გააზიარე

როგორ მოვაწყოთ სრულყოფილი პიკნიკი - გზამკვლევი Onway-სგან

ზაფხული დასრულდა და შვებულებების დიდი ნაწილიც თან წაიღო. შემოდგომა, როგორც წესი, ახალ საქმეებთან და დატვირთულობასთან ასოცირდება, მაგრამ მისი ყველაზე დიდი ხიბლი ისაა, რომ სიცხე შემაწუხებელი აღარაა და ბუნებით ტკბობა უფრო მარტივია. მათ, ვისაც დასვენების ერთბაშად შეწყვეტა არ უნდა, “მინი შვებულებას”, პიკნიკის მოწყობას გთავაზობთ. 

შემოდგომის სიკეთეებზე რომ გავაგრძელოთ - რა სჯობს თბილ ფერებში გადაჭრელებულ ხეებს. თითქოს, თავად ბუნება გვიწვევს თავის წიაღში გასასეირნებლად. ჩაბარგდით მსუბუქად და ქალაქთან ახლოს, ან თუნდაც ქალაქშივე, გაეშურეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გასატარებლად, ჩვენ კი გზაში სასარგებლო რჩევებს მოგაწევთ.

შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური ადგილი. პიკნიკის მოწყობა ხშირად ქალაქიდან გასვლასთან ასოცირდება. არადა, ურბანულ გარემოშიც მოიძებნება ალაგ-ალაგ პატარა ოაზისები, სადაც გაქვთ უფლება მცირე პიკნიკი მოაწყოთ, რა თქმა უნდა, ცეცხლის დანთების გარეშე. მაგრამ თუ მაინც ქალაქს მოშორდებით და ბუნებაში გაინავარდებთ, წამოსვლისას არ დაგავიწყდეთ სივრცის დასუფთავება და ცეცხლის ჩაქრობა. დარწმუნდით, რომ ნაკვერჩხალიც ისეა მინელებული, რომ აღარ გაღვივდება. სამწუხაროდ, ხანძრების დიდი ნაწილი სწორედ უყურადღებოდ მიტოვებული კოცონის ბრალია ხოლმე.

წინასწარ მოძებნეთ ინფორმაცია იმ ადგილზე, სადაც მიდიხართ - არის თუ არა ახლომახლო ტუალეტი, შეგიძლიათ თუ არა იქ მანქანის გაჩერება, რამდენად პოპულარულია ეს ადგილი მოპიკნიკეებში. თუ სიმყუდროვე გინდათ, სჯობს ნაკლებად ხალხმრავალი, მაგრამ უსაფრთხო ადგილი შეარჩიოთ.

არ დაგავიწყდეთ საპიკნიკე კალათა. რა თქმა უნდა, საჭმელების სხვა სათავსოში ჩალაგებაც შეიძლება, მაგრამ პატარა რომანტიკა არავის აწყენს. ეს ლამაზად დაწნული ნივთი ხომ პიკნიკის სინონიმიც კია. მოიმარაგეთ მარტივად მოსამზადებელი საკვები: სენდვიჩები, სოსისები, ხილი, სახრამუნოები და, რაც მთავარია, სასმელი: ჩაი, ყავა, ღვინო… დესერტად შეგიძლიათ ნამცხვრები წაიღოთ ან თუ მომზადების პროცესითაც გინდათ სიამოვნების მიღება, კოცონზე გოგრისა და ვაშლის შეწვაც შეგიძლიათ. აქვე, ბუნების მოფრთხილებაც არ დაგვავიწყდეს. კარგი იქნება, თუ მრავალჯერადი მოხმარების ჭურჭლის წაღებას არ დაიზარებთ, ნაცვლად ერთჯერადისა, პლასტმასას მოხმარების შემცირების მიზნით.

საჭმელების დასალაგებლად პატარა სუფრა დაგჭირდებათ, კომფორტულად წამოკოტრიალებისთვის კი შედარებით სქელი პლედი გაიყოლეთ. ისე, კომფორტი ზედმეტი არასდროსაა და ერთი-ორი პატარა ბალიშის წაღებასაც არაფერი უდგას წინ.

ვახშმის შემდეგ მოკალათებითაც რომ იჯერებთ გულს, გართობის დრო მოდის. თან იქონიეთ სამაგიდო თამაშები, კარტი, ბადმინტონი. ფონად მუსიკაც დაგამშვენებთ, რისთვისაც პორტატული Bluetooth დინამიკი გამოგადგებათ. მათ, ვისაც უფრო მშვიდი გარემო გირჩევნიათ, წიგნი იდეალურ კომპანიონობას გაგიწევთ.

პიკნიკის მთავარი ხიბლი მაინც დასვენებაა, არ დაგავიწყდეთ ბუნებით ტკბობა, განტვირთვა, რომ მომავალ სამუშაო კვირას ახალი ენერგიებით შეხვდეთ. ხოლო თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი არ გაქვთ, Onway.ge ამაზეც იზრუნებს და თქვენს შეკვეთას დროულად და უსაფრთხოდ მოგიტანთ.


მიწოდების კალკულატორი