ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

5 რჩევა შავი პარასკევის შოპინგისთვის

22 ნოემბერი, 2024
5 რჩევა შავი პარასკევის შოპინგისთვის

ჰაერში უკვე საშოპინგოდ მომზადებული ხალხის მღელვარება იგრძნობა, შავი პარასკევი სადაცაა კარზე, უფრო სწორად, საფულეებზე მოგვიკაკუნებს. ფასდაკლებების ორომტრიალში  მარტივად შეიძლება თავგზა აგებნეთ და სახლში მისულმა აღმოაჩინოთ, რომ ბევრი არასაჭირო ნივთი შეგიძენიათ. ამ უსიამოვნებას რომ აგარიდოთ და შოპინგიც უფრო ორგანიზებული გქონდეთ, ამისთვის 5 რჩევა მოგიმზადეთ.

წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია 

წარმოიდგინეთ, შავი პარასკევის დილაა და იმის ნაცვლად, რომ თვალი გაგირბოდეთ ყოველი შემოთავაზებისკენ, რომელსაც ინტერნეტში თუ მაღაზიებში წააწყდებით, თქვენ მშვიდად ამოწმებთ წინასწარ მომზადებულ სიას. შოპინგის სია არა მხოლოდ დროს დაგიზოგავთ, არამედ ფოკუსის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ყიდულობთ საახალწლო საჩუქრებს თუ იმ ნივთს, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ, სიის წყალობით შეიძენთ მხოლოდ იმას, რაც ნამდვილად გჭირდებათ და თავიდან აიცილებთ იმპულსურ შესყიდვებს.

დაგეგმეთ სად და როდის იშოპინგებთ

შავი პარასკევი ერთგვარ შეჯიბრადაც კი გადაიქცა - ვინ რამდენი ნივთის შეძენას მოასწრებს მცირე დროში. შეთავაზებები სწრაფად ქრება და საიტები ხანდახან ვერ უმკლავდებიან არანორმალურ დატვირთვას. მოიძიეთ საყვარელ მაღაზიებზე ინფორმაცია და მათი შავი პარასკევის განრიგი. ზოგიერთი შეთავაზება შუაღამით იწყება, ზოგი კი მთელი შაბათ-კვირა გრძელდება. წინასწარ მოძებნეთ სასურველი ნივთები, დაამატეთ ისინი „ფავორიტებში“, დააყენეთ მაღვიძარა ან რაიმე სახის შემახსენებელი და მითითებული დროისთვის შეიძინეთ პროდუქცია. ასე თავიდან აიცილებთ შეფერხებებს და დაზოგავთ დროს.

ნუ აჰყვებით ფასდაკლების ცდუნებას

ყველას გვქონია შემთხვევა, როცა 70%-იანი ფასდაკლების მქონდე ნივთი, რომელიც აქამდე არ გვჭირდებოდა, უცებ ძალიან მიმზიდველი გამხდარა. შეთავაზებები ხშირად შლის ზღვარს სურვილსა და საჭიროებას შორის. სანამ ნივთს კალათაში დაამატებთ, დაფიქრდით, ნამდვილად გამოიყენებთ ამ ულამაზეს სასაპნეს, რომლის მსგავსი სახლში უკვე 5 ცალი გაქვთ, თუ უბრალოდ მისმა ფერმა და ფასმა მიგიზიდათ? დაფიქრების ერთმა წუთმა შეიძლება არასაჭირო ხარჯებისგან დაგიცვათ.

შეძენამდე წაიკითხეთ შეფასებები

შავი პარასკევის აჟიოტაჟში ხშირად გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - შეფასებების შემოწმება. რა თქმა უნდა, ნივთის შეძენა არ ღირს, თუ ის ვერ გაამართლებს მოლოდინებს როგორი იაფიც არ უნდა იყოს. გამოყავით რამდენიმე წუთი მომხმარებელთა კომენტარების წასაკითხად და დარწმუნდით შესაძენი ნივთის ხარისხში. გულწრფელი შეფასებები ხშირად ავლენს დეტალებს გამძლეობის, ზომის ან ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც შესაძლოა სარეკლამო აღწერაში არ იყოს ნახსენები.

განსაზღვრეთ ბიუჯეტი

მკაფიოდ გაწერეთ ბიუჯეტი, რომლის დახარჯვასაც გეგმავთ შოპინგისას. ფასდაკლებები ხშირად მაცდურია ხოლმე და მართალია, თითო-თითო ნივთი იაფი გვიჯდება, მაგრამ შეიძლება ჯამში ხარჯი საკმაოდ დიდი აღმოჩნდეს. ყიდვის პროცესში თქვენი გზამკვლევი უნდა იყოს არა ფასდაკლებები, არამედ თქვენი ბიუჯეტი. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, გარწმუნებთ, დღის ბოლოს შენაძენითა და დანაზოგით ბევრად კმაყოფილი დარჩებით. 

შავი პარასკევი ფასდაკლებების დღესასწაულთან ერთად არის მოთმინებისა და ფინანსური მენეჯმენტის უნარების გამოცდაც. ამ 5 რჩევით შეძლებთ წარმატებით გაიაროთ შეთავაზებების ქაოსში და შეიძინოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. Onway კი ყველაფერს სიხარულით მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში.


ლინკის დაკოპირება