ზაფხული ელ. კომერციისთვის ერთ-ერთი აქტიური პერიოდია. სანამ დასვენებას დავიწყებთ, უამრავ ნივთს ვიმარაგებთ აგარაკისთვის, მოგზაურობისთვის თუ სხვა აქტივობებისთვის. ჩვენი კურიერები ყველაზე ცხელ სამ თვესაც არ გაჩერებულან და მათი მანქანების ზუზუნი ქვეყნის ყველა კუთხეში ისმოდა. ამ ბლოგში მოგიყვებით იმ 5 ქალაქზე, სადაც ზაფხულში ყველაზე მეტი ნივთი მივიტანეთ.
ხუთეულში პირველ ადგილს თბილისი იკავებს. დედაქალაქის მოსახლეობა მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა წლის ნებისმიერ დროს, ზაფხულში კი მათთან ამანათების 61,1% დავარიგეთ.
როგორც ჩანს, თბილისელების იმ ნაწილმა, რომელმაც ქალაქიდან გასვლა ვერ მოახერხა, თავიანთ აივნებზე გადაწყვიტა დასვენების სივრცის მოწყობა, ამიტომ მიტანილი ამანათების სიაში მოხვდა გარე ავეჯი და საქანელები. მათ კი, ვისაც გაუმართლა და აგარაკებზე წასვლა შეძლეს, აუზები და ველოსიპედები შეიძინეს. ან შეიძლება სულაც ამ ზაფხულს გადაწყვიტეს დედაქალაქის მცხოვრებლებმა ჯანსაღი ცხოვრების დაწყება და ეკომეგობრული ტრანსპორტი აირჩიეს. თუ ეს მართლაც ასე იყო, ე.ი. ჩვენ მიერ მიტანილ ველოსიპედებს ახლა უკვე თბილისის ბევრი ქუჩა ექნებათ მოვლილი.
მიტანილი ამანათების რაოდენობით მეორე ადგილს ბათუმი იკავებს. ეს ზღვისპირა კურორტი წლის თითქმის ყველა სეზონზე დატვირთულია ტურისტებით, ზაფხულში კი ამ ქალაქში ცარიელ ქუჩას ვერსად ნახავთ. მისი ხიბლი იზიდავს როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს. სასტუმროები და კაფეები ემზადებოდნენ ტურისტების დიდი ნაკადის სათანადოდ დასახვედრად, ამიტომ ბაღის ავეჯისა და შეზლონგების დიდი რაოდენობა მოიმარაგეს.
გარდა ტურისტების კომფორტზე ზრუნვისა, ბათუმელები, ალბათ, თავიანთ დასვენებაზეც ფიქრობდნენ, ამიტომ მათ აუზები, ჰამაკები და საქანელები მივუტანეთ პატარა ოაზისის მოსაწყობად. ხანდახან დასვენება მასპინძლებსაც ხომ უნდათ ხოლმე.
მესამე ადგილზე ამანათების 8,9%-ით ქუთაისი გვყავს. როგორც იმერეთის მთავარ ეკონომიკურ კერასა და საერთაშორისო აეროპორტის მასპინძელს შეშვენის, ქუთაისში მუდამ დუღს ცხოვრება. ამ ქალაქის მოსახლეობა განსაკუთრებული აქტიურობითა და ფუსფუსით გამოირჩევა. აქ წელს გარე ავეჯი და ველოსიპედები განსაკუთრებით პოპულარული შენაძენი იყო, რაც მისი მაცხოვრებლების ჯანსაღი ცხოვრების წესს უსვამს ხაზს.
მეოთხე ადგილი გორს ხვდა წილად. როგორც შიდა ქართლის რეგიონის ცენტრი, გორი გარშემორტყმულია ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწებით, რამაც განსაკუთრებით პოპულარული გახადა ისეთი ნივთები, როგორიცაა სათიბი და მეღვინეობის ტექნიკა. ქალაქის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ტურიზმი, შესაბამისად უფრო მეტი ადგილობრივი იწყებს ბიზნესს, ამზადებს თავის სახლ-კარს სტუმრების დასახვედრად და, რაც მთავარია, ამზადებს და უვლის ღვინოს, რომლითაც მთელი წლის განმავლობაში ჩამოსული ტურისტები უნდა გააოცოს.
გორის ეკონომიკა ღრმად არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან, ხოლო ზაფხული დატვირთული დროა ფერმერებისთვის და ადგილობრივებისთვის, რომლებიც მოსავლის აღებისთვის ემზადებიან. სწორედ ამიტომ ჭარბობდა ამ რეგიონში შესაბამისი ტექნიკისა თუ აღჭურვილობის შენაძენები.
საბოლოოდ ხუთეულს ზუგდიდი ამანათების 5,4%-ით ამთავრებს. როგორც სამეგრელოს დედაქალაქი, ზუგდიდი ცნობილია თავისი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობითა და მზარდი ეკონომიკური აქტივობით. ბაღის ავეჯის, ჰამაკისა და ღვინის საწნახელი მანქანების მიწოდება ამ რეგიონში განსაკუთრებით აქტიური იყო, რადგან ადგილობრივები ზაფხულის შეკრებებისა და მეღვინეობის ტრადიციული სეზონისთვის ემზადებოდნენ.
ჩვენ მთელი ზაფხული ვმუშაობდით, რათა თქვენთვის საჭირო ნივთები მოგვეტანა. შემოდგომიდან ახალ გამოწვევებსა და კიდევ უფრო მეტ ამანათს ველოდებით.