გაყიდვები Facebook-ზე — როგორ ვაქციოთ ლაიქები შეკვეთებად

30 მაისი, 2025
გაყიდვები Facebook-ზე — როგორ ვაქციოთ ლაიქები შეკვეთებად

როცა Facebook პირველად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, მას მეტწილად მეგობრებთან საკომუნიკაციოდ და მათ დაბინდულ სურათებზე დასათაგად ვიყენებდით. დღეს კი ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარკეტფლეისია საქართველოში. თუ მცირე მეწარმე ხარ, კარგი ამბავი გვაქვს - გაყიდვებისთვის ხშირად საკმარისია Facebook გვერდი, კარგი ფოტოები და კომუნიკაციის სწორი სტრატეგია. მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ პროცესი - როგორ ვაქციოთ ეს პლატფორმა რეალურ შემოსავლის წყაროდ.

Facebook, როგორც გაყიდვების იარაღი

თუ ახლა შენს ფიდს გადახედავ, ალბათ, მინიმუმ სამ ბიზნესს მაინც წააწყდები, რომლებიც რაღაცას ყიდიან - ხელნაკეთ სანთლებს, სამკაულებს ან ზაფხულის კაბას, რომელიც „ზუსტად შენია“. Facebook ნელ-ნელა გადაიქცა ციფრულ ბაზრობად, სადაც გამყიდველები და მყიდველები ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტზე არიან აპიდან გაუსვლელად. ეს კი პატარა ბიზნესებისთვის ნიშნავს შემდეგს:

  • აუდიტორია უკვე ადგილზეა
  • პროდუქტის გამოქვეყნება უფასოა
  • პირდაპირი კომუნიკაცია მყიდველთან ძალიან მარტივია

ყველაზე დიდი სარგებელი კი მაშინ მოდის, როცა ამ ყველაფერს სწორი კომუნიკაცია ემატება.

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სწორი კომუნიკაციით?


მაგალითისთვის, წარმოიდგინე, ატვირთე შენი პროდუქტის ფოტო და ცოტა ხანში გწერენ: “რა ღირს?“ შენ კი პასუხობ რამდენიმე საათში. ამასობაში მომხმარებელი უკვე ვიღაც სხვას სწერს და, დიდი ალბათობით, იმასთან შეიძენს ნივთს, ვინც მალევე გასცემს პასუხს.

სისწრაფეს დიდი ძალა აქვს, სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენო Facebook-ის ჩატბოტები და ავტომოპასუხეები. სწრაფი და ყურადღებიანი კომუნიკაცია ხშირად ის დეტალია, რომელსაც მომხმარებელი ყიდვის გადაწყვეტილებამდე მიჰყავს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პასუხის დაბრუნება არ დაგვიანდეს.

როგორ დაგეხმარება ავტომოპასუხე?


თუ სულ კომპიუტერთან არ ხარ ან ერთდროულად ბევრი შეკვეთის დამუშავება გიწევს, შეიძლება ზოგიერთ მომხმარებელს პასუხისთვის დიდ ხანს მოუწიოს მოცდა, ამას კი ხშირად გაყიდვის დაკარგვაც მოსდევს. Facebook Messenger-ის ავტომოპასუხე დაგეხმარება, რომ ასეთ დროს მომხმარებელმა თავი უყურადღებოდ არ იგრძნოს. შეგიძლია დააყენო მოკლე შეტყობინება, რომელიც ავტომატურად გაეგზავნება ყველას, ვინც პირველ მესიჯს მოგწერს.
მაგალითად: „გამარჯობა, მადლობა დაინტერესებისთვის. ვეცდებით, მალე გიპასუხოთ, მანამდე გაეცანით პროდუქციის და მიწოდების დეტალებს აქ...“
ასეთი მარტივი ნაბიჯითაც კი მყიდველის მიმართ ყურადღებას გამოიჩენ და ის აუცილებლად გააგრძელებს შემდგომ კომუნიკაციას.

Facebook რეკლამა არა მარტო დიდი ბრენდებისთვის

თუ ფიქრობ, რომ რეკლამა დიდ ბიუჯეტს მოითხოვს, გეტყვით, რომ ასე არ არის. ყოველდღე რამდენიმე ლარითაც კი შეგიძლია შენი პოსტი მიაწვდინო პოტენციურ მომხმარებლებს, ვისაც შენნაირი პროდუქტი აინტერესებს. მთავარია, რომ:

  • ფოტოზე პროდუქტი ჩანდეს რეალურად და მკაფიოდ
  • ტექსტი იყოს გასაგები და ამომწურავი
  • აუდიტორია შეარჩიო სწორად, მაგალითად, ასაკი, მდებარეობა, ინტერესები
  • გამოიყენე Call to action ფრაზები: „დაგვიკავშირდი“, „შეუკვეთე ახლავე“, „გაიგე მეტი“ და ა.შ.



როგორ წარვმართოთ რეკლამა ისე, რომ შედეგიც მივიღოთ და ბიუჯეტიც წყალში არ გადავყაროთ? მცირე მეწარმეებისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვა კრეატიული სააგენტო ,,Burtula-ს'' ედვერთაიზერ ალექსანდრე დაბრუნდაშვილს დავუსვით. 


რას ეტყოდი ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ „Facebook რეკლამა მაინც არაფერს ცვლის''?

