5 შეცდომა ბიზნესის დაწყებისას
08 აპრილი, 2025
მეწარმეობის დაწყებას ბევრი კითხვა და გამოწვევა მოაქვს. განსაკუთრებით რთულია პირველი ნაბიჯები, როდესაც არ იცი, რას უნდა მიაქციო ყურადღება და როგორ აირიდო თავიდან შეცდომები. ქართველი მეწარმეების გამოცდილებაზე დაყრდნობით 5 ძირითად შეცდომას გაგიზიარებთ.
- ბიზნეს გეგმის არქონა - ხშირად მეწარმეები თავიანთი ჰობით აღფრთოვანებულები მაშინვე იწყებენ პროდუქციის წარმოებას და არ აქვთ სამომავლო გათვლები მკაფიოდ წარმოდგენილი. თუნდაც მარტივი, მაგრამ სტრუქტურიზებული ბიზნეს გეგმა აუცილებელია ხედვის ჩამოსაყალიბებლად და პროგრესის გასაზომად.
- საკუთარი შრომის დაუფასებლობა - ბევრი დამწყები მეწარმე არ ითვალისწინებს საკუთარი შრომის ღირებულებას ფასწარმოქმნისას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ფინანსურ უშედეგობასა და მოტივაციის დაკარგვას.
- იურიდიული და საგადასახადო საკითხების იგნორირება - ეს ასპექტები თავიდან ყველაზე დიდ თავის ტკივილს ჰგავს. არავის ეხალისება ბუღალტრულ და იურიდიულ ტერმინებში გარკვევა, მაგრამ ბიზნესის ლეგალური არსებობისთვის და მოულოდნელი ფინანსური პრობლემებისგან თავის ასაცილებლად აუცილებელია მეწარმემ აღნიშნული ცოდნა მიიღოს.
- იდეის გაიდეალება - არ არსებობს იდეა, რომელიც მხოლოდ თქვენ მოგივათ, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობაში. თუ რაიმე განსხვავებული აზრი მოგაფიქრდათ პროდუქტზე იცოდეთ, რომ თქვენამდე ამაზე უკვე ათობით ადამიანს უფიქრია და რამდენიმეს განუხორციელებია კიდეც. ამიტომ თუ ბიზნესის დაწყება ნამდვილად გსურთ, პირველ რიგში, დასვით კითხვა, ნამდვილად არის მოთხოვნა ამ პროდუქტზე? დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეცადეთ, არ გადადოთ პროცესები, დაიწყეთ მუშაობა და გზადაგზა აითვისეთ საჭირო უნარები. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, იყოთ განსხვავებული და რაიმე ნიშნით გამორჩეული, რომ არ ჩაიკარგოთ კონკურენტებში.
- მომხმარებელთან არასწორი კომუნიკაცია - ეს მხოლოდ შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი არ არის. მომხმარებელთან პირველად კავშირი ვიზუალით მყარდება, ის ჯერ პროდუქციის ფოტოს, ვიდეოსა და აღწერას ნახულობს. არ არის აუცილებელი საწყის ეტაპზე ფოტოგრაფისა თუ გრაფიკოსი დიზაინერის დაქირავება, ამისი გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, მთავარია, ყურადღება მიაქციოთ დეტალებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ფოტოსესიის პროცესს. შესაძლოა, პროდუქტი უნაკლო იყოს, მაგრამ ვიზუალური მასალა ვერ გადმოსცემდეს საკმარისად მის სიკარგეს, რაც ავტომატურად მომხმარებლის დაკარვაგ ნიშნავს.
ამ თემებზე ვისაუბრეთ თამთა ჭოჭუასთან – ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის, „მაქმანის“ დამფუძნებელთან, რომელსაც მეწარმეობის ბევრწლიანი გამოცდილება აქვს.
თამთა, დრო რომ უკან დაბრუნდეს, სტარტაპის დაწყებამდე საკუთარ თავს რა რჩევას მისცემდი?
