გააზიარე

ონლაინ ვაჭრობა და მომხმარებლის უფლებები

თვეში რამდენჯერ ვაჭრობ ონლაინ? შეიძლება, შენც ხარ იმ მომხმარებლების რიცხვში, რომლებსაც ონლაინ შენაძენმა იმედი გაუცრუა - პროდუქტი წუნიანი იყო, არ შეესაბამებოდა აღწერას, რომელიც საიტზე დაგხვდა, ან სულაც საერთოდ სხვა ნივთი მიიღე. ასეთ დროს როგორ იქცევი? ონლაინ შოპინგი ერთი-ერთი საუკეთესო რამეა, რაც სამყაროს გაციფრულებამ მოგვიტანა, მაგრამ ასეთი კომფორტული პროცესის დროსაც საჭიროა ყურადღება არ მოვადუნოთ და ჩვენი, როგორც მომხმარებლების უფლებები ვიცოდეთ.

მომხმარებელმა, პირველ რიგში,  სწორად უნდა შეარჩიოს ონლაინ მაღაზია. კანონის მიხედვით, ონლაინ მაღაზიას აქვს ვალდებულება თავისი იურიდიული დასახელება და საკონტაქტო მონაცემები განათავსოს საიტზე. აუცილებლად გადაამოწმე ეს მონაცემები. თუ Facebook გვერდიდან აკეთებ შეკვეთას, დარწმუნდი, რომ თანხას ბიზნეს სუბიექტს ურიცხავ და გამოართვი მომწოდებელს ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორც მომხმარებელს, უფლება გაქვს მიიღო მკაფიო და ზუსტი ინფორმაცია იმ პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ, რომელთა შეძენაც გსურთ. ეს მოიცავს დეტალებს ნივთის მახასიათებლების, სპეციფიკაციების, ფასებისა და ნებისმიერი საკომისიოს შესახებ, როგორიცაა ტრანსპორტირება ან სხვა გადასახადები.

მომხმარებელს შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე პროდუქციის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. გახსოვდეს ისიც, რომ მომწოდებელს უფლება აქვს, არ დაიბრუნოს ნივთი, თუ შენი მხრიდან იქნება დარღვეული კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, მაგალითად, პროდუქტი უკვე გამოიყენე, ან შემთხვევით დააზიანე, პროდუქტი დამზადებულია სპეციალური შეკვეთით, შესყიდული პროდუქცია მალფუჭებადია და ა.შ. შესყიდვის დაწყებამდე დრო დაუთმე საქონლის აღწერილობას, შეფასებებსა და გაეცანი ნივთის დაბრუნების პოლიტიკას.

პირადი და ფინანსური ინფორმაციის დაცვა უმთავრესია ონლაინ ყიდვისას. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს გადახდის უსაფრთხო პროცესი და დაიცვას შენი პირადი მონაცემები. პროდუქტის შეძენამდე დარწმუნდი, რომ ვებსაიტი, რომელზეც ახორციელებ ტრანზაქციას, იყენებს ისეთ “ხელსაწყოებს”, რომლებიც იცავს მონაცემებს გაჟონვისა თუ მოპარვისგან. ამ ხრიკებს მომდევნო ბლოგში გასწავლით. შეიძინე ნივთი მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად გეცოდინება, რომ შენი საბანკო მონაცემები სანდო ხელშია.

თუ მიღებული პროდუქტი წუნიანია, დაზიანებული ან არ ემთხვევა გამყიდველის მიერ მოწოდებულ აღწერას, უფლება გაქვს მოითხოვო ჩანაცვლება ან თანხის უკან დაბრუნება. ეს ბერკეტი იცავს მომხმარებლებს იმისგან, რომ არ გახდნენ შეცდომაში შემყვანი რეკლამის მსხვერპლნი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  არსებობს ისეთი ნივთები, რომელთა დაბრუნებაც არ შეიძლება, მაგალითად, პირადი მოხმარებისა თუ ჰიგიენური სახის საქონელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნივთის ჩაბარებამდე კარგად დააკვირდე მას და გამოთვა პრეტენზია ასეთი საფუძლის არსებობის შემთხვევაში.

რაც მთავარია, შენ გაქვს სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის უფლება მთელი სავაჭრო პროცესის განმავლობაში. როგორც მომხმარებელს, უფლება გაქვს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დახმარებით ამომწურავად გაეცნო პროდუქტის მახასიათებლებს, მიწოდების სავარაუდო ვადების, ანგარიშსწორების დეტალებისა და ა.შ. ნებისმიერი პრობლემური შემთხვევისას კი მოითხოვო საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ.

ელექტრონული კომერციის მარეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს კონკურენციის ეროვნული სააგენტო. დავის შემთხვევაში, შეგიძლია მიმართო აღნიშნულ ორგანოს და მოითხოვო სადავო საკითხის განხილვა. სააგენტო განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწყებს მის შესწავლას 1 თვის ვადაში. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა, რის შესახებაც ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე მომსახურების მიმწოდებელს. „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის შესწავლის წესებს შეგიძლია დეტალურად ამ ლინკზე გაეცნო. 

ბოლოსთვის იმასაც გეტყვით, რომ ინფორმაცია, რომელიც ახლახან მიიღე, გადამოწმებული და დადასტურებულია ჩვენი მეგობარი იურიდიული კომპანიის, Bezhashvili Law Firm-ის მიერ. მოკლედ, როცა შენი უფლებები იცი, დაცული ხარ პოტენციური რისკებისა და გაურკვევლობისგან. გამოიჩინე სიფრთხილე ონლაინ ვაჭრობისას და ისარგებლე მხოლოდ სანდო საიტებით, მაგრამ პარალელურად გახსოვდეს, რომ უფლებები მომწოდებელსაც აქვს და პატივი ეცი შენი საყვარელი კომპანიის პოლიტიკასაც. 

მიწოდების კალკულატორი