ზესტაფონის ფილიალი - პატარა ქალაქი, დიდი გუნდური ძალა
ვაგრძელებთ ,,ონვეის” რეგიონული ფილიალების გაცნობას. ამ სერიაში გიყვებით ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ თითოეული ამანათი დროულად და უსაფრთხოდ მოვიდეს თქვენამდე. ამჯერად ზესტაფონი ,,მოვინახულოთ”, ქალაქი, სადაც გუნდურობა მხოლოდ სიტყვა არ არის. აქ სამუშაო დღე იწყება იუმორით, გრძელდება ურთიერთდახმარებით და მთავრდება კმაყოფილი მომხმარებლებით.
ძლიერი გუნდი პატარა ქალაქში
ზესტაფონის ფილიალს ლანა შეყილაძე ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე შვიდი წელია ჩვენი გუნდის წევრია. მისი თქმით, ზესტაფონში საკურიერო ცხოვრება თბილისისგან განსხვავდება როგორც მოცულობით, ისე ყოველდღიური გადაადგილებით. ქალაქი პატარაა, საცობები ნაკლებია და მომხმარებლამდეც მისვლაა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი.
თუმცა პატარა ქალაქი სულაც არ ნიშნავს ნაკლებ პასუხისმგებლობას. ზესტაფონის ფილიალი ყოველდღიურად უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივმა მომხმარებლებმა ისეთივე სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიიღონ, როგორც ქვეყნის ნებისმიერ სხვა ქალაქში.
ლანა განსაკუთრებულად ამაყობს იმ გარემოთი, რომელიც გუნდშია შექმნილი. „ჩვენთან სამუშაო დღე არასოდეს იწყება მოწყენილი სახეებით.“ - ამბობს ის. მეგობრული ურთიერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა მხოლოდ სასიამოვნო ატმოსფეროს კი არ ქმნის, სწორედ ასეთი გუნდური თანამშრომლობა ეხმარება ფილიალს, ყოველდღიური პროცესები სწრაფად, ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მართოს.
ზესტაფონში ყველაზე ხშირად კოსმეტიკა, აქსესუარები და სასაჩუქრე ყუთები იგზავნება, თუმცა ფილიალი ყოველდღიურად სხვადასხვა მოცულობის გზავნილებსაც ამუშავებს.
ლანასთვის გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერაა. როდესაც თანამშრომლები ერთმანეთს ენდობიან, გადაწყვეტილებებიც უფრო სწრაფად მიიღება, პასუხისმგებლობაც თანაბრად ნაწილდება და საბოლოოდ ამით მომხმარებელიც მოგებული რჩება.
თუ ზესტაფონის ფილიალი ფილმი იქნებოდა, ლანა არჩევანს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე“ შეაჩერებდა ადამიანური ურთიერთობებისა და იუმორის გამო.იუმორი არც სამუშაო პროცესში აკლიათ. ერთხელ მომხმარებელმა ლანას ხმის გამო ჩათვალა, რომ მას ფილიალის მენეჯერი კი არა, ბავშვი ესაუბრებოდა. ამაში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ უფროსი ადამიანის დაძახებაც კი სთხოვა.

გზებზე ყოველდღე
გიორგი ჭიჭინაძე უკვე თითქმის ოთხი წელია ზესტაფონის ფილიალში კურიერად მუშაობს. მისი სამუშაო დღე საშუალოდ 200-250 კილომეტრს მოიცავს, რაც პატარა ქალაქის მიუხედავად საკმაოდ დიდ მანძილს ნიშნავს.
კურიერის სამუშაო მხოლოდ ამანათის მიტანით არ შემოიფარგლება. თითოეული მარშრუტი, დროულად დაგეგმილი გადაადგილება და მომხმარებელთან კომუნიკაცია პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი გამოცდილება დარჩება ადამიანს ,,ონვეის” მომსახურებისგან.
გიორგის მარშრუტიდან ყველაზე დასამახსოვრებელი საჩხერის მიმართულებაა. ამბობს, რომ ზესტაფონში რთულად მისაგნები ადგილი თითქმის არ არსებობს, თუმცა სამუშაოს ერთი სიტყვით ასე აღწერს - „დინამიური.“ მისთვის ეს მუდმივ მოძრაობას, პასუხისმგებლობასა და აქტიურობას ნიშნავს.
განსაკუთრებული სიხარულით კი იმ მომხმარებლებთან მიდის, რომლებიც წლების განმავლობაში უკვე კარგ ნაცნობებად იქცნენ. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო შემთხვევა სწორედ ასეთ მომხმარებელს უკავშირდება. ერთხელ გიორგის ადრესატმა უთხრა, წინაზე რომ ხალათი მომიტანე, იმ ხალათით გელოდებიო. საქმე ისაა, რომ კურიერებმა არ იციან დაზუსტებით, მომხმარებელთან რა და როგორი ნივთები მიაქვთ, შესაბამისად, არც გიორგიმ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ნახსენები ხალათი, ამიტომ მისამართის პოვნა ისევ ძველი, გამოცდილი გზით მოუხდა.
ყველაფერი იწყება კომუნიკაციით
სანამ ამანათი კურიერის მანქანაში მოხვდება, მომხმარებელთან კომუნიკაციასა და პროცესების კოორდინაციაზე ოფისის გუნდი ზრუნავს.
ლალი ნასყიდაშვილი უკვე ექვსი წელია ზესტაფონის ფილიალში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. მისთვის დღის ყველაზე დატვირთული მონაკვეთი დილაა, სწორედ მაშინ იწყება დღის მთავარი ოპერაციული პროცესები. ამ დროს წყდება, როგორ გადანაწილდება ამანათები, რა ინფორმაცია მიეწოდება კურიერებს და რამდენად შეუფერხებლად წარიმართება მთელი დღის სამუშაო. ამიტომ ოპერატორის როლი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროცესის სისწრაფესა და სიზუსტეს.
ლალის თქმით, ამ სფეროში ყველაზე საჭირო თვისება მოთმინებაა. მომხმარებლების ხშირი კითხვაც უცვლელია: „რამდენ ხანში მოვა ჩემი ამანათი?“ ასეთ კითხვებზე დროული და ზუსტი პასუხი მომხმარებლის ნდობას აძლიერებს. სწორედ ამიტომ ოპერატორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც მომხმარებელსა და საკურიერო პროცესს ერთმანეთთან აკავშირებს.ლალი თავის გუნდს ერთი სიტყვის ასე ახასიათებს - „პატივისცემა“ და ამბობს, რომ სწორედ აქედან იწყება ყველაფერი - ერთმანეთის პატივისცემიდან, რაც შემდეგ ხარისხიან თანამშრომლობასა და კარგ მომსახურებაში გადაიზრდება.
ზესტაფონის ფილიალის ისტორია გვაჩვენებს, რომ ძლიერი გუნდი ყოველთვის თანამშრომლების რაოდენობით არ იზომება. ზოგჯერ ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ერთმანეთის მხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზნისთვის ერთად მუშაობაა.
სწორედ ასეთი გუნდები ქმნიან ,,ონვეის” ყოველდღიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმითა და დამოკიდებულებით თითოეულ გზავნილს გაცილებით მეტ მნიშვნელობას სძენენ.