მხოლოდ ერთი რჩევა არ იქნებოდა საკმარისი. პირველ რიგში, არ იყო პერფექციონისტი და არ ელოდო ყველაფრის იდეალურად დალაგებას საქმის დაწყებისთვის. ამ დალაგების პროცესში ძალიან ბევრ დროს კარგავ და შენი უნიკალური იდეა შესაძლებელია უკვე აღარც იყოს “დალანჩვისას” უნიკალური ან საერთოდ გაქრეს მოთხოვნა შენს პროდუქციაზე.გაერკვე იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში პირველივე დღიდან. შეიძლება, თავიდან ბრუნვა მხოლოდ 500 ლარი გაქვს და ფიქრობ, რომ დამწყები ხარ და არ გჭირდება ამ საკითხების ცოდნა, მაგრამ ცდები.
დააფასე შენი შრომა და დაადე შესაბამისი ფასი. რადგან ნივთს თავად ქმნი, იმას არ ნიშნავს, რომ ამაში გასამრჯელო არ გეკუთვნის. შენი შრომაც უნდა შეიყვანო პროდუქტის ფასში.
ყველა იდეა ბიზნესი არ არის, ამიტომ იდეით აჟიტირებას სჯობია, ჯერ ფინანსურად ყველაფერი დათვალო, რაც მოთხოვნადი და მომგებიანია. ყველა გენიალური იდეა ფულს ვერ მოგიტანს.
ბიზნესის დაწყებისას რა შეცდომა დაუშვი ისეთი, რომელსაც ახლა რომ შეგეძლოს, თავიდან აიცილებდი?
გავივლიდი ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებს, მაგალითად, რომელი სამართლებრივი ფორმა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი, როგორ დამეანგარიშებინა საბაზრო ფასი და, ზოგადად, ფასწარმოქმნაში გავერკვეოდი. ეს ძალიან დიდი ხსნის წინ იყო და დილეტანტი ვიყავი. არც არსებობდა იმდენი შესაძლებლობა, რამდენიც ახლა არის ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.
რა არის გავრცელებული რჩევა, რომელსაც დამწყებ მეწარმეებს ხშირად აძლევენ, მაგრამ შენ არ ეთანხმები?
- “უნდა იყო შ.პ.ს.” რატომღაც ჰგონიათ, რომ ინდ. მეწარმეობა ცუდად ჟღერს
- “აუცილებლად გჭირდება სალარო აპარატი”. სინამდვილეში შეგიძლია ისარგებლო ჩგდ-თი ან უბრალოდ გადმოარიცხინო ფული მომხმარებელს.
- “აუცილებლად გჭირდება ტერმინალი”. არსებობს ტერმინალის აპლიკაციებიც, რაც დამატებითი ხაჯებისგან გიცავს.
- “გჭირდება ვებ გვერდი, თანაც ისეთი, რომელიც ათასობით ლარი დაგიჯდება”. არადა, შეგიძლია ალტერნატივად მოიაზრო Shopify, wix.com, რომლებიც საშუალოდ თვეში 9-19 დოლარი ჯდება და მათი დახმარებით თავად ააწყობ ვებ გვერდს.
- “ხარისხიან ფოტოებს მხოლოდ პროფესიონალი ფოტოგრაფი გადაგიღებს, გჭირდება კარგი მარკეტერი”. ამ ყველაფრის გაკეთებას პირველ ეტაპზე თავადაც შეძლებ, მთავარია ფლობდე კომპიუტერს და შეძლო Youtube-ზე საჭირო ვიდეოების მოძებნა.
- “გჭირდება ძვირადღირებული და ბევრ კომპონენტიანი შეფუთვა”. შესაძლებელია Pinterest-ზე საუკეთესო მინიმალისტური შეფუთვა იპოვნო, თავადვე დაამზადო ან შეკერო.
რომელი შეცდომა ჩანს მცირე და უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში დიდ ზიანს აყენებს ბიზნესს?
- მეგობრების დაწყებული საქმე, რომელსაც არ აქვს ზუსტად გაწერილი და გადანაწილებული ვალდებულებები. საჭიროა თავიდანვე მკაფიოდ განისაზღვროს როლები წერილობით. ამაში სათაკილო არაფერია. პირიქით, ეს ეხმარება ჯანსაღ ბიზნესპარტნიორობას და არ აჩენს კითხვის ნიშნებს.
- შეფუთვაზე დიდი ბიუჯეტის ხარჯვა ანუ არანაირი ხარჯების ოპტიმიზაცია.
