რა არის ელექტრონული კომერცია
15 აპრილი, 2024დღეს იშვიათად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც ონლაინ შოპინგით არ უსარგებლია. არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიო დონის ვებ-გვერდიდან იწერთ ტანსაცმელს, თუ უბნის მარკეტის საიტზე ყიდულობთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ნებისმიერი თქვენ მიერ განხორციელებული ონლაინ შენაძენი ელექტრონული კომერციის ნაწილია და რაც უფრო ციფრული ხდება სამყარო, მით უფრო გვიმარტივებენ მომხმარებლებს პროცესებს. აი ახლაც, ამ ბლოგის კითხვისას, შეგიძლია რამდენიმე დაწკაპუნებით გამოიძახო საჭმელი საყვარელი რესტორნიდან. იმაზე თუ გიფიქრია, ამ “დაწკაპუნებების” უკან რამდენი ადამიანი დგას და რა პროცესებს გადიან ისინი ყოველ დღე, რომ შენაძენი შენამდე სწრაფად და კომფორტულად მოვიდეს? ელექტრონული კომერცია არის საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტით. ეს პროცესი მოიცავს აქტივობების მთელ ჯაჭვს. ვეცდებით, სათითაოდ გაგაცნოთ თითოეული რგოლი.
ონლაინ მაღაზიები - სივრცე, სადაც ბიზნესები წარმოაჩენენ თავიანთ პროდუქტებს ან სერვისებს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ, შეარჩიონ და შეიძინონ საქონელი ინტერნეტით.
გადახდის სისტემები - ელექტრონული კომერცია ვერ იარსებებდა უსაფრთხო გადახდის სისტემების გარეშე. ყოველთვის, როცა შენი ბარათის ნომერი შეგყავს საიტზე და გადახდაც წამებში ხორციელდება, გახსოვდეს, რომ პირადი მონაცემების დაცულობა და სწრაფი გადახდები ამ სისტემების დამსახურებაა.
ლოგისტიკა - ეს რგოლი ორი ნაწილისგან შედგება: საწყობი და მიწოდება. ელექტრონული კომერციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები “კულისებში” მიმდინარეობს. საქონლის მიღებიდან და შენახვიდან დაწყებული, შეკვეთების მოგროვებითა და შეფუთვით დამთავრებული, ყველაფერი საწყობში ხდება. იქ ეფექტური სისტემებით ხელმძღვანელობენ, რათა მართონ მარაგები და თვალ-ყური ადევნონ პროდუქტებს. შეკვეთის დამუშავების შემდგომი ეტაპი მიწოდებაა. სულერთია ფიზიკურ პროდუქტს ყიდულობ, ციფრულს, თუ უბრალოდ სახლის დალაგების სერვისს, ნებისმიერ შემთხვევაში დროული და საიმედო ტრანსპორტირება განაპირობებს მომხმარებლის კმაყოფილებას.
ახლა ორიოდე სიტყვა ელექტრონული კომერციის მოდელებზეც ვთქვათ:
B2B (Business to Business) მოდელის მიხედვით ბიზნესები ყიდიან თავიანთ პროდუქტებს ან მომსახურებას სხვა ბიზნესებზე. მაგალითად, მომწოდებლები, რომლებიც ყიდიან ნედლეულს მწარმოებლებზე ან საბითუმო მოვაჭრეებზე, რომლებიც აწვდიან საქონელს საცალო მოვაჭრეებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტანსაცმელი, რომელიც ახლა გაცვია, თავიდან უბრალო ნაჭერი იყო, რომელიც შენმა საყვარელმა ბრენდმა სხვა კომპანიისგან შეიძინა.
B2C (Business to Consumer) არის ყველაზე ნაცნობი მოდელი, რომლის მიხედვითაც ბიზნესები პირდაპირ ყიდიან პროდუქტსა და სერვისს მომხმარებლებზე. დღეს რომ მაღაზიაში პური იყიდე, ეგ B2C პროცესია.
C2C (Consumer to Consumer) მოდელში ფიზიკური პირები ყიდიან პროდუქტებს ან მომსახურებას სხვა ფიზიკურ პირებზე. ონლაინ ბაზრები, როგორიცაა Craigslist ან პლატფორმები, როგორიცაა eBay, ამ ტიპის კომერციის საშუალებას იძლევა. იქ ადამიანები ყიდიან და ყიდულობენ მეორად ან ხელნაკეთ ნივთებს.
C2B (Consumer to Business) არის B2C მოდელის შებრუნებული ვერსია, როცა მომხმარებლები ყიდიან პროდუქტებს ან მომსახურებას ბიზნესზე. ამისი კარგი მაგალითია freelance პლატფორმები, სადაც ინდივიდები სთავაზობენ თავიანთ უნარებსა და მომსახურებას ბიზნესებს.
არსებითად, ელექტრონული კომერცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ონლაინ შოპინგი. ეს არის დინამიკური ეკოსისტემა, სადაც ბიზნესები და მომხმარებლები იყრიან თავს, სცილდებიან გეოგრაფიულ საზღვრებს და რევოლუციას ახდენენ ჩვენს ყიდვა-გაყიდვის გზაზე ციფრულ ეპოქაში.
მსგავსი სიახლეები
გამოიწერეთ სიახლეები
პირველმა მიიღეთ საინტერესო ინფორმაცია!