გააზიარე

ონლაინ მაღაზიის სახეები

ციფრული ტექნოლოგიების გამოჩენამ რევოლუცია მოახდინა ბიზნესებში, ონლაინ მაღაზიები გახდა სასიცოცხლო კომპონენტი საცალო ვაჭრობის წარმატებისთვის. ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რა სახის ონლაინ მაღაზიები არსებობს და რომელ მათგანს რა უპირატესობა აქვს.

დღეისათვის ონლაინ ვაჭრობის უკვე უამრავი ხერხი გაჩნდა. სავაჭრო პლატფორმების პოპულარობა ქვეყნების მიხედვით იცვლება, მაგალითად, საქართველოში ძირითადად სამი მათგანია პოპულარული: მარკეტფლეისები, პერსონალური ონლაინ მაღაზიები და Facebook გაყიდვები.

მარკეტფლეისები - ეს ის ადგილია, სადაც თქვენს, როგორც ონლაინ მოვაჭრის, კომფორტზე წინასწარ იზრუნეს. ამ სივრცეში შეგიძლიათ შექმნათ პირადი კაბინეტი და უმარტივესად აწარმოოთ გაყიდვები. მარკეტფლეისების ყველასთვის ნაცნობი მაგალითებია Amazon.com, eBay.com, Extra.ge, Vendoo.ge. მსგავსი საიტები ისეა მოწყობილი, მაღაზიის “შექმნა” არც გჭირდებათ, მთავარია ატვირთოთ პრუდუქცია, მისი მახასიათებლები და აკონტროლოთ მარაგები. რაც მთავარია, ყველა მარკეტფლეისს ინტეგრირებული აქვს გადახდის სისტემები და ისინი თავად სთავაზობენ მომხმარებელს მიწოდების სერვისს, რაც თქვენ გაცილებთ ლოჯისტიკურ ტვირთს.

რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი კომფორტის მისაღებად გარკვეული საკომისიოების გადახდაც გიწევთ. გარდა ამისა, მარკეტფლეისების მინუსი ისაა, რომ აქ ვერ შეძლებთ თქვენი ბრენდის პერსონიფიცირებას, ეს არ არის თქვენი ექსკლუზიური სივრცე. ამ პრობლემის გადაჭრა თქვენთვის სასურველი კოდის დაწერითაა შესაძლებელი, რაც, ცხადია, გაცილებით მეტ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. ამ ხერხს ძირითადად დიდი ბრენდები მიმართავენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა მათგან შეიძინოს არამხოლოდ ნივთი, არამედ განწყობაც და ხასიათიც, რის საშულებასაც მხოლოდ პერსონიფიცირებული ციფრული სივრცე იძლევა. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენ ვაჭრობთ არანიშური პროდუქციით, ან ახალი დაწყებული გაქვთ ბიზნესი და ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა გსურთ, მარკეტფლეისები თქვენთვის იდეალური სივრცეა.

თუ მაინც გული გწყდებათ ექსკლუზიური სივრცის არარსებობაზე, მარკეტფლეისსა და ხელით დაწერილ საიტს შორის შუალედი შეგვიძლია შემოგთავაზოთ - პერსონალური ონალინ მაღაზიები, რომელთა შექმნაც მზა პლატფორმებზე შეგიძლიათ. ასეთებია ყველასთვის ნაცნობი WordPress WooCommerce, Shopify და ქართული ბაზარზე - Storera.ge. ეს საიტები გთავაზობენ მრავალნაირ ფლაგინს, რომლებიც ჯადოსნური ჯოხის ფუნქციას ასრულებენ - მათი დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავის ბიზნესზე მორგებული ონლაინ მაღაზიის აწყობა განსაკუთრებული ტექნიკური უნარების გარეშე. აქ ასევე გაქვთ დიზაინის არჩევის და ვებ-გვერდის თქვენს გემოვნებაზე მოწყობის შესაძლებლობა, მართალია მცირედი შეზღუდვები აქაც არის, მაგრამ მარკეტფლეისებისგან განსხვავებით პერსონიფიცირებას გარკვეულწილად მაინც შეძლებთ.

ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, ამ პლატფორმებსაც აქვთ მცირე მინუსები. აქ თავად გიწევთ ისეთი იურიდიული საკითხების მოგვარება, როგორებიცაა ხელშეკრულებები გადამზიდ კომპანიასთან, გადახდების მოგვარება, დაბრუნების პოლიტიკის მოწესრიგება და ა.შ.

ონლაინ ვაჭრობის მესამე, თავისი სიმარტივის გამო ყველაზე პოპულარული გზა Facebook გაყიდვებია. ეს ერთი შეხედვით მარტივი, თორემ კარგად თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ციფრული რეკლამირების ცოდნის გარეშე ამ სივრცეში საკმაოდ რთულია მისწვდეთ თქვენს აუდიტორიას. მაშინ, როცა სოციალური ქსელები უამრავი ინფორმაციითა გადატვირთული, ხოლო Meta ყოველდღიურად ხვეწავს თავის ალგორითმს, საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ახლადშექმნილმა გვერდმა პოპულარობას მიაღწიოს. ამ საფეხურის გავლის შემდეგ კი მუდმივი აქტიურობაა საჭირო, რომ მომხმარებლების ფიდიდან არ გაქრეთ. მიუხედავად კარგად გამართული FB გვერდისა და ამ პლატფორმაზე ვაჭრობის პოპულარულობისა, მომხმარებლებში ნდომა მაინც დაბალია. ამ უნდობლობას კომპლექსური მიზეზები აქვს: ფოტოებზე მითითებული არ არის ფასები, მომხმარებელმა არ იცის, ზუსტად როდის მიუტანს კურიერი ამანათს, არ არსებობს დაზიანებული ან არასწორად მიტანილი ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკის კონტროლი, არ არსებობს გარანტია, რომ ნივთი აუცილებლად ჩაბარდება მყიდველს და ა.შ. ერთი სიტყვით, მომხმარებლისთვის ბევრად მარტივია მოწესრიგებულ საიტზე სორტირებისა და ფილტრის დახმარებით მოძებნოს სასურველი ნივთი, ნახოს მისი დეტალური აღწერა, ფასი, მიწოდების პირობები და რამდენიმე კლიკით შეიძინოს პროდუქცია, ხოლო პრობლემის გამოჩენის შემთხვევაში არსებობს იურიდიული ბერკეტებიც.

არ იფიქროთ, რომ FB გაყიდვები უსარგებლო დროის კარგვაა და ამ პრაქტიკას მხოლოდ მინუსები აქვს. უბრალოდ ვებ-გვერდებისგან განსხვავებით აქ ბევრი ხარვეზი იჩენს თავს. მაგრამ თუ თქვენ მცირე ვაჭრობას ეწევით, გყვათ აქტიური, სანდო აუდიტორია და მათთვის ლოკალური საკურიერო მომსახურების შეთავაზებაც შეგიძლიათ, მაშინ Facebook ნამდვილად დაგეხმარებათ ბიზნესის წარმოებაში.

ხოლო თუ მაინც ონლაინ ვაჭრობისთვის ვებ-გვერდს შექმნით, გახსოვდეთ, რომ Onway.ge-ს ფლაგინის ინტეგრირება მარტივად შეგიძლიათ. ჩვენი ფლაგინის დაინსტალირების შემდეგ თქვენს მაღაზიაში შემოსული შეკვეთები ჩვენთან აისახება, სისტემა კი დაგიბრუნებთ თრექინგის ნომერსა და ამანათის სტატუსს. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს თვალი ადევნოს თავის შეკვეთას ლაივ რეჟიმში.

აჩქარებული ყოველდღიურობის რეჟიმში მომხმარებელთა მოლოდინები მზარდია, ხოლო მათთვის ფეხის აწყობა - ბიზნესის წარმატების საწინდარი. ამიტომ სანამ ონლაინ ვაჭრობას დაიწყებთ, კარგად შეისწავლეთ გზები, რომლითაც გსურთ აუდიტორიას მისწვდეთ და შეარჩიეთ ის, რომელიც ერგება როგორც თქვენი ბიზნესის სპეციფიკებს, ასევე მომხმრებლების მოთხოვნებსაც.

მიწოდების კალკულატორი