გააზიარე

ონვეი და ენიმალ პროჯექტი დამეგობრდნენ

სანამ Onway.ge-სა და “პროექტი ცხოველებისთვის” დამეგობრების დეტალებს გამცნობთ, მანამდე ცოტას “ენიმალ პროჯექტზე” მოგიყვებით. Animal Project 2020 წელს, სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების მქონე ცხოველების მოყვარულმა ადამიანებმა დააარსეს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემის - ძაღლებისა და კატების ჰიპერპოპულაციის აღმოფხვრა. იმაზე მეტი ცხოველის გამრავლება, ვიდრე მათი აყვანის მსურველია, მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების არსებობის მთავარი მიზეზია. “ენიმალ პროჯექტის” გუნდი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებასა და განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს და  კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

“კატებისა და ძაღლების ჰიპერპოპულაცია და მიუსაფრები ქუჩაში მოსახლეობის ერთი-ერთი ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევაა. საბედნიეროდ, არსებობს განვითრებული ქვეყნების წარმატებული სტრატეგიები, რომელთა აღსრულებითაც სახელმწიფოს შეუძლია ამ პრობლემის სრულად აღმოფხვრა. თუმცა, გრძელვადიანი პროცესების დაგეგმვის პარალელურად, მოსახლეობისთვის მუდმივი სატკივარია ქუჩაში მიტოვებული ცხოველების გამოკვება და დაავადებული/დაზიანებული ცხოველების მკურნალობა. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე სამოქალაქო სექტორი ვერ შეძლებს ამ საკითხებთან მარტო გამკლავებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა onway-სგან მიღებული თანამშრომლობის შეთავაზება. მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ საქართველოს სხვადასხვა წერტილში სწრაფად გავგზავნოთ საკვები და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ქუჩაში ცხოვრებას შეუმსუბუქებს, მათზე მზრუნველ მოსახლეობას კი ფინანსურად და მორალურად დაეხმარება.” - ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.

“ონვეი”, როგორც საკურიერო კომპანია, ცდილობს ახალი, უკეთესი სტანდარტები დააწესოს. სწორედ ამას ემსახურება მისი დამეგობრება “ენიმალ პროჯექტთან”. მათი თანამშრომლობის ფარგლებში “ონვეი” უფასოდ გადაზიდავს სხვადასხვა კომპანიებისა თუ ინდივიდუალური პირების მიერ მიუსაფარი ცხოველებისთვის შემოწირულ საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს, უზრუნველყოფს ქველმოქმედების ლოგისტიკას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, რომელიც საქართველოში დგას, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. მის მოგვარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, კომპანიების ჩართულობა. როგორც ცხოველთა მოყვარული და განსაკუთრებით მიუსაფარ ცხოველთა გულშემატკივარი, გამუდმებით თვალს ვადევნებ პროცესებს და ვიცი, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ლოგისტიკა - საქველმოქმედო ორგანიზაციებში შემოსული პროდუქციის მიწოდება ბენეფიციარებისთვის მთელ საქართველოში. სწორედ აქ დავინახე ჩვენი, როგორც ლოგისტიკური კომპანიის როლი და სოციალური პასუხისმგებლობა. მიხარია, რომ ჩვენი საქმიანობით სულ მცირედით მაინც შევძლებთ მიუსაფარი ცხოველების ცხოვრების გაუმჯობესებას და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ისეთ საქართველოში გავიღვიძებთ, სადაც ყველა მიუსაფარი დაბინავებული იქნება." - თამარ გოგოლაშვილი, Onway-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

იმედია, “ონვეისა” და “ენიმალ პროჯექტის” მეგობრობა სხვა კომპანიების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის მოტივაციად იქცევა, რაც, თავისთავად, კიდევ მეტ სიკეთეს მოუტანს მიუსაფარ ცხოველებს.

მიწოდების კალკულატორი