დღგ მარტივად – რა უნდა იცოდეს ყველა მეწარმემ
01 მაისი, 2025
რა არის დღგ?
დღგ ნიშნავს დამატებული ღირებულების გადასახადს და მისი არსი საკმაოდ მარტივია. როცა ყიდით პროდუქციას ან მომსახურებას, ღირებულებას ემატება 18%, რომელიც შემდგომ ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს.ეს არ არის დამატებითი ტვირთი თქვენი ბიზნესისთვის. თქვენ, როგორც დღგ-ს გადამხდელი, ხართ შუამავალი სახელმწიფოსა და მომხმარებელს შორის. კლიენტი გიხდით თანხას დღგ-ს ჩათვლით, ხოლო თქვენ ამ დამატებით ნაწილს ბიუჯეტში აბრუნებთ.
მაგალითად, თუ თქვენი პროდუქტი ღირს 100 ლარი და დღგ არის 18%, მყიდველი გადაიხდის 118 ლარს. 100 ლარი დარჩება თქვენთან, ხოლო 18 ლარს გადაუხდით სახელმწიფოსთვის.

როდის უნდა დარეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად?
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია ორი გზით ხდება - ან იმიტომ, რომ უკვე გიწევთ, ან იმიტომ, რომ თავად გსურთ. მოდი, დეტალურად გავიაროთ ორივე შემთხვევა. სავალდებულო რეგისტრაცია თუ თქვენი ბიზნესის ბრუნვა (ანუ საერთო შემოსავალი და არა მოგება) 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბებს, ვალდებული ხართ, დარეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებით. მაგალითად, თქვენ ყიდით ხელნაკეთ ნივთებს ონლაინ და ერთ წელიწადში 105 000 ლარის გაყიდვები გქონდათ. მაშინ აუცილებლად უნდა დაიწყოთ დღგ-ს რეგისტრაციის პროცესი და უკვე მომდევნო თვიდან დღგ-ს გადამხდელი იქნებით. სურვილისამებრ რეგისტრაცია შეგიძლიათ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეთ სურვილისამებრ, ანუ მაშინაც კი, როცა თქვენი ბრუნვა ჯერ 100 000 ლარს არ სცდება. ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ზოგჯერ ჭკვიანურია.რატომ შეიძლება დაგჭირდეთ? გყავთ კლიენტები, რომლებიც თავად არიან დღგ-ს გადამხდელები და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენგანაც იღებდნენ დღგ-ს ჩათვლით ინვოისებს. ყიდულობთ პროდუქტებს ან მასალებს დღგ-ს ჩათვლით და გინდათ, რომ ეს დღგ უკან დაიბრუნოთ.გსურთ, რომ ბიზნესი უფრო სერიოზულად აღიქვან პარტნიორებმა. დღგ-ს გადამხდელი კომპანიის სტატუსი ზრდის სანდოობას. მაგალითად, თქვენ გაქვთ მცირე ვებსტუდია და ბრუნვა ჯერ მხოლოდ 40 000 ლარია, მაგრამ თქვენი კლიენტები დიდი კომპანიები არიან, რომლებსაც მხოლოდ დღგ-ს ჩათვლით ინვოისები სჭირდებათ. ამ შემთხვევაში სჯობს დარეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად.

ვალდებულებები რეგისტრაციის შემდეგ როდესაც დღგ-ს გადამხდელი ხდებით, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული წესების დაცვა და პროცესების მართვა მოგიწევთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ეს პროცედურები არც ისე რთულია, მთავარია, სისტემატურად შეავსოთ.
ყოველთვიური დეკლარაცია ყოველ თვე უნდა შეავსოთ დღგ-ს დეკლარაცია. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ასახავთ, რამდენი დღგ აიღეთ მყიდველებისგან და რამდენი გადაიხადეთ თქვენ მიერ ნაყიდ საქონელზე ან მომსახურებაზე. მაგალითად:გაყიდეთ პროდუქცია 10 000 ლარად. აქედან დღგ იქნება 1 800 ლარი ამავე თვეში იყიდეთ მასალები 5 000 ლარად, რომლებშიც შედის 900 ლარი დღგ ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტში უნდა გადაიხადოთ: 1 800 – 900 = 900 ლარი ეს პროცესი ხდება RS.GE-ზე, საიტზე, რომელიც საკომუნიკაციო ხიდია თქვენსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.
ინვოისების (გადასახდელი დოკუმენტების) გაცემა ყოველი გაყიდვისას თქვენი ვალდებულებაა გადასახდელი დოკუმენტი გასცეთ, რომლებშიც დეტალურად იქნება მითითებული დღგ-ს თანხა. ეს შეიძლება იყოს ელექტრონული ინვოისი, რომელსაც RS.GE-ზე ატვირთავთ.
ანგარიშგების დროის დაცვა დღგ-ს დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველ თვე, თვის დასასრულიდან მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ამ ვადების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა არ დაგაკისრონ ჯარიმები.
როგორ შეავსოთ დღგ-ს დეკლარაცია RS.GE-ზე?
როცა დეკლარაციის წარდგენის დრო მოდის, მთავარი "მოქმედების ადგილი" არის RS.GE, შემოსავლების სამსახურის ვებსაიტი. თუ ჯერ არ გქონიათ მასთან შეხება, არ ინერვიულოთ, ჩვენ აგიხსნით დეტალურად პროცესებს.
ნაბიჯი 1: ავტორიზაცია შედით RS.GE-ზე, დააჭირეთ "ფიზიკური/იურიდიული პირის ავტორიზაციას" და შედით თქვენს პროფილში პირადი ნომრით ან ID ბარათით.
ნაბიჯი 2: გადადით განყოფილებაში „დეკლარაციები“ ავტორიზაციის შემდეგ მარცხენა მხარეს ნახავთ მენიუს. დააჭირეთ “დეკლარაციები” > “დღგ”. შეარჩიეთ შესაბამისი თვე, რომელშიც გქონდათ გაყიდვები ან შესყიდვები.
ნაბიჯი 3: შეავსეთ ცხრილები
დეკლარაცია შედგება რამდენიმე სექციისგან, მაგალითად: გაყიდვები – აქ შეგყავთ გაყიდული პროდუქციის თანხა და დღგ. შესყიდვები – აქ შეიტანთ იმ პროდუქტებსა და მომსახურებებს, რომლებიც იყიდეთ დღგ-ს ჩათვლით. დასარიცხი/დასაბრუნებელი დღგ – სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ, რამდენი დღგ უნდა გადაიხადოთ ან დაიბრუნოთ.
ნაბიჯი 4: დამოწმება და წარდგენა დეკლარაციის შევსების შემდეგ დააჭირეთ „დამოწმებას“ და შემდეგ „წარდგენას“. ყველაფერი მზად არის! ახლა შეგიძლიათ გადახდის გრაფაში გადაიხადოთ შესაბამისი თანხა.
პატარა რჩევები
- გამოიყენეთ RS.GE-ს კალენდარი, რომელიც შეგახსენებთ დეკლარაციის ვადებს.
- შეგიძლიათ დაიქირაოთ ბუღალტერი ან გამოიყენოთ ონლაინ ბუღალტრული სერვისები, თუ გსურთ, რომ საქმე პროფესიონალს მიანდოთ.
- ნუ გადადებთ დეკლარაციის შევსებას ბოლო დღისთვის. გაუთვალისწინებელმა შეცდომამ შეიძლება ზედმეტი ჯარიმა დაგაკისროთ
მსგავსი ბლოგი
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!