გააზიარე

8 საჭირო ნივთი აგარაკისთვის

როდესაც საქმე იდეალური სააგარაკო სივრცის მოწყობას ეხება, არის ნივთები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს, თუ გვინდა, რომ დასვენების დღეები მაქსიმალურ კომფორტში გავატაროთ. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახურ შეკრებას აწყობთ, მეგობრებს მასპინძლობთ, თუ უბრალოდ შვებულებას ატარებთ, ის 8 ნივთი, რომლებზეც ამ ბლოგში მოგიყვებით, უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის ქალაქგარეთ ყოფნას.

გარე ავეჯის კომპლექტი

აგარაკის ყველაზე დიდი ხიბლი, ალბათ, გარე სივრცეა. თან თუ ამინდიც ხელს გიწყობს, მაყალზე აშიშხინებულ მწვადს და საღამოს, ღვინის ფონზე საუბრებს არაფერი სჯობს. ასეთ აქტივობას კომფორტული და პრაქტიკული ავეჯი სჭირდება. იქნება ეს დაბალი მაგიდა რბილი სავარძლებით, ბამბუკისგან მოწნული საზურგიანი სკამებით, თუ ფოლადისგან გაკეთებული ავეჯი, ასეთი კომპლექტი აუცილებელია აგარაკის ეზოში. რა თქმა უნდა, ყველაფერი გემოვნების საკითხია, მაგრამ თუ პრაქტიკული რჩევები გჭირდებათ, გეტყვით, რომ ღია სივრცისთვის იდეალური ისეთია ავეჯია, რომელიც ნებისმიერ ამინდს უძლებს და სისველეშიც არ ფუჭდება. ასეთ დროს რეკომენდაციას ნაქსოვ ლითონს უწევენ. მაგრამ თუ მაქსიმალური კომფორტი გჭირდებათ და არჩევანს რბილობით დაფარულ ხის ავეჯზე შეაჩერებთ, მოგიწევთ გამოყენებამდე ყოველ ჯერზე მათი სახლიდან გამოტანა და მერე ისევ გადახურულ სივრცეში დაბრუნება.

ბარბექიუ გრილი

არცერთი აგარაკი არ არის სრულყოფილი ბარბექიუ გრილის გარეშე. რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე დაჯდომა და ბუნებით ტკბობა სასიამოვნოა, მაგრამ თუ შენს გვერდით მწვადი არ შიშხინებს, თითქოს, დასვენებას მარილი აკლია. მიუხედავად იმისა, უპირატესობას ანიჭებთ გაზს, ნახშირს თუ ელექტროს, გრილი აუცილებელია აგარაკისთვის. ის შესანიშნავია ყველაფრის მოსამზადებლად ხორცითა და სოსისით დაწყებული, ბოსტნეულითა და თევზით დასრულებული. ასეთი ვახშმები შვებულების საღამოებს ყოველთვის უფრო გემრიელს ხდის. 

გასაბერი აუზი

ალბათ, დასასვენებლად წასულს ერთხელ მაინც გითქვამთ: “ეჰ, აქ რომ აუზი იყოს…” ყველა აგარაკს არ აქვს საკმარისი სივრცე აუზის გასაკეთებლად, სამაგიეროდ შეგიძლიათ უფრო პრაქტიკული ნივთი - გასაბერი აუზი შეიძინოთ. მუდმივი აუზის ეს უმარტივესი ალტერნატივა პრაქტიკულია როგორც გასამართად, ისე შესანახად. გარდა იმისა, რომ თქვენც გაერთობით და გაგრილდებით, დაგვიჯერეთ, ყველაზე მეტად ბავშვებს გაახარებთ.

ბუდე საქანელა

სანამ ბავშვები აუზში ჭყუმპალაობენ, თქვენ შეგიძლიათ ჩრდილში ჩამოკიდებულ ე.წ. ბუდე საქანელაში მოისვენოთ… მანამ მაინც, სანამ ამ კომფორტულ ადგილსაც ბავშვები არ დაეპატრონებიან. ამ საქანელას პლუსი ისაა, რომ გადასაადგილებლად მარტივია და მისი დადგმა ნებისმიერ ადგილას, შიგნით თუ გარეთ შეგიძლიათ. მისი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ წნულის ხარისხსა და წონას, რომლის გაძლებაც მას შეუძლია.

ჰამაკი

საქანელას ტრადიციული ალტერნატივა ჰამაკია. ეს ნივთი, ალბათ, დასვენების სინონიმიც კია. იდეალურია ძილისთვის, კითხვისთვის ან უბრალოდ ბუნების ხმებით ტკბობისთვის. თუ აგარაკზე ხეების წყობამ არ გაგიმართლათ, ჰამაკთან ერთად აუცილებლად მისი სადგამიც შეიძინეთ. 

მზის ქოლგა

დასვენების დროს უსაფრთხოებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მართალია, აუზში გაგრილება და სუფთა ჰაერზე ჯდომა კარგია, მაგრამ მზის მავნე სხივებს აუცილებლად უნდა დავემალოთ. ამისთვის ყველაზე პრაქტიკული მზის დიდი ქოლგებია, რომლებიც აგარაკის ეზოში რამდენიმე ადგილას შეგიძლიათ დადგათ - აუზთან, გრილთან, საქანელასთან, ჰამაკთან.

ჩარდახი

ჩარდახი, იგივე “ტენტი”, გეხმარებათ გარე სივრცის ათვისებაში ნებისმიერ ამინდში. მიუხედავად იმისა, გარეთ საუზმობთ, თუ უბრალოდ დასასვენებლად ხართ წამოწოლილი ეზოში, ჩარდახის ქვეშ არც წვიმა და არც მზე არ შეგაშინებთ. ეს შესანიშნავი ინვესტიციაა მათთვის, ვისაც უყვარს დროის გარეთ გატარება ამინდის მიუხედავად.

გარე განათება

გარე განათების სისტემა გადამწყვეტი ელემენტია აგარაკზე საღამოების სასიამოვნოდ გასატარებლად. იქნება ეს სიმებიანი ნათურებით თუ მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები, კარგი განათება ქმნის თბილ და მიმზიდველ ატმოსფეროს. 

აგარაკის მოწყობისას არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ უამრავი ნივთის მიწოდებაში Onway.ge დაგეხმარებათ საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოთ.

მიწოდების კალკულატორი