“თუ რეკლამა სწორად გაქვს აწყობილი, ანუ ის სწორ ადამიანებამდე მიაღწევს, მას გარკვეული შედეგის მოტანა აუცილებლად შეუძლია. პრობლემა ხშირად იქ ჩნდება როდესაც ბიზნესის მფლობელი ამ შედეგს პირდაპირ ვერ ხედავს. თუ რა შედეგებზე ვსაუბრობ, აქ დიდი მნიშვნელობა ბიზნესის ტიპს ენიჭება. მაგალითად, თუ ელ. კომერციის მფლობელი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა პროდუქტს ან სერვისს ჩატიდან ყიდი, ვებგვერდიდან თუ აპლიკაციიდან. რეკლამირება თავის შედეგებს აუცილებლად პირდაპირ დაგანახებს. მაგრამ ამ დროს კითხვის ნიშნები უფრო ისეთი ბიზნესის მფლობელებს უჩნდებათ, რომლებიც პროდუქტს არა ონლაინ, არამედ ფიზიკურ მაღაზიაში ყიდიან, ან მომხმარებელს ისეთ სერვისს სთავაზობენ, რომლის პირდაპირ რეკლამაში გამოტანა ყოველთვის არაა შესაძლებელი. ფიზიკური მაღაზიის მფლობელებს შემიძლია ვუთხრა, რომ რეკლამირების დაწყებისას შედეგის გაზრდას მოკლე პერიოდში არ ელოდონ, რადგან ეს არ მოხდება, მოლოდინების დამყარება შედარებით გრძელვადიან პერიოდზე სჯობს. შეიძლება ადამიანი, რომელმაც რეკლამა დღეს ნახა, ერთი თვის ან მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ გახდეს თქვენი მომხმარებელი და ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი სწორედ იმ ნანახ რეკლამას მიუძღოდეს.

რაც შეეხება ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელთა რეკლამაში პირდაპირ გამოჩენაც ვერ ხდება, რეკლამირებამ აქ სრულიად სხვა როლი შეიძლება ითამაშოს, როგორიცაა მომხმარებლის თვალში კომპანიის ბრენდად წარმოჩენა, ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ეგრეთ წოდებული Competetive Advantage-ის შეძენას შეუწყოს ხელი, რაც ლოიალური მომხმარებლის გაჩენის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.”

რა ბიუჯეტით შეიძლება დაიწყო რეკლამა, რომ შედეგიც გქონდეს და ბევრი ფულიც არ დაკარგო?

“კონკრეტული თანხის დასახელება ძნელია, რადგან ისევ ბიზნესის ტიპსა და პროდუქტზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ პროდუქტი შედარებით მარტივად ხელმისაწვდომია, მაშინ რეკლამირების დაწყება დაბალი ბიუჯეტითაც შეიძლება, $ 100-300-ის ფარგლებში და ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს. მაგრამ თუ პროდუქტი დიდი მასებისთვის არ არის გათვლილი და ასევე ღირებულებაც მაღალი აქვს, მაშინ შეიძლება ამ თანხით სასურველი შედეგები ვერ მიიღონ. როგორც წესი, ძვირიანი პროდუქტის ან სერვისის შესაძენად მომხმარებელს ფიქრი სჭირდება და ამგვარ გადაწყვეტილებას პირდაპირ ვერ ან არ იღებენ. ასეთ დროს საჭიროა რეკლამირებისას სხვადასხვა კონტენტის გამოყენებით რამდენჯერმე მივწვდეთ ერთი და იგივე მომხმარებელს, რათა პროდუქტზე სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოს, შეექმნას სანდოობის გრძნობა ბრენდის მიმართ. ასეთ დროს კი, როგორც შეწი, შედარებით მაღალი ბიუჯეტის გამოყენებაა საჭირო.”

რომელი ერთი შეცდომა უნდა აირიდოს მცირე მეწარმემ, როცა პირველად იწყებს რეკლამირებას?

“ხანდახან კომპანიები, მცირე მეწარმეები, ვისაც ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ აქვს ცდილობენ რეკლამა რაც შეიძლება დიდ აუდიტორიაზე გაუშვან, რაც ერთი მხრივ, რეკლამის ხარჯს ამცირებს. პატარა თანხით მარტივად აგროვებენ ბევრ მოწონებას, კომენტარს, გაზიარებასა და შეტყობინებას. მაგრამ მთავარი პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებლები გაყიდვებში არ აისახება, რადგან ის ადამიანები, ვინც კონტენტთან ინტერაქციაში შემოდიან, ხშირად საერთოდ არ არიან ბიზნესის პოტენციური მომხმარებლები. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აუდიტორიის მიზნობრივ შერჩევას ექცევა - ლოკაცია, ასაკი და ინტერესები მნიშვნელოვანი ფაქტორებია. შესაძლოა, ამან ხარჯი გაზარდოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბოლოო შედეგების მხრივ ბევრად მომგებიანია.”

თუ საქართველოში მცირე ბიზნესს აწარმოებ, Facebook იდეალური გაყიდვების არხი იქნება შენთვის. წარმართე სწორი კომუნიკაცია, გამოიყენე ავტომოპასუხეები, ატვირთე რეალური ფოტოები და მცირე ბიუჯეტითაც კი მიაღწევ შედეგს.
და როცა შეკვეთების მიწოდების დრო მოვა, უკვე იცი, ვინ მიიტანს შენს ამანთებს სწრაფად და უსაფრთხოდ - Onway, პირველი ციფრული საკურიერო კომპანია.

ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.


მსგავსი ბლოგი