შ.პ.ს. თუ ინდ. მეწარმე? რომელი ავირჩიოთ ჩვენი ბიზნესისთვის?

31 მარტი, 2025
შ.პ.ს. თუ ინდ. მეწარმე? რომელი ავირჩიოთ ჩვენი ბიზნესისთვის?

სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შ.პ.ს.) გავხსნა თუ ინდივიდუალურ მეწარმედ (ინდ. მეწარმე) დავრეგისტრირდე? ეს არჩევანი გავლენას ახდენს როგორც თქვენს ფინანსურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, ისე ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე.
 მოდით, გავერკვეთ, რომელი ფორმა რომელ სიტუაციაშია ხელსაყრელი.

რა არის ინდ. მეწარმე და რა უპირატესობები აქვს?

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება ბიზნესსაქმიანობისთვის. ის არის ყველაზე მარტივი სამართლებრივი ფორმა, რომელსაც აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა:

  • რეგისტრაცია შესაძლებელია სწრაფად და მინიმალური ხარჯებით.
  • ინდ. მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა სტატუსი და ამ სტატუსებიდან გამომდინარე, ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით, მაგალითად, მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი.
  • არ სჭირდება დირექტორი ან სხვა ფორმალური სტრუქტურები.
  • გამარტივებული ანგარიშგება

მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული მინუსებიც:

  • ინდ. მეწარმე თავის ვალდებულებებზე პასუხისმგებელია პირადი ქონებით, რაც ბიზნესის გაკოტრების შემთხვევაში სერიოზული რისკია.
  • დიდი კომპანიები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ შ.პ.ს.-ებთან თანამშრომლობას, რადგან ის უფრო სტაბილურ და სანდო პარტნიორად მიიჩნევა.

საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. ინდ. მეწარმედ დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ ან პირადად იუსტიციის სახლში მისვლით. მეწარმემ უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა და შეავსოს შესაბამისი განცხადება. რეგისტრაციის საფასური მინიმალურია, სტატუსს 1 სამუშაო დღეში 26 ლარად მიიღებთ, ხოლო თუ იმავე დღეს გსურთ, ამისი ღირებულება 75 ლარია. მეწარმეს შეუძლია აირჩიოს მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი საგადასახადო შეღავათებისთვის.

რა არის შ.პ.ს. და რატომ შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი?

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შ.პ.ს.) მოხერხებული სამართლებრივი ფორმაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საშუალო და დიდი ბიზნესისთვის უკეთესია. მისი მთავარი უპირატესობებია:

  • შ.პ.ს.-ის დამფუძნებლები პასუხისმგებლობას მხოლოდ კომპანიის კაპიტალით იღებენ, რაც ამცირებს პირადი ქონების დაკარგვის რისკს.
  • შ.პ.ს. უფრო სანდო იურიდიული ფორმაა ბიზნესპარტნიორებისთვის, ინვესტორებისთვის და ბანკებისთვის.
  • თუ ბიზნესს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს, შ.პ.ს. უფრო მოქნილი ფორმაა როგორც პასუხისმგებლობის, ასევე სარგებლის განაწილებისთვის.


თუმცა, შ.პ.ს.-საც აქვს თავისი მინუსები:

  • შ.პ.ს.-ის გახსნა ინდ. მეწარმესთან შედარებით მოითხოვს სტანდარტული ან საჭიროებებზე მორგებული წესდებისა და სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებას, ასევე რეგულარულ ბუღალტრულ აღრიცხვას.
  • შ.პ.ს. ვერ ისარგებლებს ინდ. მეწარმეებისთვის განკუთვნილი მარტივი საგადასახადო რეჟიმებით და შესაძლოა, უფრო მაღალი გადასახადების გადახდა მოუწიოს

შ.პ.ს.-ს რეგისტრაციისთვის საჭიროა კომპანიის წესდების მომზადება, დამფუძნებლების მონაცემები და დირექტორის დანიშვნა. რეგისტრაცია ასევე ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შ.პ.ს.-ის რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია საბანკო ანგარიშის გახსნა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება. რაც შეეხება ღირებულებას, სტატუსის მონიჭება 1 სამუშაო დღეში 200 ლარი ღირს, ხოლო იმავე დღეს - 400 ლარი.

რომელი სჯობს თქვენი ბიზნესისთვის?

  • თუ მცირე ბიზნესს იწყებთ, სადაც ნაკლები რისკია (მაგალითად, ონლაინ გაყიდვები, კონსულტაციები, ფრილანს საქმიანობა), მაშინ ინდ. მეწარმე ოპტიმალური არჩევანია.
  • თუ გეგმავთ გაფართოებას, ინვესტორების მოზიდვას ან სოლიდურ კომპანიებთან თანამშრომლობას, მაშინ შ.პ.ს. უფრო გონივრული იქნება, ასევე თუ ბიზნესს რისკი აქვს (მაგალითად, მაღაზია, წარმოება ან ლოგისტიკა), შ.პ.ს.-ის არჩევა სჯობს, რათა პირადი ქონება დაცული იყოს.

თუ ბიზნესს იწყებთ და რეგისტრაციის ეტაპზე მიხვედით გაითვალისწინეთ:

  • სამომავლო გეგმები 
  • საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაფასეთ რისკები 
  • დაიანგარიშეთ გადასახადები


ბიზნესის იურიდიული ფორმის არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მიმდინარე მდგომარეობას, არამედ თქვენს გრძელვადიან მიზნებსაც. გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენი მიზნების, რისკებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით. საბოლოო ჯამში, სწორი არჩევანი დაგეხმარებათ ბიზნესის წარმატებით მართვაში.

ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით