასეთი მარშრუტების საშუალებით ხდება სერვისის ხელმისაწვდომობა იმ რეგიონებში, სადაც ლოგისტიკა გაცილებით რთულია.

ბორისის მარშრუტის ყველაზე გამორჩეული ადგილი სოფელი მაზერია, საიდანაც უშბის მთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება.

სვანეთში კურიერის ცხოვრება ერთი სიტყვით რომ აღწეროს, პასუხი მარტივია - „რისკი“. მაღალმთიანი გზები, რთულად მისაგნები მისამართები და მუდმივად ცვალებადი გარემო ბორისის ყოველდღიურობის ნაწილია. ამ გამოწვევების მიუხედავად, ბორისის მსგავსი თანამშრომლები უზრუნველყოფენ, რომ ,,ონვეის” მომსახურების ხარისხი მხოლოდ დიდ ქალაქებზე არ იყოს დამოკიდებული და მომხმარებელმა ერთნაირი სერვისი მიიღოს როგორც ზუგდიდში, ისე სვანეთის მაღალმთიან სოფლებში.

ხანდახან კი მომხმარებლების მოთხოვნებიც განსაკუთრებულია. ერთ-ერთ შემთხვევაში ადრესატი მთაში, სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა და ბორისს დაჟინებით სთხოვდა, ამანათი პირდაპირ მთის ფერდობზე აეტანა.

ყველაფერი ოფისიდან იწყება 

სანამ ამანათი კურიერის მანქანაში აღმოჩნდება, მასზე ოფისის გუნდი ზრუნავს. ქეთი ჟიჟბაია ზუგდიდის ფილიალში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. მისი სამუშაო დღის ყველაზე დატვირთული მონაკვეთი ცენტრალური საწყობიდან ამანათების მიღების პროცესია. სწორედ ამ დროს ხდება ინფორმაციის დამუშავება, გადანაწილება და დღის სამუშაო პროცესების ორგანიზება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი ოპერატორის მუშაობას ხშირად ვერ ხედავს, სწორედ ამ პოზიციაზე წყდება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: ამანათების სწორი გადანაწილება, მონაცემების სიზუსტე და კურიერებისთვის პროცესების გამართული დაგეგმვა.


ქეთის თქმით, ამ სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია ყურადღება დეტალების მიმართ, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.

მომხმარებლების ყველაზე ხშირი კითხვა კი, როგორც თითქმის ყველა ფილიალში, უცვლელია - „რომელ საათზე მოვა კურიერი?“ ასეთ კითხვებზე სწრაფი და ზუსტი პასუხები მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ოპერატორი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია მომხმარებელსა და საკურიერო პროცესს შორის.

ქეთის აზრით, ზუგდიდის გუნდის მთავარი სლოგანი შეიძლება იყოს „ძალა ერთობაშია“ და ეს ფრაზა კარგად აღწერს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სხვადასხვა წერტილში ამანათები დანიშნულების ადგილზე დროულად აღმოჩნდეს.

ზუგდიდის ფილიალის გუნდი ნათლად აჩვენებს, რომ საკურიერო მომსახურება მხოლოდ ამანათების გადატანა არ არის. ეს არის ადამიანების, გზების, პროცესებისა და პასუხისმგებლობის ერთიანი სისტემა, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული გზავნილი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდეს.

ჩვენი მოგზაურობა რეგიონებში გრძელდება და შემდეგ ბლოგებში კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაგაცნობთ, მათ, ვინც ,,ონვეის” ყოველდღიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახორციელებს.


ლინკის დაკოპირება