- არასისტემურობა და უდისციპლინობა. როდესაც ზერელედ იწყებ საქმეს და არ “უვლი” შენს ბიზნესს ყოველდღიურად, ეს აუცილებლად იჩენს თავს და ხანგრძლივ პერსპექტივაში ძალიან დიდი ჩამორჩენა გექნება.
რა არის ის ძირითადი სიგნალები, რომლებიც მიუთითებს, რომ ბიზნესი კრიზისში შედის?
პირველ რიგში, გაყიდვების მკაფიო ვარდნა. მეწარმემ აუცილებლად უნდა აწარმოოს თავისი გაყიდვების სტატისტიკა, შეადაროს თვეები, იცოდეს, რომელ პროდუქციაზე აქვს დიდი მოთხოვნა და რომელი პროდუქტი არის წინ წამოსაწევი. როდესაც გაქვს სტატისტიკა, (მინიმუმ ფინანსური დეკლარაციისას აკვირდები წინა თვესთან შედარებით რამდენი გქონდა გაყიდვები) აუცილებლად იწყებ გაყიდვების კლების მიზეზის ძიებას. მიზეზი შეიძლება იყოს ახალი კონკურენტი დაბალი ფასით, სეზონურობა, უკმაყოფილო კლიენტები, აქტიურობის ნაკლებობა და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოჩენაა, ხოლო შემდეგ მისი მოგვარება. როცა მცირე მეწარმე ხარ, ხელი ყოველთვის ბიზნესის პულსზე უნდა გქონდეს. როგორც იტყვიან, როცა დაქირავებული თანამშრომელი ხარ, დღეში 8 საათს მუშაობ, ხოლო როცა საკუთარი ბიზნესი გაქვს, 24/7-ზე გიწევს მუშაობა.
ბევრ სტარტაპს უჭირს ფასების სწორად დადგენა და, ზოგადად, ფინანსებთან ურთიერთობა. რა რჩევას მისცემდი?
ფასწარმოქმნა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა მცირე მეწარმეებისთვის, რადგან რთულია, თავად დააწესო ფასი უმეტესწილად ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც ან ანალოგი/კონკურენტი არ ჰყავს ან ჰყავს უცხოეთში. ძალიან ბევრი ფორმულა არსებობს ფასის წარმოქმნისთვის. მე ვურჩევდი საცალო ფასის გამოთვლას ასე - ნედლეულის ღირებულება + შრომის ანაღაურება (საათობრივი) + ის საშუალო თანხა, რომელიც უნდა, რომ დაახლოებით დარჩეს ხელზე + 25-30%. ეს უკანასკნელი საჭიროა იმისთვის, რომ შეძლოს სადღესასწაულო დღეებში ფასდაკლებების შეთავაზება და სხვადასხვა ქსელთან ურთიერთობისას გაითვალისწინოს საკომისიო. საათობრივი ანაზღაურების შეფასება სრულად მეწარმეზეა დამოკიდებული, რამდენად აფასებს თავის 1 საათიან შრომას, თავად უნდა გადაწყვიტოს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 20 ლარი, ზოგ შემთხვევაში კი 100 ლარი.
თუ ახალბედა მეწარმეს მხოლოდ ერთი უნარის დახვეწა შეუძლია საწყის ეტაპზე, რა უნდა იყოს ეს?
კომუნიკაციის უნარი. მეწარმეს უნდა შეეძლოს საკუთარ ბიზნესზე გამართულად საუბარი, ხედვებისა და მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება, არ ეშინოდეს კამერის წინ დგომის. მზად უნდა იყოს მოლაპარაკებების წარმართვისთვის.
მეწარმეობა ყოველთვის სწორხაზოვანი გზა არ არის და შეცდომებიც ამ პროცესის ნაწილია. თუმცა, სწორი მიდგომით, ეს შეცდომები შეიძლება განვითარებისა და გაძლიერების ხერხებადაც ვაქციოთ. როგორც თამთას გამოცდილება გვიჩვენებს, მთავარია მუდმივი სწავლა, ადაპტაცია და საკუთარი საქმის დაფასება – ეს სამი ფაქტორი ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი წინსვლის საშუალებას გვაძლევს.
ბლოგი მომზადებულია ელექტრონული კომერციის ასოციაციის მხარდაჭერით.
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!